ჩოგბურთი

0:29 | 8.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლოზ ბასილაშვილი: "ძალიან კარგი სეზონი მაქვს"

China Open-ის ჩემპიონმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ხუან მარტინ დელ პოტროსთან ფინალური მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ქართველი ჩოგბურთელის განცხადებით, მიმდინარე წელი ძალზე წარმატებული აქვს და ეს მისი ახალი მწვრთნელის დამსახურებაცაა.

როგორც ნიკოლოზმა აღნიშნა, განსაკუთრებით კარგად უკანასკნელი 3-4 თვის განმავლობაში თამაშობს:

„ამ ტურნირზე ძალიან კარგ ფორმაში ვიყავი და კორტზე თავს ნამდვილად კარგად ვგრძნობდი. ხუანის წინააღმდეგ ვითამაშე, რომელიც დარწმუნებული ვარ, ავად იყო. მაგრამ რთულ სიტუაციებში მაინც ჩამაგდო. ქულების მოსაპოვებლად დიდი შრომა დამჭირდა. მიუხედავად ამისა, ძალიან მომეწონა ეს თამაში და პეკინის ტურნირის მოგება ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, რადგან ერთ-ერთი საუკეთესო ტურნირია.

მიმდინარე წელს ძალიან კარგი სეზონი მქონდა, განსაკუთრებით ბოლო სამი-ოთხი თვე. კარგად ვთამაშობდი. პატივისცემა ჩემს მწვრთნელს, რომელიც ძალიან მეხმარება და მასთან ერთად დიდი განსხვავება განვიცადე“, - განაცხადა ბასილაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილმა პეკინის ტურნირის ფინალში ხუან მარტინ დელ პოტრო ორ სეტში (6:4, 6:4) დაამარცხა და მიმდინარე წელს მეორე ტურნირი მოიგო. პეკინში, ქართველმა ჩოგბურთელმა 5 თამაში მოიგო და დელ პოტრომდე ჯეკ სოკი, ფერნანდო ვერდასკო, მალეკ ჯაზირი და კაილ ედმუნდი დაამარცხა.

ბასილაშვილმა China Open-ზე გამარჯვებით 500 სარეიტინგო ქულა და 733 320 ამერიკული დოლარი გამოიმუშავა. ATP-ის რეიტინგში კი, 34-ე პოზიციიდან 23-ე ადგილამდე აღზევდა, რაც მისი კარიერის საუკეთესო მაჩვენებელია.

0.126282