ჩოგბურთი

18:00 | 10.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლოზ ბასილაშვილი: “ახლა ცოტას დავისვენებ და სეზონის დარჩენილი 2 ტურნირისთვის მოვემზადები”
ქართველი ჩოგბურთელი წლის საუკეთესო მოთამაშის ტიტულის პრეტენდენტთა შორისაა

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელსაც ჩინებული პერიოდი უდგას, მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. ბასილაშვილმა მოკლე განცხადება ფეისბუქის გვერდზე განათავსა და ქომაგებს მადლობა გადაუხადა.

“ჩინეთში შესანიშნავი დღეები გავატარე. ახლა ცოტას დავისვენებ და სეზონის დარჩენილი 2 ტურნირისთვის მოვემზადები. დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის და ასეთი თბილი წერილებისთვის”.
შეგახსენებთ, რომ 26 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა პეკინის 500-ანი კატეგორიის ტურნირზე გამარჯვება იზეიმა, შანხაის მასტერსზე კი 1 წრე დასძლია და ამჟამად, რეიტინგში, მისთვის სარეკორდო 23-ე პოზიცია იმყოფება.
წინასწარი ინფორმაციით, ბასილაშვილის შემდეგი გაჩერება ავსტრია იქნება, სადაც ის ვენის საერთაშორისო ტურნირში (22-28 ოქტომბერი) ჩაერთვება, 29 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე პერიოდში კი პარიზის მასტერსია დაგეგმილი.
ამასობაში, პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის ვებ-გვერდზე (https://www.atpworldtour.com/en/news/atp-awards-2018-fans-favourite) 2018 წლის საუკეთესო მოთამაშის გამოსავლენად გამოკითხვა დაიწყო და ქართველ ქომაგს ხმის მიცემა ნიკასთვისაც შეუძლია.

ცნობისთვის, ერთეულთა გამოკითხვაში ტოპ-ასეულის წევრები ფიგურირებენ, ხოლო წყვილებში საუკეთესოები მოწინავე 25-ეულიდან ირჩევიან. გამოკითხვა 2 ნოემბერს დასრულდება, თუმცა, უკვე 15 ოქტომბერს ის ჩოგბურთელები გამოვლინდებიან, ვინც ტიტულისთვის ბრძოლას განაგრძობენ.

0.107719