ფეხბურთი

2:24 | 14.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა კვეკვესკირი: "საქართველოს ხელს მხოლოდ საქართველო თუ შეუშლის"

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ნიკა კვეკვესკირმა ანდორასთან (3:0) თამაში შეაფასა. კვეკვესკირის განცხადებით, ისეთი თამაში გამოდგა, როგორც მოელოდნენ.

„დღევანდელი თამაში ყველასთვის მოსალოდნელი სცენარით განვითარდა, რადგან ზუსტად ვიცოდით, რომ როგორ მონახაზს აირჩევდა ანდორა. ვიცოდით, რომ ბურთი ჩვენ გვექნებოდა და საბედნიეროდ გადავლახეთ მეტოქის რამდენიმე ბარიერი დაცვაში და გავიტანეთ სამი გოლი. შესაბამისად, ცასლახად დადებითად შემიძლია შევაფასო ეს თამაში.

ხარისხი? - უკეთესი ყოველთვის შეიძლება, მაგრამ სანაკრებო დონე გათანაბრდა ევროპაში და რთულია ასეთი გუნდების წინააღმდეგ თამაში. შეტევა გაცილებით რთულია, ვიდრე დაცვა. ამიტომ, საქართველოს ნაკრები ცდილობს, ქმნის მომენტებს და იყენებს კიდეც. მემგონი ხალხი არ უნდა იყოს უკმაყოფილო, რადგან არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ სამი ტურის შემდეგ 9 ქულა გვქონდეს, ვიყოთ პირველ ადგილზე. თეორიული შანსი სანამ აქვთ სხვა გუნდებს, რა თქმა უნდა, იბრძოლებენ, რადგან ერთა ლიგა უნიკაური შანსია. მაგრამ, ალბათ ყველანი ვხვდებით, რომ რაც უნდა ლამაზი სიტყვები ვიძახოთ, მხოლოდ საქართველოს ნაკრებს შეუძლია საკუთარ თავს ხელი შეუშალოს. ახლა ლატვიასთან რთული თამაში გველოდება. მე პირადად მაინტერესებს, როგორ გავუძლებთ ლიდერობის წნეხს და შეგვიძლია თუ არა, ზედიზედ მეოთხე თამაშის მოგება.

პირველ ტაიმში მეტყობოდა კიდეც, რომ სასურველ კონდიციებში არ ვიმყოფები. რთულია, როდესაც რაღაც პერიოდს გამოტოვებ, ტექნიკური ელემენტები უმაღლეს დონეზე შეასრულო და სწორედ ამ კომპონენტში გამიჭირდა თავიდან. მაგრამ მეორე ტაიმში ვიპოვე ჩემი თამაში და გუნდს დავეხმარე“, - თქვა კვეკვესკირმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მეოთხე ტურის შეხვედრას 16 ოქტომბერს, სტუმრად ლატვიასთან ჩატარებს.

0.115329