ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი კარიერის პიკზე იმყოფება. შეგახსენებთ, რომ ჩვენებურმა ჩინეთის ღია პირველობის ფინალში არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო 6:4, 6:4 დაამარცხა და წლეულს და ზოგადად კარიერაშიც მე-2 ხუთასიანი კატეგორიის ტურნირი მოიგო.
26 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა პირველ ნომრად განთესილ მეტოქესთან შვიდივე ბრეიკ-პოინტი გადაარჩინა, თავად კი არგენტინელის 11 ეისს არ შეუშინდა და მისი მოწოდება 2-ჯერ აიღო. შედეგად, ნიკოლოზმა რეიტინგის ტოპ-ხუთეულის წევრი პირველად დაამარცხა, არგენტინელმა ვარსკვლავმა კი კარიერაში მე-13 ფინალი წააგო, თუმცა, ატპ-ს ფინალურ ტურნირში თამაში კი მაინც გაინაღდა.
ცნობისთვის, ბასილაშვილი ჩინეთში რჩება და ძალებს შანხაის მასტერსზე მოსინჯავს, რომლის საპრიზო ფონდი 9 219 970 დოლარია. ნიკოლოზს საკმაოდ რთული წილისყრა ერგო, რადგანაც საწყის წრეში კანადელ დენის შაპოვალოვს გაეჯიბრება, გამარჯვების შემთხვევაში კი ძალებს მე-4 ნომრად განთესილ გერმანელ ალექსანდრ ზვერევთან მოსინჯავს.
საინტერესოა, რომ წყვილთა შეჯიბრში ნიკოლოზის პარტნიორი რუსი დანიილ მედვედევი იქნება, რომელმაც გუშინ ტოკიოს ტურნირის ფინალში იაპონელი კეი ნიშიკორი დაამარცხა. ქართველი და რუსი ჩოგბურთელები პირველ რაუნდში “უაილდ ქარდის” მქონე ჩინელებს – მაო-ქსინ გონგსა და ზე ჟანგს გაეჯიბრებიან.
შანხაის მასტერსის პირველი წრის დაძლევისთვის 45 სარეიტინგო ქულაა გათვალისწინებული, მისი გამარჯვებული კი 1000 ქულას მიიღებს. შეგახსენებთ იმასაც, რომ ნიკოლოზმა პეკინში 500 ქულა გამოიმუშავა და რეიტინგში, რომელიც დღეს გამოქვეყნდება, მისთვის რეკორდულ 23-ე პოზიციაზე ვიხილავთ.