ავტოსპორტი

22:34 | 7.10.2018 | ნანახია 619 - ჯერ

ჰამილტონმა მეხუთე ტიტული თითქმის გაინაღდა

წინა სეზონის მსგავსად, ლუის ჰამილტონი და „მერსედესი“, სეზონის მეორე ნაწილში შეუჩერებლები არიან. ზაფხულის არდადეგების შემდეგ, მათ ნაცარტუტად აქციეს „ფერარის“ და სებასტიან ფეტელის შანსები. ჰამილტონმა იაპონიის დიდი პრიზის რბოლაც მოიგო და სეზონის დასრულებამდე 4 ეტაპით ადრე, ფეტელი უკვე 67 ქულით ჩამოიტოვა.

ჰამილტონმა თავის თანაგუნდელ ვალტერი ბოტასს 12.9 წამით აჯობა, ორივემ ერთად კი „მერსედესს“ ზედიზედ მეორე დუბლი მოუპოვა. კვარცხლბეკის მესამე საფეხური მაქს ფერსტაპენმა დაიკავა, რომელმაც რბოლის დასაწყისში, კიმი რაიკონენთან მომხდარი ინციდენტის გამო, 5-წამიანი ჯარიმაც მოიხადა, თუმცა „ფერარის“ პილოტებს მაინც აჯობა. უფრო მეტიც, მარანელოელები ფერსტაპენის თანაგუნდელმა დანიელ რიკარდომაც ჩამოიტოვა, რომელმაც რბოლა მე-15 პოზიციიდან დაიწყო.

ჰამილტონს ახლა ისღა დარჩენია, მომდევნო უქმეებზე, შეერთებული შტატების დიდი პრიზი მოიგოს და თუ ფეტელი მეორე ადგილზე ქვემოთ დარჩება, ბრიტანელი იქვე გაინაღდებს მეხუთე ტიტულს. საინტერესოა, რომ ჰამილტონს აშშ-ის დიდი პრიზი (ოსტინი, ტექსასი), რომელიც ფ1-ის კალენდარში 2012 წლიდან დაბრუნდა, ერთის გარდა, ყველა რბოლა მოგებულ აქვს.

„რბოლიდან რბოლამდ, სულ უფრო ვძლიერდებით. ოსტინის ტრასა ჩვენთვის კარგია და მოუთმენლად ველი იქ ამ მხეცის (თავისი მანქანა იგულისხმა) შესაძლებლობების ჩვენებას. იმედი მაქვს, ამ ყველაფერმა არ დაგღალათ, რადგან მე არ დავღლილვარ, მე ეს მომწონს“, - განაცხადა ჰამილტონმა, ვისთვისაც სუზუკაზე მოპოვებული გამარჯვება, კარიერაში 71-ეა. ამგვარად, ბრიტანელს მიხაელ შუმახერის რეკორდამდე 20 მოგებაღა აკლია.

უნდა ითქვას, რომ ჰამილტონს უპირატესობის გაზრდაში ამჯერადაც თავად ფეტელმა შეუწყო ხელი. ისევე როგორც იტალიაში, მან ამჯერადაც გასწრების დროს დაუშვა შეცდომა და პელოტონის კუდში გადაინაცვლა. ოღონდ თუ მონცაზე ინციდენტამდე, მას ჰამილტონი ასწრებდა, ამჯერად, მე-8 წრეზე ფერსტაპენის გასწრება თავად სცადა. ოღონდ, შედეგი იგივე იყო - გერმანელი მოსახვევში ვერ ჩაეტია.

ამჯერადაც, სტიუარდებმა განიხილეს ინციდენტი და მომხდარში არავინ დაადანაშაულეს. თუმცა მანამდე ჰოლანდიელს არ მოუწონეს მანევრი, რომლითაც რაიკონენთან ბრძოლაში, მესამე პოზიცია შეინარჩუნა. მოსახვევში შესვლამდე, ფერსტაპენს მუხრუჭების დაბლოკვამ მოუწია და მაინც გზის მიღმა აღმოჩნდა. რაიკონენმა ამის გამოყენება სცადა, მაგრამ ფერსტაპენმა ტრასაზე დაბრუნებაც მოასწრო და ფინელი ბალახებისკენ გარიყა. სიტუაციის განხილვისას, სტიუარდებმა დაადგინეს, რომ „რედ ბულის“ პილოტის ტრასაზე დაბრუნება ხიფათის შემცველი იყო. ამიტომ, მას 5-წამიანი ჯარიმა გამოუწერეს.

