ფეხბურთი

22:10 | 13.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

100%-იანი საქართველო!

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის D დივიზიონის პირველ ჯგუფში შეუჩერებელია. ვლადიმირ ვაისის გუნდმა მორიგი სამი ქულა მიითვალა და ნახევარფინალურ სტადიას ძალიან მიუახლოვდა.

„ჯვაროსნების“ უპირატესობა ანდორის ნაკრებთან ეჭვს არ ბადებდა და დამსახურებულადაც მოიგო. იყო ხარვეზები, მაგრამ მთლიანობაში ისეთი თამაში გამოდგა, ნერვიულობა რომ არ მოგვიწია. მიუხედავად იმისა, რომ 84-ე წუთამდე ერთბურთიანი გახლდათ სხვაობა. უბრალოდ, თამაშის სცენარიდან გამოდინარე ნათელი იყო, რომ მეტოქე გოლის გამტანი არ გახლდათ.

როგორც მოსალოდნელი იყო, პირველი ტაიმი მთლიანად ქართველ ფეხბურთელთა უპირატესობით დაიწყო. ანდორა საკუთარ საჯარიმოსთან განლაგდა და შეტევაში ბედის ძიებას არც აპირებდა. თუმცა ერთი სახიფათო მომენტი მაინც შექმნა. მე-11 წუთზე მარსიო ვიეირას დარტყმულზე რომ არა გიორგი ლორიას კარგი რეაქცია, ვინძლო, ანგარიში გაიხსნებოდა. ლორიამ უსიამოვნებისგან გვიხსნა. იქამდე, საქართველოსაც შეეძლო გატანა. კაკაბაძე-ჩაკვეტაძის კარგ კომბინაციას ნიკა კაჭარავა აგვირგვინებდა, მაგრამ მეკარემ აჯობა.

მერე კი იყო გურამ კაშიას თავური. ბურთმა კარის ძელს ოდნავ ჩაუარა. მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტები ვლადიმირ ვაისის გუნდმა მერეც შექმნა. ყაზაიშვილის დარტყმა მეტისმეტად სუსტი გამოდგა, ხოლო ჯაბა კანკავას მეკარემ აჯობა. გამორჩეულად სახიფათო გამოდგა სოლომონ კვირკველიას თავური და ჟოზეფ გომესმა ისევ დამაჯერებლად ითამაშა, თავისი გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა.

33-ე წუთზე ანგარიში მაინც გაიხსნა. ეს ლოგიკური იყო თამაშის სურათიდან გამომდინარე. საჯარიმოში ჩაკვეტაძემ ჩააწოდა, იქ კი, ოთარ კიტეიშვილმა იბრძოლა და საბოლოოდ ბურთი ყაზაიშვილს მიუვიდა. ვაკომ გაისწორა და ლამაზი გოლი გამოუვიდა - 1:0. პირველ ნახევარში მეტი გამოსარჩევი არც არაფერი მომხდარა.

სამაგიეროდ, ქართველმა აქტივობით დაიწყო მეორე ტაიმიც. მაგარი შანსი ჰქონდა ჯაბა კანკავას, რომელმაც კიტეიშვილმა იდეალური გადაცემა გაუკეთა. თუმცა, „ჯვაროსნების“ კაპიტანმა 5 მეტრიდან თავურით ვერ შეაგდო. არ დავუკარგოთ გარჯა ანდორელთა კიპერ გომესს, რომელმაც საოცარი რეაქცია გამოვლინა და კუთხურზე მოიგერია. ამ კუთხურსაც მოჰყვა ხიფათი. ჩაკვეტაძემ საჯარიმოს მისადგომებთან კარგად ჩამოიცილა მცველი და სივრცე გაითავისუფლა, მაგრამ სამწუხაროდ, დარტყმამ ვერ ივარგა და ეპიზოდიც განიავდა.

