საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 8 ოქტომბრიდან უეფას ერთა ლიგის მატჩებისთვის თბილისში მოემზადება. ვლადიმირ ვაისის გუნდი ანდორასთან და ლატვიასთან შეხვედრებისთვის საწვრთნელ შეკრებას ორშაბათს იწყებს. უახლოესი ორი ოფიციალური თამაშისთვის მთავარმა მწვრთნელმა პირველ ეტაპზე 26 კაციანი შემადგენლობა დაასახელა, თუმცა სიას ორი ფეხბურთელი გამოაკლდა. ლევან მჭედლიძე (ემპოლი) და გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა) ეროვნულ ნაკრებს ტრავმების გამო ვერ დაეხმარებიან. საქართველოს ნაკრები თბილისში 24 ფეხბურთელით შეიკრიბება.
ჩვენი გუნდი ორშაბათიდან ს.კ. „ზესტაფონის“ თბილისის ზღვის ბაზაზე ივარჯიშებს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: გიორგი ლორია (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი).
მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, მინსკი, ბელარუსი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი).
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (ლუგო, ესპანეთი), ვაკო გვილია (ლუცერნი, შვეიცარია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, მოსკოვი) გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), თორნიკე ოქრიაშვილი (კრასნოდარი, რუსეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი), ლუკა ზარანდია (არკა, პოლონეთი), ვახტანგ ჭანტურიშვილი (სპარტაკ-ტრნავა, სლოვაკეთი)
თავდამსხმელი: ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი).
ცნობილია კიდევ ოთხი ფეხბურთელის ვინაობა, რომლებსაც მთავარი მწვრთნელი ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში განიხილავს: ლევან გეგეჭკორი (ტორპედო, ქუთაისი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია), ბუდუ ზივზივაძე (დინამო, თბილისი), ბაჩანა არაბული (პუშკაშ-აკადემია, უნგრეთი).
საქართველოს ნაკრები მესამე ტურის მატჩს ანდორასთან თბილისში, დინამო არენაზე 13 ოქტომბერს, 20:00 საათზე გამართავს.
16 ოქტომბერს საქართველოს ნაკრები რიგაში ლატვიას დაუპირისპირდება.
ამ დროისთვის საქართველოს ნაკრები 6 ქულით ჯგუფის ლიდერია, ანდორა 2 ქულით მეორე პოზიციას იკავებს. ლატვიისა და ყაზახეთის ნაკრებებს თითო ქულა აქვთ და მესამე-მეოთხე ადგილს ინაწილებენ.
www.gff.ge