ერთთვიანი პაუზის შემდეგ ერთა ლიგის გათამაშება განახლდა. ოქტომბრის პირველ სათამაშო დღეს A ლიგაში მხოლოდ ერთი თამაში ჩატარდა. პოლონეთში პორტუგალია ჩავიდა და ფინალური ოთხეულისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგა.
A ლიგა, III ჯგუფი
პორტუგალიის ნაკრები ერთა ლიგაზე კრიშტიანუ რონალდუს გარეშე თამაშობს, მაგრამ ფერნანდუ სანტუშის გუნდს ეს სულაც არ ეტყობა. პირველ ტურში იტალიასთან გამარჯვების ლუზიტანელებმა პოლონეთი მისსავე მოედანზე დაამარცხეს და თუ სასწაული არ მოხდა, ჯგუფს მოიგებენ.
არადა, თავიდან პოლონელები დაწინაურდნენ. ვინ გაიტანდა გოლს, თუ არა დიდებულ ფორმაში მყოფი კრჟიშტოფ პიოტნეკი. „ჯენოას“ ფორვარდი მოედანს უბრალოდ უგოლოდ არ ტოვებს. და, ვინ უპასუხებდა პორტუგალიელთა მხრიდან? - ანდრე სილვა. ისიც მაგარ სეზონს ატარებს და ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა. მერე იყო კამილ გლიკის ავტოგოლი და ბერნარდო სილვას გოლიც. ბოლოს პოლონეთმა გაიბრძოლა, მაგრამ თავი მარცხისგან ვერ დაიხსნა.
შედეგად, პორტუგალიას ორ ტურში 6 ქულა აქვს, ხოლო პოლონეთი და იტალია კინიკლა ქულით მეორე-მესამე ადგილებს იყოფენ.
პოლონეთი - პორტუგალია 2:3 (1:2)
გოლები: 1:0 პიოტნეკი (18), 1:1 ანდრე სილვა (31), 1:2 გლიკი (43, ა.გ), 1:3 ბერნარდო სილვა (52), 2:3 ბლაშჩიკოვსკი (77)
მომდევნო ტური - 14 ოქტომბერი
პოლონეთი - იტალია
B ლიგა, II ჯგუფი
აქ ერთი შეხვედრა გაიმართა და ისიც უგოლო. კალინინგრადში, რუსეთისა და შვედეთის ნაკრებებმა ქულები გაიყვეს, რამაც უფრო მასპინძელთა წისქვილზე დაასხა წყალი, რადგან სტანისლავ ჩერჩესოვის გუნდი ერთპიროვნული ლიდერია 4 ქულით. აი, სკანდინავიელებისთვის პირველი ქულა გამოდგა ერთა ლიგაზე. შუაში კი თურქეთის ნაკრებია 3 ქულით.
რუსეთი - შვედეთი 0:0 (0:0)
მომდევნო ტური - 14 ოქტომბერი
რუსეთი - თურქეთი
C ლიგა, I ჯგუფი
C ლიგის I ჯგუფში როი ტურის შემეგ აბსოლუტურად არაფერია გარკვეულია. ისრაელის ნაკრებმა მიუხედავად იმისა, რომ პირველი გაუშვა საკუთარ მოედანზე შოტლანდიისგან, თამაში შემოატრიალა და თავად გაიმარჯვა.
შედეგად, ებრაელებს, სქოთებსა და ამ სათამაშო დღისგან თავისუფალ ალბანეთს 3-3 ქულა აქვთ. შესაბამისად, ყველა კითხვას შემდეგი მატჩები გასცემენ პასუხს.
ისრაელი - შოტლანდია 2:1 (0:1)
გოლები: 0:1 მელგრიუ (25, პენ), 1:1 პერეტცი (52), 2:1 ტიერნი (75, ა.გ)
მომდევნო ტური - 14 ოქტომბერი
ისრაელი - ალბანეთი
C ლიგა, IV ჯგუფი
სამაგიეროდ, IV ჯგუფში გამოიკვეთა ლიდერი. ეს სერბეთის ნაკრებია, რომელმაც მონტენეგროს ნაკრები პოდგორიცაში უპრინციპულეს შეხვედრაში დაამარცხა. საერთო ჯამში სერბეთი გაცილებით მაღალი კლასის ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, ვიდრე მონტენეგრო და ეს თამაშმაც დაადასტურა. მიტროვიჩმა თითო ტაიმში თითო გოლი გაუტანა მასპინძლებს.
სერბეთის მთავარი კონკურენტი კი რუმინეთია, რომელმაც ლიეტუვას მისსავე მოედანზე ძალიან რთულ ბრძოლაში მოუგო. მასპინძლებმა ბოლო წუთზე გაათანაბრეს და თითქოს ქულა უნდა მოეპოვებინათ, მაგრამ ვლახებმა მსაჯის კომპენსირებულ დროში მაინც იძალეს.
ლიეტუვა - რუმინეთი 1:2 (0:1)
გოლები: 0:1 ჩიპჩუ (13), 1:1 ზულპა (90), 1:2 მაქსიმი (90)
მონტენეგრო - სერბეთი 0:2 (0:1)
გოლები: 0:1 მიტროვიჩი (19, პენ), 0:2 მიტროვიჩი (81)
მომდევნო ტური - 14 ოქტომბერი
რუმინეთი - სერბეთი
ლიეტუვა - მონტენეგრო
D ლიგა, III ჯგუფი
ჩვენთვის ყველაზე საინტერესო ერთა ლიგის გათამაშებაში მაინც D ლიგაა. მართალია, საქართველოს ნაკრებზე და საერთოდ მის ჯგუფზე ჯერ 13 ოქტომბერს მიდგება, მაგრამ იქამდე ბუნებრივია, სხვა ჯგუფების ამბებიც საინტერესოა, რადგან იქ პოტენციური მეტოქეები ირჯებიან.
პირველ სათამაშო დღეს მატჩები მხოლოდ III ჯგუფში შედგა. კოსოვოს ნაკრებმა დიდი ნაბიჯი გადადგა ფინალური სტადიისკენ. თავად განსაჯეთ, სამი ტურის შემდეგ ეს გუნდი ლიდერია და გაძნელდება მისთვის კონკურენციის გაწევა სხვებისთვის.
კოსოვოელებმა მორიგი სამი ქულა საკუთარ მოედანზე მალტასთან მიითვალეს, რომელიც კარგა ხანს გაუძალიანდა მეტოქეს, მაგრამ ბოლოს მაინც გატყდა და დამარცხდა.
კოსოვოს კონკურენტი ამ ჯგუფში აზერბაიჯანის ნაკრებია, რომელმაც საწყისი 2 ფრის შემდეგ გამარჯვება მოიპოვა. ჩვენმა მეზობელებმა კუნძულზე ფარერები პრობლემების გარეშე დაამარცხეს და შანსს ინარჩუნებენ თანაც რეალურს. ოღონდ, დიდი ალბათობით, ნოემბერში სტუმრად კოსოვოს დამარცხება დასჭირდებათ.
ფარერები - აზერბაიჯანი 0:3 (0:1)
გოლები: ალმეიდა (28), 0:1 ნაზაროვი (67), ალმეიდა (86, პენ)
კოსოვო - მალტა 3:1 (1:0)
გოლები: 1:0 კოლოლი (30), 1:1 აგიუსი (51), 2:1 მურიქი (68), 3:1 კოლოლი (81)
მომდევნო ტური - 14 ოქტომბერი
ფარერები - კოსოვო
აზერბაიჯანი - მალტა