26 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა წარმატებული სერია შანხაის მასტერსის მე-2 წრეში დაასრულა. შეგახსენებთ, რომ ნიკას პეკინისა და შანხაის ტურნირების ჩათვლით, ზედიზედ 6 მატჩი ჰქონდა მოგებული, დღეს კი, Rolex Shanghai Masters-ზე მე-4 ნომრად განთესილ გერმანელ ალექსანდრ ზვერევს გაეჯიბრა და 5:7, 4:6 დამარცხდა.
ანგარიშიდანაც სჩანს, რომ უფრო მეტი ბრძოლა პირველ სეტში იყო, სადაც ქართველი ფავორიტად შერაცხულ მეტოქეს არაფრით ჩამოუვარდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ნიკოლოზმა პირველივე თავისი მოწოდება წააგო, მომენტალური უკუ-ბრეიკი შეასრულა და სეტის მიწურულამდე თანაბარი თამაში იყო. სამწუხაროდ, 5:5-ზე ჩვენებური ისევ დაბრეიკდა და ზვერევს საქმის ბოლომდე მიყვანა აღარ გასჭირვებია.
მე-2 სეტში ბასილაშვილის შეცდომების რაოდენობამ ძალიან იმატა, მას დაღლილობაც დაეტყო და ამაში გასაკვირი ნამდვილად არ ყოფილა. გერმანელმა ჩოგბურთელმა ადრეული ბრეიკი განახორციელა და მართალია, დარჩენილ დროში მეტოქეებმა ბრეიკ-პოინტები გაცვალეს, საკუთარი მოწოდება აღარ წაუგიათ.
საბოლოოდ, მატჩი საათსა და 33 წუთს გაგრძელდა და ნიკოლოზი მოწინააღმდეგეს ეისებში 9:12 ჩამორჩა, ამასთან კი 5 ორმაგი შეცდომა ჰქონდა. ქართველ ჩოგბურთელს გერმანელზე ოცდაერთით მეტი (36:15) უნებლიე შეცდომა მოუგროვდა, 5-დან 1 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, ზვერევმა კი 10-დან 3 ბრეიკ-პოინტი მიითვალა.
ამგვარად, ნიკამ შანხაის მასტერსზე 45 სარეტინგო ქულა გამოიმუშავა და ე.წ. “ლაივ-რეიტინგში” 1767 ქულით 23-ე ადგილზე იმყოფება, რაც მის კარიერაში საუკეთესო მაჩვენებელია.