ფეხბურთი

0:12 | 8.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლევან კობიაშვილი არაბიძეზე: "არავის აქვს უფლება პირადი ინტერესით გუნდი აზარალოს"
გიორგი არაბიძისთვის ნაკრების კარი ამ ეტაპზე დახურულია

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გიორგი არაბიძის შესახებ და იმაზე ისაუბრა, თუ რატომ არაა ნიჭიერი შემტევი საქართველოს არც ეროვნულ და არც 21 წლამდე ნაკრებში გამოძახებული.

როგორც კობიაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ სპორტულ გადაცემაში, „სპორტი იმედზე“ განაცხადა, არაბიძე არაპროფესიონალურად მოიქცა და სანამ, შეცდომას არ გაიაზრებს, იქამდე მისთვის ნაკრების კარი დახურული იქნება.

სფფ-ის ხელმძღვანელის თქმით, საქართველოს ნაკრების მთავარი პლიუსი ერთიანობა და პატივისცემაა და არავის აქვს იმის უფლება, რომ გუნდის შიდა სამზარეულოში ერთიანობა დაარღვიოს:

„ყველაზე ბედნიერები ვიქნებით, თუ გიორგი ეროვნულ ნაკრებში ითამაშებს, რადგან ვიცით, რა შეუძლია და რამდენად პოზიტივი იქნება ეს, მაგრამ მან იცის, რატომ არაა გამოძახებული, არამარტო ეროვნულ ნაკრებში, არამედ 21-წლამდე ნაკრებშიც.

მასთან ჰქონდა საუბარი ალექსანდრე იაშვილს და იცის მიზეზი. უბრალოდ, მინდა, ვურჩიო და ხაზი გავუსვა იმას, რომ მიუხედავად იმისა, ვის, რა შეუძლია, რა პოტენციალი აქვს, პირველ რიგში არის გუნდის ინტერესი. ფეხბურთელი, რომელიც ასე არ იქცევა, პატივს არ სცემს გუნდს, მწვრთნელს, თანაგუნდელებს, თუნდაც გულშემატკივრებს და იქცევა ისე არაპროფესიონალურად, როგორიც ბოლო შემთხვევაში იყო, რასაკვირველია მას ეროვნულ ნაკრებში ვერ ვნახავთ. მიუხედავად იმისა, რას წარმოადგენს და რა შესაძლებლობები აქვს. ვინაიდან, ამ გუნდის მთავარი ღირებულება და სიძლიერი ზუსტად იმაში მდგომარეობს, რომ ერთიანები არიან, პატივისცემა არსებობს და ამისთვის ხანგრძლივი გზა გავიარეთ. არავის არ აქვს უფლება თავისი პირადი ინტერესით საქციელით გუნდი აზარალოს. დეტალებში არ წავალ, მაგრამ ის საქციელი, რომელიც გამოავლინა არ შეიძლება. ფეხბურთელი, რომელიც სტადიონზე არ დარჩება, მაშინ, როდესაც მთელი სტადიონი სავსეა და ნაკრებს გულშემატკივრობს და ამ დროს გუნდის წევრი არ აკეთებს ამას, ვფიქრობ საუბერიც ზედმეტია.

ეს არაა დასჯა, პირიქით, დახმარებაა. თუ დაფიქრდება და მიხვდება ამ ყველაფერს, ნაკრებში დაბრუნდება, რადგან ის გვჭირდება და დასაკარგი ფეხბურთელი ნამდვილად არ გვყავს“, - განაცხადა კობიაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას ორშაბათიდან დაიწყებს. ვლადიმირ ვაისის გუნდი 13 და 16 ოქტომბერს, შესაბამისად, ანდორისა და ლატვიის ნაკრებებს დაუპირისპირდება.

0.113802