„თუ გასასწრები ადგილი დარჩება და მის გამოყენებას არ ვეცდები, მაშინ სახლში უნდა წავიდე. ვწუხვარ ასეთი შედეგის გამო“, - მოკლედ ახსნა მომხდარი ფეტელმა. სიტუაცია განსხვავებულად შეაფასა ფერსტაპენმა: „იმ მოსახვევში გასწრება შეუძლებელია. მე მას სივრცეც დავუტოვე, მაგრამ ის მოსახვევში ვერ ჩაეტია და ჩემს მანქანას შეეხო“.

იაპონიის დიდი პრიზი

სუზუკა, დისტანცია 307.741 კმ (5.807 კმ, 53 წრე)

  1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:27:17.062 (211.358 კმ/სთ)
  2. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 12.919
  3. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 14.295
  4. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული) 19.495
  5. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 50.998
  6. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1:09.873
  7. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 1:19.379
  8. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 1:27.198
  9. ესტებან ოკონი (საფრანგეთი,ფორს ინდია) 1:28.055
  10. კარლოს საინსი (ესპანეთი, რენო) 1 წრე
  11. პიერ გასლი (საფრანგეთი, ტორო როსო) 1 წრე
  12. მარკუს ერიკსონი (შვედეთი, ზაუბერი) 1 წრე
  13. ბრენდონ ჰარტლი (ახ.ზელანდია, ტორო როსო) 1 წრე
  14. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 1 წრე
  15. სტოფელ ვანდოორნი (ბელგია, მაკლარენი) 1 წრე
  16. სერგეი სიროტკინი (რუსეთი, უილიამსი) 1 წრე
  17. ლანს სტროლი (კანადა, უილიამსი) 1 წრე
  18. შარლ ლეკლერი (მონაკო, ზაუბერი) 14 წრე
  19. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, რენო) 16 წრე
  20. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 45 წრე

უსწრაფესი წრე: სებასტიან ფეტელი - 1:32.318 (53-ე წრე, 226.447 კმ/სთ)

მრბოლთა კლასიფიკაცია

1. ლუის ჰამილტონი - 331 ქულა; 2. სებასტიან ფეტელი - 264; 3. ვალტერი ბოტასი - 207; 4. კიმი რაიკონენი - 196; 5. მაქს ფერსტაპენი - 173; 6. დანიელ რიკარდო - 146; 7-9. სერხიო პერესი, ნიკო ჰულკენბერგი და კევინ მაგნუსენი - 53; 10. ფერნანდო ალონსო - 50; 11. ესტებან ოკონი - 49; 12. კარლოს საინსი - 39; 13. რომენ გროჟანი - 31; 14. პიერ გასლი - 28; 15. შარლ ლეკლერი - 21; 16. სტოფელ ვანდოორნი - 8; 17-18. ლანს სტროლი და მარკუს ერიკსონი - 6; 19. ბრენდონ ჰარტლი - 2; 20. სერგეი სიროტკინი - 1

გუნდების ჩემპიონატი

1. მერსედესი - 538 ქულა; 2. ფერარი - 460; 3. რედ ბული - 319; 4. რენო - 92; 5. ჰაასი - 84; 6. მაკლარენი - 58; 7. ფორს ინდია - 43; 8. ტორო როსო - 30; 9. ზაუბერი - 27; 10. უილიამსი - 7

Loading...

კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
16:57 | 09.10.2018
The King of Grass (10462)

გაიწია დიდმა მეთოფემ მეხუთე ტიტულისკენ შუმახერი უფრთხოდეს ისედაც სამარდჯამოდ მიძინებული შუმი სულ მთლად არ გაისტუმროს იმ ქვეყნად

13:45 | 08.10.2018
თენგაბი (268)

რა ჭირს ამ ფერარის ტექნიკურ პერსონალს? უკვე სერიოზულად ჩამორჩებიან მერსედესს განვითარებაში.

სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.077421