ჩოგბურთი

20:16 | 9.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი VS ზვერევი – ბრძოლა საუკეთესო ოცეულისთვის

26 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც შანხაიში მიმდინარე მასტერსზე (საპრიზო ფონდი 9 219 970 დოლარი) ირჯება, მე-2 წრეშიც ცენტრალურ კორტზე ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ ნიკამ პრესტიჟული შეჯიბრის საწყის რაუბდში კანადელ დენის შაპოვალოვს 6:2, 6:2 სძლია, 1/16-ფინალში კი ძალებს მე-4 ნომრად განთესილ გერმანელ ალექსანდრ ზვერევთან მოსინჯავს.
უკვე ცნობილია, რომ ქართულ-გერმანული დაპირისპირება 10 ოქტომბერს პირველ წყებაში აიღებს სტარტს, ამდენად, ჩვენებური ცენტრალურ კორტზე თბილისის დროით 09:00 საათზე გავა.
როგორც უკვე ვიუწყებოდით, ბასილაშვილი 21 წლის ზვერევს კარიერაში მეორედ დაუპირისპირდება. პირველად ეს 2015 წელს მოხდა, როდესაც მარსელის ტურნირის კვალიფიკაციაში საშამ 7:6 (7:5), 6:3 მოიგო.
მიმდინარე “ლაივ რეიტინგში” ნიკოლოზს უკვე 1767 ქულა აქვს და მისთვის სარეკორდო 23-ე ადგილზე იმყოფება, ზვერევის დამარცხების შემთხვევაში კი, 1812 ქულით, შესაძლოა პლანეტის საუკეთესო ოცეულშიც კი აღმოჩნდეს.
ვთქვათ ისიც, რომ თუკი ბასილაშვილმა ზვერევის ბარიერი დასძლია, მერვედფინალში კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ – ფრანგ ბენუა პერისა და ავსტრალიელი ალექს დე მინოს შორის უმჯობესს გაეჯიბრება.

0.128396