კალათბურთი

22:37 | 7.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ახალგაზრდული ოლიმპიადის გახსნაზე საქართველოს მედროშე 3X3 კალათბურთელი იყო

დღეს, გამთენიისას, არგენტინის დედაქალაქ ბუენოს აირესში მე-3 ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები გაიხსნა, რომელზეც ცალკე სახეობად პირველადაა წარმოდგენილი 3X3 კალათბურთი. სწორედ 3X3 კალათბურთია ერთ-ერთი ის სახეობა, რომლებშიც ქართველები მონაწილეობენ. პირველად, ისტორიაში, სათამაშო სახეობაში ოლიმპიადაზე ქართველებით დაკომპლექტებული ნაკრები ითამაშებს.

გახსნიც ცერემონიალის დროს საქართველოს ეროვნული ნაკრების მედროშე 3X3 კალათბურთელთა ნაკრების წევრი, ლუკა მაზიაშვილი გახლდათ. ცერემონიალი ქალაქის ცენტრში, ცნობილ ობელისკთან გაიმართა. 67-მეტრიანი El Obelisco 1936 წელს, ქალაქის დაარსების 400 წლის იუბილესთან დაკავშირებით აშენდა. ცერემონიის ძირითადი და ერთობ შთამბეჭდავი ვერტიკალური წარმოდგენა სწორედ ამ მონუმენტური ნაგებობის კედლებზე მოეწყო. ასევე საინტერესო და ემოციური იყო ცერემონიის მუსიკალური ნაწილი.

ვიდრე ოლიმპიური ცეცხლი აგიზგიზდებოდა, სპორტსმენებს და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა: „ვიდრე აქ ჩამოხვიდოდით, თითოეული თქვენგანი ბევრს ვარჯიშობდა და ჯიბრებებში მონაწილეობდა. აი, ამიტომაც იმსახურებთ ამ თამაშებზე ყოფნას. თქვენ ჩამოხვედით მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, გაქვთ სხვადასხვა კულტურა, მაგრამ თქვენ გაერთიანებთ ოლიმპიური ფასეულობები – მეგობრობა და ურთიერთპატივისცემა. მისდევთ რა ამ ღირებულებებს, თქვენ ხართ მნიშვნელოვანი ადამიანები სპორტში და ცხოვრებაში.”

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 3×3 კალათბურთელთა ნაკრები A ჯგუფში მოხვდა ჩინეთთან, სლოვენიასთან, იორდანიასთან და თურქემენეთთან. სულ ოლიმპიადის 3×3 საკალათბურთო ტურნირშ 20 ნაკრები მონაწილეობს, რომლებიც 4 ჯგუფში არიან განაწილებულნი. აქვე წარმოგიდგენთ დანარჩენ ჯგუფებს:

B ჯგუფი: უკრაინა, ანდორა, ვენესუელა, ბრაზილია, ახალი ზელანდია.
C ჯგუფი: ესტონეთი, აშშ, მონღოლეთი, რუსეთი, არგენტინა
D ჯგუფი: იტალია, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ბელგია

თითოეული ჯგუფიდან პლეი ოფში (მეოთხედფინალში) 2-2 საუკეთესო გუნდი გადის, რომლებიც ჩემპიონობისთვის ბრძოლას, ცხადია, ოლიმპიური სისტემით გააგრძელებენ.

საქართველოს ნაკრების ღირსებას ბუენოს აირესის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე დაიცავენ: ოთარ პერტაია, ლაშა მიქელაძე, ლუკა მაზიაშვილი და ზურაბ ჟღენტი. საქართველოს ნაკრების დელეგაციაში ასევე არიან საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი პაატა გურასპაული და ფედერაციაში 3×3 კალათბურთის განყოფილების ხელმძღვანელი – გიგა გურგენიძე.

ოლიმპიადა უკვე დაიწყო, ხოლო საკალათბურთო ტურნირი სტარტს 7 რიცხვიდან აიღებს. ჩვენი ნაკრების კალენდარი ასე გამოიყურება:

9 ოქტომბერი
სლოვენია – საქართველო
საქართველო – იორდანია

13 ოქტომბერი
თურქმენეთი – საქართველო
საქართველო – ჩინეთი

www.gbf.ge

0.120574