ანტონიო კასანომ საფეხბურთო კარიერა დაასრულა. უკვე მესამედ. 36 წლის ფეხბურთელმა ამის შესახებ სოციალურ ქსელში გააკეთა განცხადება.
„ძვირფასო მეგობრებო! მადლობელი ვარ „ენტელას“ პრეზიდენტის, რომელმაც მომცა შესაძლებლობა, რომ დიდ ფეხბურთში დავბრუნებულიყავი, მაგრამ ვიგრძენი, რომ არ შემიძლია სრულად მზად ვიყო. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვისთანაც კარიერის განმავლობაში შეხება მქონია. ფეხბურთელებს, მწვრთნელებს, პრეზიდენტებს. იმათაც, ვისთანაც ურთიერთობაშიც ხარვეზები მქონია. განსაკუთრებით კი გულშემატკივრებს. ფეხბურთმა ყველაფერი მომცა, მაგრამ ახლა დროა ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დავიწყო“, - თქვა ანტონიომ.
ანტონიო კასანომ ბოლოს ოფიციალური თამაში „სამპდორიას“ რიგებში 2016 წელს ჩაატარა და კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა. თუმცა, 2017 წელს „ვერონაში“ დაიწყო ვარჯიში, სიადანაც ორი კვირის შემდეგ წავიდა და იევ გააკეთა განცხადება ფეხბურთიდან წასვლის შესახებ.
რამდენიმე დღის წინ კი „ფანტანტონიომ“ სერია C-ს ბინადარ „ვირტუს ენტელაში“ დაიწყო ვარჯიში, მაგრამ ესეც ხანმოკლე გამოდგა.
კარიერის განმავლობაში კასანოს „ბარის“, „რომას“, „რეალის“, „სამპდორიას“, „მილანის“, „ინტერისა“ და „პარმას“ რიგებში უთამაშია. იტალიის ნაკრებში კი 39 შეხვედრაში 10 გოლის გატანა მოახერხა.