საქართველოს ნაკრები ერთა ლიგისთვის მზადებას განაგრძობს და დღეს მეორე ვარჯიშიც გამართა. ამჯერად, სრული შემადგენლობით. ვლადიმირ ვაისის განკარგულებაში დღევანდელ წვრთნაში 24-ვე ფეხბურთელი გახლდათ.
მათ შორის, დებიუტანტი ლუკა ზარანდია, რომელმაც ვარჯიშის შემდეგ სფფ-ის პრესსამსახურთან კომენტარიც გააკეთა:
„მიხარია, რომ ეროვნულ ნაკრებთან ერთად ვარ. ყველა ფეხბურთელისთვის ეს დიდი მოტივაციაა. ვეცდები, რომ გუნდს სრულად დავეხმარო, თუ ამის შესაძლებლობა მექნება. საქართველოს ნაკრებისთვის ახლა მნიშვნელოვანი ეტაპია, ორი გამარჯვების შემდეგ კარგი სატურნირო მდგომარეობა გვაქვს და დარწმუნებული ვარ, ასე გავაგრძელებთ", - აღნიშნა ლუკამ.
აქვე გეტყვით, რომ "ჯვაროსნები" 8 ოქტომბერს, 15 ფეხბურთელით შეიკრიბნენ, ხოლო დღეს კიდევ 9 მოთამაშე შეუერთდა გუნდს. ერთ-ერთი გიორგი აბურჯანიაა:
„ერთა ლიგა ორი გამარჯვებით დავიწყეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მთავარ კონკურენტ ყაზახეთთან 5 ქულიანი უპირატესობა გვაქვს. რაც შეეხება ანდორას, მეტოქე ჩაკეტილ ფეხბურთს თამაშობს და მათი ბარიერების გადალახვა იოლი არ იქნება. თუმცა ამ ერთკვირიან შეკრებას სწორედ იმისთვის გამოვიყენებთ, რომ მეტოქის წინააღმდეგ სწორი ტაქტიკა შევარჩიოთ და დადებითი შედეგი ვაჩვენოთ", - თქვა აბურჯანიამ.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრას თბილისში, ანდორის ნაკრებთან 13 ოქტომბერს ჩაატარებს, ხოლო სამი დღის შემდეგ, რიგაში, ლატვიას ესტუმრება.
აქევ გეტყვით, რომ D ლიგის A ჯგუფს საქართველოს ნაკრები 2 ტურის შემდეგ უდანაკარგოდ, 6 ქულით ლიდერობს და მეორე პოზიციაზე მყოფ ანდორას 4 ქულით უსწრებს.