ზინედინ ზიდანი და „მანჩესტერ იუნაიტედი“ გამოირიცხა. როგორც ფრანგი სპეციალისტის აგენტმა ალან მილიაჩომ განაცხადა, მისი კლიენტისთვის ინგლისში მუშაობა კომფორტული არააა და შესაბამისად, ამ ვარიანტს არც განიხილავს.
მილიაჩომ დასძინა, რომ ზიზუმ ერთწლიანი პაუზა აიღო და ის თავის სიტყვას შეასრულებს. ამავდროულად, არ გამორიცხა მისი ტურინის „იუვენტუსში“ დასაქმებაც.
„ზიდანი ასეთია - როდესაც იცის, რომ რაღაც შეიძლება მოხდეს, საპირისპიროს არ იტყვის. მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ ერთი წელი დაესვენა და სიტყვას არ გატეხავს.
არ მჯერა, რომ ინგლისში ოდესმე იმუშავებს. ეს მისი სტილი არაა. ვესაუბრე და ეს იდეა არ იზიდავს. „იუვენტუსს“ შესანიშნავი პროექტი აქვს. ზიდანს კი ამ გუნდთან ისტორია აკავშირებს და შესაძლოა, ერთ დღეს „იუვეში“ დასაქმდეს“, - განაცხადა მილიაჩომ.
შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში ზიდანს „მანჩესტერს“ აქტიურად უკავშირებენ და ჟოზე მოურინიოს მემკვიდრედ მიიჩნევენ. რაც შეეხება „იუვეს“, იტალიურ გუნდში ფრანგი 1996-2001 წლებში თამაშობდა და უკანასკნელ დროს „ბებერ ქალბატონსაც“ დაუკავშირეს, თუმცა არა მწვრთნელის, არამედ გენერალური დირექტორის პოზიციაზე.