ჭიდაობა

14:37 | 13.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლერი ხაბელოვი: “ხშირად ვამბობდი, რომ ბუენოს აირესში აუცილებლად ავიღებდით ოქროს მედალს და ჩემი პროგნოზი გამართლდა”

როგორც უკვე ვიუწყებოდით, 2018 წლის 12 ოქტომბერს, არგენტინაში, ბუენოს აირესში, ისტორიული ამბავი მოხდა – 17 წლის ქართველი ფალავანი გიორგი ჩხიკვაძე (60 კგ.) ახალგაზრდული ოლიმპიურ თამაშების ჩემპიონი გახდა. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ჩვენი ქვეყნის სპორტსმენმა ახალგაზრდული ოლიმპიადის ოქროს მედლის მოპოვება შეძლო.

ჩხიკვაძემ არგენტინაში სულ სამი ბრძოლა გამართა: პირველ წრეში ქულებით აჯობა ძლიერ სომეხ მეტოქეს, საჰაკ ივანესიანს, მეორეში წმინდად მოუგო ალჟირელ აჰმედ მერიხის, ფინალში კი ვადაზე ადრე დაამარცხა ყირგიზი ელმირბეკ სადიროვი.
ოქროს მედლის მოპოვების რეალური შანსი ჰქონდა ჩვენს კიდევ ერთ მოჭიდავეს – გიორგი თოხაძეს (51 კგ.), რომელმაც ორი მეტოქის დამარცხებას ორიოდ წუთი მოანდომა და ფინალში იაპონელ ვატარუ სასაკის შეხვდა. პირველ პერიოდში თოხაძე 7:0 იგებდა, მაგრამ სოლიდური უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლო და ეს დრამატული ბრძოლა 7:11 დათმო. თოხაძემ ოლიმპიადის ვერცხლის მედალი მიიღო.
გარდა მოჭიდავეებისა, 12 ოქტომბერს ოლიმპიურ თამაშებში ჩაებნენ უროს მტყორცნელი გიორგი კეკიშვილი და თანამედროვე ხუთჭიდელი გაგა ხიჯაკაძე.
კეკიშვილმა საკვალიფიკაცო ეტაპზე სამი ცდა გამოიყენა, მისი საუკეთესო მაჩვენებელი კი 65.08 მეტრი იყო, რაც მე-14 შედეგი აღმოჩნდა. რაც შეეხება ხიჯაკაძეს, მან ხუთჭიდის პირველ დისციპლინაში – ფარიკაობაში 194 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილში, ჯერჯერობით, მე-20 პოზიციაზეა.
საქართველოს ოლიმპიური დელეგაციას ოლიმპიადის სტარტიდან ექვსი დღის შემდეგ აქტივში 5 მედალი აქვს – 1 ოქრო, 3 ვერცხლი და 1 ბრინჯაო.
“ეს ძალიან კარგი შედეგია და აღემატება წინა ორ ოლიმპიადაზე აღებული მედლების ჯამს. რაც მთავარია, ჩვენ უკვე გვყავს ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი და მინდა, ეს გამარჯვება მივულოცო თავად გიორგი ჩხიკვაძეს, მის მწვრთნელებს, ჭიდაობის ფედერაციას, ქართული სპორტის ყველა გულშემატკივარს.
მე ხშირად ვამბობდი, რომ ბუენოს აირესში აუცილებლად ავიღებდით ოქროს მედალს და, როგორც ხედავთ, ჩემი პროგნოზი გამართლდა”, - აღნიშნა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა.

0.142561