26 წლის ქართველ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს ჩინებული პერიოდი უდგას. ნიკამ გასული კვირა პეკინის 500-ანი ტურნირის მოგებით დაასრულა, დღეს კი შანხაის მასტერსში (საპრიზო ფონდი 9 219 970 დოლარი) ჩაება და პირველი გამარჯვება იზეიმა.
Rolex Shanghai Masters-ის საწყის რაუნდში ბასილაშვილი ამომავალ ვარსკვლავად მიჩნეულ – 19 წლის კანადელ დენის შაპოვალოვს გაეჯიბრა და ძალიან დამაჯერებლად – 6:2, 6:2 სძლია. თამაში 58 წუთს გაგრძელდა და ქართველ ჩოგბურთელს თავისი მოწოდება ერთხელაც არ წაუგია, მეტოქე კი 4-ჯერ დააბრეიკა.
ამ გამარჯვების წყალობით, ნიკოლოზმა აქტივს 45 ქულა შემატა და 1767 ქულით ე.წ. “ლაივ-რეიტინგში” 22-ე ადგილზე გადაინაცვლა, რაც მისთვის სარეკორდო მაჩვენებელია.
უკვე ცნობილია, რომ შანხაის მასტერსის მე-2 წრეში ნიკას მეტოქე მე-4 ნომრად განთესილი გერმანელი ალექსანდერ ზვერევი იქნება. ჩვენებურს მსოფლიოს მე-5 ჩოგანთან ერთხელ, 2015 წელს მარსელში გამართულ ჩელენჯერზე უთამაშია და მაშინ საშამ 7:6 (7:5), 6:3 მოიგო.