მეორე ტაიმს პირველის ანალოგი გამოდგა. საქართველოს ნაკრები ბურთს ფლობდა და მეტოქის ნახევარზე იყო დამკვიდრებული, თუმცა, საწყისი აქტიურობის შემდეგ სახიფათო მომენტის შექმნა უჭირდა. 68-ე წუთზე ვაისმა თამაშიდან კიტეიშვილი მოხსნა და ჯანო ანანიძე შევიდა მინდორზე. ჯანოს გამოჩენას გულშემატკივრები აპლოდისმენტებით შეეგებნენ. 74-ე წუთზე კი „ჯვაროსნების“ ჩინებული კომბინაცია ლამის გოლით დასრულდა. უბრალოდ, გიორგი ნავალოვსკის ბოლო დარტყმა არ გამოდგა ზუსტი. ისე კი, მართლაც მაგარი კომბინაცია იყო.

ბუნებრივია 1:0 სანერვიულო ანგარიში გახლდათ და დასამშვიდებლად მეორე გოლი იყო საჭირო. გავიდა კიდეც. ისევ ყაზაიშვილი, რომელმაც ნიკა კვეკვესკირის ჩინებული გადაცემის შემდეგ იხეირა. ნიკამ ანდორელთა დაცვის ცენტრი შუაზე გატეხა და ვაკოც კარგად გაისარჯა. მცველისგან გათავისუფლდა და მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა შეასრულა.

შეხვედრის ბოლო აკორდი კაკაბაძის ფლანგური პასი და კანკავას ზუსტი თავური იყო - 3:0. სრულიად ლოგიკური ანგარიში, რომელიც ნათლად ასახავდა იმას, რაც მოედანზე ხდებოდა 90 წუთის განმავლობაში. ჯაბას გოლის შემდეგ მსაჯმა შეხვედრა აღარც განაახლა.

ამრიგად, საქართველოს ნაკრები ერთა ლიგაზე უდანაკარგო ასპარეზობას აგრძელებს. თანაც, გოლიც არ გაუშვია და ესეც დასაფასებელია. უპირატესობა კი კიდევ უფრო გაიზარდა. ტენდეცია კი შენარჩუნდა - ჩვენს ჯგუფში მხოლოდ საქართველო იგებს! პარალელურად რიგაში, ლატვია და ყაზახეთი დაზავდნენ.

შედეგად, საქართველოს 9 ქულა აქვს, ხოლო შემდეგ მოდიან ანდორა, ლატვიადა ყაზახეთი 2-2 ქულით. ვლადიმირ ვაისის გუნდი მეოთხე ტურში 16 ოქტომბერს, რიგაში, ლატვიას დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაში პირველ ადგილს ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ორი ტურით ადრე გაიფორმებს...

საქართველო - ანდორა 3:0 (1:0)

თბილისი, „დინამო არენა“

მაყურებელი: 45 000

საქართველო (4-2-3-1): ლორია; კაკაბაძე, კაშია, კვირკველია, ნავალოვსკი; კანკავა, კვეკვესკირი; ჩაკვეტაძე (ჭანტურიშვილი 90), კიტეიშვილი (ანანიძე 68), ყაზაიშვილი; კაჭარავა (გვილია 81)

მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი

ანდორა(4-4-2): გომესი; ხესუს რუბიო (ჟორდი რუბიო 88), ლოვერა (გარსია 45), ილდეფონს ლიმა, სან ნიკოლასი; როდრიგესი, რებესი (პუიოლი 78), ვალესი, სერვოსი; ვიეირა, მარტინესი

მწვრთნელი: კოლდო ალვარესი

გოლები: 1:0 ყაზაიშვილი (33), 2:0 ყაზაიშვილი (84), 3:0 კანკავა (90)

გაფრთხილება: კიტეიშვილი (38) - მარტინესი (28), რებესი (33), გარსია (51), როდრიგესი (60)

გაძევება: ვიეირა (90)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 15 (7) – 4 (1) ბურთის ფლობა: 77%-23% კუთხურები: 12:0 თამაშგარე: 1:0

მსაჯი: ლეონტიოს ტრატუ (კვიპროსი)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.274064