უეფას ერთა ლიგის გათამაშება გრძელდება. ამჯერად, ოთხივე ლიგაში 7 შეხვედრა გაიმართა და აღსანიშნავია, რომ საკმაოდ მწირშედეგიანობით გამოირჩა. შვიდ თამაშში 9 გოლი მაინც და მაინც სახარბიელო შედეგი ნამდვილად არ უნდა იყოს...
A ლიგა, II ჯგუფი
A ლიგის მეორე ქვეჯგუფში ბელგიის ნაკრებმა უშუალო კონკურენტი შვეიცარია დაამარცხა და ფინალური სტადიისკენ სოლიდური ნაბიჯიც გადადგა. „წითელმა ეშმაკებმა“ გამარჯვება რომელუ ლუკაკუს ჩინებული გარჯის წყალობით მოიპოვეს, რომელმაც დუბლი გაიფორმა. მათ შორის, მეორე, გადამწყვეტი გოლი თამაშის დასრულებამდე 6 წუთით ადრე შეაგდო. არადა, შვეიცარიამ იქამდე მოახერხ გათანაბრება და ქულასთანაც ახლოს იყო, მაგრამ...
ბელგია ორი ტურის შემდეგ უდანაკარგოდ ლიდერობს ჯგუფს, ხოლო შვეიცარიას3 ქულა აქვს.
ბელგია - შვეიცარია 2:1 (0:0)
გოლები: 1:0 ლუკაკუ (58), 1:1 გავრანოვიჩი (76), 2:1 ლუკაკუ (84)
მომდევნო ტური - 15 ოქტომბერი
ისლანდია - შვეიცარია
A ლიგა, IV ჯგუფი
ამავე ლიგაში, ოღონდ მეოტხე ჯგუფში გამორჩეული მატჩი შედგა. უფრო სწორად გამორჩეული უნდა ყოფილიყო, მაგრამ... მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ხორვატია ინგლისს დაუხვდა. დაუხვდა ცარიელი ტრიბუნების ფონზე, რადგან გულშემატკივრებს დისკვალიფიკაცია ჰქონდათ. თამაშიც ასეთივე გამოდგა. ერთობ დუნე და უხარისხო. შედეგად, რა გასაკვირია, რომ გოლი არ გასულა.
ორი ტურის მერე აქ პრაქტიკულად ყველაფერი გარკვეულია: ესპანეთს 6 ქულა აქვს და ინგლის-ხორვატიას თითო-თითო. ერთი ის დარჩა პასუხ გასაცემი, ვინ გავა ბოლო ადგილზე და შესაბამისად ქვედა ლიგაში გადაინაცვლებს.
ხორვატია - ინგლისი 0:0 (0:0)
მომდევნო ტური - 15 ოქტომბერი
ესპანეთი - ინგლისი
B ლიგა, III ჯგუფი
ერთა ლიგაზე პირველი გამარჯვება იზეიმა ავსტრიის ნაკრებმა, რომელმაც საკუთარ მოედანზე ჩრდილოეთ ირლანდია მძიმე ბრძოლაში მარკო არნაუტოვიჩის კინკილა გოლით დაამარცხა.
მიუხედავად იმისა, რომ მეორე ტურში ისვენებდა, ჯგუფს ბოსნია ლიდერობს 6 ქულით. აი, ჩრდ. ირლანდია კი უქულოდ ბოლო საფეხურზე იმყოფება.
ავსტრია - ჩრდ. ირლანდია 1:0 (0:0)
გოლი: 1:0 არნაუტოვიჩი (71)
მომდევნო ტური - 15 ოქტომბერი
ბოსნია - ჩრდ. ირლანდია
C ლიგა, II ჯგუფი
C ლიგის მეორე ჯგუფს ფინეთის ნაკრები ლიდერობს. თანაც, ისე, რომ ჯერ ქულაც არ დაუკარგავს და გოლიც არ გაუშვია. ფინელებმა წინა ორი მატჩის მსგავსად ახლაც 1:0 იმარჯვეს. ამჯერად, სტუმრად ტალინში. ერთადერთი გოლი კი ბოლო წუთზე ტეემუ პუკიმ გაიტანა.
ამავე ქვეჯგუფის მეორე თამაშის ბედიც ერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც ბერძენმა კოსტას მიტროღლუმ უნგრელთა კარში გაიტანა. შედეგად, ფინეთი 9 ქულით ლიდერია, საბერძნეთს 6, უნგრეთს 3, ხოლო ესტონეთს ნული ქულა აქვს.
ესტონეთი - ფინეთი 0:1 (0:0)
გოლი: 0:1 პუკი (90)
საბერძნეთი - უნგრეთი 1:0 (0:0)
გოლი: 1:0 მიტროღლუ (65)
მომდევნო ტური - 15 ოქტომბერი
ფინეთი - საბერძნეთი
ესტონეთი - უნგრეთი
D ლიგა, II ჯგუფი
და ბოლოს, ჩვენთვის ყველაზე საინტერესო, D ლიგა. აქაც ერთ ჯგუფში შედგა მატჩები, კერძოდ მეორე ქვეჯგუფში და ლიდერიც შეიცვალა.
აქამდე, ლუქსელბურგი უდანაკარგოდ ასპარეზობდა, მაგრამ ბელარუსთან სტუმრად წააგო და მეორე ადგილზე გადაინაცვლა. ლიდერობა კი თავად ბელარუსებმა ჩაიგდეს ხელში, რომელთაც შვიდი ქულა გაუხდათ (ლუქსემბურგს 6 ქულა აქვს).
მეორე თამაშში კი, მოლდოვამ უსუსტესი სან მარინო მოკრძალებულად, 2:0 დაამარცხა და პირველი თამაში მოიგო ერთა ლიგაზე.
ბელარუსი - ლუქსემბურგი 1:0 (1:0)
გოლი: 1:0 საროკა (43)
მოლდოვა - სან მარინო 2:0 (1:0)
გოლები: 1:0 გინსარი (31), 2:0 გინსარი (67)
მომდევნო ტური - 15 ოქტომბერი
ბელარუსი - მოლდოვა
ლუქსემბურგი - სან მარინო