ფეხბურთი

21:40 | 12.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ქამ-ბექი ფინეთში (+VIDEO)

ევროპის 21 წლამდე ჩემპიონატის (2019 წლის) მესამე შესარჩევ ჯგუფში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა საქართველოს ნაკრებმა. მართალია გია ცეცაძის გუნდს იტალიაში გასამართი პირველობის ფინალურ ეტაპზე მოხვედრის შანსი კარგა ხანია დაკარგული აქვს, მაგრამ მაინც სასიამოვნოა, როდესაც წაგებულ თამაშს აბრუნებ და თანაც სტუმრად.

ამასთან, ამ გამარჯვებით პატარა „ჯვაროსნებმა“ ჯგუფში საპატიო მესამე ადგილისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს. ცეცაძის გუნდის მეტოქე სეინიაოკიში ფინეთის ნაკრები იყო. ამ ტურამდე ორივე გუნდს თანაბარი 9-9 ქულა ჰქონდათ და მესამე პოზიციისთვის ერთმანეთს ეცილებოდნენ.

უნდა ითქვას, რომ ქართველმა ფეხბურთელებმა დამსახურებულად მოიგეს. მართალია, ლუკა გუგეშაშვილმა 61-ე წუთზე პენალტი მოიგერია და ეს რომ ვერ გაეკეთებინა, დიდი ალბათობით, უქულოდ დავრჩებოდით, მაგრამ მაინც. ტაიმი ფინეთმა მოიგო ლაპალაინენის გოლით და როგორც უკვე ვთქვით თამაშის დაწყებიდან საათის თავზე გაორმაგებაც შეეძლო უპირატესობის, მაგრამ ყოჩაღად იმოქმედა ლუკამ. გორის „დილას“ კიპერმა თამაშის მიწურულს 1:1-ზეც მაგარი სეივი გამოაცხო. ამასობაში უსაქმოდ საქართველოს ნაკრებიც არ იყო შეტევაში და რამდნიმე სახიფათო მომენტი გააცუდა. ანგარიში კი 75-ე წუთზე გათანაბრდა. გიორგი კოხრეიძემ პენალტი მოინადირა, რომელიც ბექა მიქელთაძემ ზუსტად დაარტყა.

86-ე წუთზე კი, ცეცაძემ თამაშში ირაკლი ბუღრიძე ჩართო, რომელიც მატჩის გმირი გამოდგა. საერთოდაც, საჩხერის „ჩიხურას“ შემტევი ჩინებულ სეზონს ატარებს და ცოტა გასაკვირიც იყო, რომ მოედანზე 86-ე წუთამდე არ გამოჩნდა. თუმცა, მწირი დროც ეყო იმის დასამტკიცებლად, რომ მისი ნდობა შეიძლება. ირაკლი რამდენიმე წამის ჩართუი იყო შეხვედრაში გამარჯვების გოლი და თანაც ულამაზესი გოლი რომ შეაგდო. ბურთი მარჯვენა ფლანგზე მიიღო, მცველებს გასცდა და საკმაოდ მახვილი კუთხიდან ძლიერად და რაც მთავარია, მეკარისთვის აუღებლად დაარტყა - 1:2.

საქართველოს 21 წლამდე ნაკრებმა 2:1 მოიგო და 12 ქულა გაუხდა. ახლა წინ ბოლო ტურია, რომელშიც გია ცეცაძის გუნდი სტუმრად პოლონეთს დაუპირისპირდება (16 ოქტომბერს).

ფინეთი - საქართველო 1:2 (1:0) VIDEO

სეინიაიოკი, „სეინიაოკ არენა“

ფინეთი (4-1-3-2): კეტო; ნურმელა, ვაისანენი, იენსენი, ჰამალაინენი; დალსტრომი; სოისალო, ვერტაინენი (ალა-მულუმაკი 71), კაირინენი; ილატუპა (ნისილა 72), ლაპალაინენი (ნისკანენი 76)

მწვრთნელი: იუჰა მალინენი

საქართველო (3-4-1-2): გუგეშაშვილი; მარგველაშვილი, გიორგაძე, კობოური; შულაია, მამუჩაშვილი (სამურკასოვი 72), მაჭარაშვილი, (ბუღრიძე 86) გიორბელიძე; მიქელთაძე; კოხრეიძე, არველაძე (ქავთარაძე 59)

მწვრთნელი: გია ცეცაძე

გოლები: 1:0 ლაპალაინენი (19), 1:1 მიქელთაძე (75, პენ), 1:2 ბუღრიძე (87)

გაფრთხილება: ვერტაინენი (10), ჰამალაინენი (55), ალა-მულუმაკი (90) - მარგველაშვილი (67), გუგეშაშვილი (90), მიქელთაძე (90)

გამოუყენებელი პენალტი: ილატუპა (61, მეკარე)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 9 (4) – 12 (8) ბურთის ფლობა: 53%-47% კუთხურები: 2:4 თამაშგარე: 5:3

მსაჯი: მილოვან მილაჩიჩი (მონტენეგრო)

0.123194