ჩოგბურთი

14:15 | 8.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილმა წყვილთა ტურნირზე უარი თქვა

ქართველმა და რუსმა ჩოგბურთელებმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა და დანიილ მედვედებმა შანხაიში დაწყებული მასტერსის (საპრიზო ფონდი 9 219 970 დოლარი) წყვილთა ბადეში ჩაბმაზე უარი განაცხადეს, რაც მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ჩატარებული ტურნირები სწორედ ხსენებული ჩოგბურთელების ტრიუმფით დასრულდა. ბასილაშვილმა პეკინში, ჩინეთის ღია პირველობის ფინალში არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო 6:4, 6:4 დაამარცხა, მედვედევმა კი ტოკიოს ტურნირის გადამწყვეტ მატჩში იაპონელ კეი ნიშიკორის აჯობა – 6:2, 6:4.
ცხადია, რომ აღნიშნულმა ბატალიებმა როგორც ბასილაშვილი, ასევე მედვედევი ძალიან გადაღალა და ისინი წყვილთა შეჯიბრიდან მოიხსნენ. შედეგად, მათ ნაცვლად ჩინურ დუეტთან (გონგი-ჟანგი) სათამაშოდ ალტერნატიული წყვილი გავიდა ინდოელი შარანისა და ზელანდიელი სიტაკის შემადგენლობით.
ვთქვათ ისიც, რომ ბასილაშვილსა და მედვედევს შანხაის მასტერსზე ერთეულთა ბადის შეხვედრები ხვალ ელით. ნიკოლოზი ძალებს კანადელ დენის შაპოვალოვთან სცდის, დანიილი კი ჩინელ ზე ჟანგს გაეჯიბრება. საინტერესოა, რომ მიმდინარე რეიტინგში 26 წლის ბასილაშვილი 1 757 ქულით 23-ეა, ხოლო 22 წლის მედვედევს 1 762 ქულით 22-ე პოზიცია უკავია.

0.120857