თორნიკე ოქრიაშვილის გოლმა ევროპა ლიგაზე "სევილიას" კარში დიდი რეზონანსი გამოიწვია. ქართველმა ფეხბურთელმა, რომელიც ბოლო დროს ტრავმებისგან დაიტანჯა, კიდევ ერთხელ აალაპარაკა რუსეთი და დაამტკიცა, რომ ფეხბურთის თამაში შეუძლია.
ოქრიმ "კრასნოდარში" მეორედ გაიტანა ე.წ "მაკრატელა" და მეორეჯერვე ბოლო წუთებში, გამარჯვების მომტანი გამოდგა მისი შედევრი.
რუსული გამოცემა Sports.ru კი, ქართველ ფეხბურთელს ვრცელ სტატიას უძღვნის, სადაც მისი განვლილი კარიერაა მიმოხილული და მას უცვლელად გთავაზობთ:
"ოქრიაშვილი რუსეთში გაცილებით ადრე, 2010 წელს შეიძლებოდა დამკვიდრებულიყო. როდესაც 17 წლის იყო და „გაგრას“ ბაზაზე ემზადებოდა, ხოლო 18 წლის ასაკში უკვე „ზენიტთან“ ერთად ავსტრიულ შეკრებაზე იყო. რამდენიმე დღით ადრეც კი, მან არ იცოდა, რომელ გუნდში მიდიოდა სავარჯიშოდ:
„უბრალოდ მითხრეს, რომ ეს იყო ძლიერი გუნდი. შემდეგ თემურ ლეპსაიამ (Innovation Sports Technologies პრეზიდენტი - რედ) მითხრამ რომ ეს ყო „ზენიტი“ და დიდი მადლობა მას დახმარებისთვის“, - თქვა ფეხბურთელმა.
თორნიკემ პირველივე საკონტროლო ვარჯიშზე დუბლი გაიფორმა, მაგრამ მაინც ვარჯიშები მისთვის ძალიან მძიმე დატვირთვებისგან შედგებოდა. იტალიელმა სპალეტიმ ის შეაქო, თუმცა „ზენიტში“ მოხვედრა იმ ეტაპზე შეუძლებელი იყო: „შენ ყოჩაღი ხარ, მაგრამ ჯერ ძალიან ადრეა პირველ გუნდში სათამაშოდ. ყველაფერი სწრაფად მსურდა, მაგრამ ალბათ ლუჩანო მართალი იყო. საქართველოს შემდეგ მე გაოგნებული ვიყავი ისეთ დონეზე მოვხვდი. კერჟაკოვი, ბისტროვი, ანიუკოვი - რუსეთის საუკეთესო ფეხბურთელებთან ვვარჯიშობდი“, - იხსენებს „ოქრი“.
ოქრიაშვილი საქართველოში არ დაბრუნებულა, რადგან „შახტარის“ სკაუტებმა შეამჩნიეს. მეორე გუნდში ექვსთვიანი მზადების შემდეგ, დონბასელების მთავარ გუნდში, რომელსაც ლუჩესკუ ხელმძღვანელობდა, არ დააწინაურეს. რუმინელმა ჯიუტად ვერ შენიშნა ქართველი და ორი სეზონით „ილიჩევეცში“ (2011-2013) გაანათხოვრეს. იქ თორნიკემ თავი კარგად წარმოაჩინა და „ჩერნომორეცში“ გადავიდა (2014). ოდესაში მხოლოდ 6 თვე გაატარა, მაგრამ უკრაინის ჩემპიონატის საუკეთესო „ჯოკერის“ ჯილდო მოიგო. ოქრიაშვილი გუნდში ძალიან უყვარდათ. „ზოგჯერ ჩვენი შეხვედრისას რომან გრიგორჩუკი („ჩერნომორეცის“ მაშინდელი მწვრთნელი - რედ) მეუბნებოდა, ოქრიკ, ცოტა მოთმინებაც და ძალიან მაგარი გახდები“, - ამბობს ფეხბურთელი.
„ჩერნომორეცს“ ფეხბურთელის გამოსყიდვა სურდა, მაგრამ „შახტარიდან“ თორნიკე დაარწმუნეს, რომ ელოდებოდნენ და ოდესაში არ გაასხვისეს. როდესაც, ქართველი დონეცკში დაბრუნდა, მიხვდა, რომ ლუჩესკუმ ისევ არაფერი იცოდა. „უბრალოდ არ მიყურებდა, ვარჯიშებზე ვერც კი მამჩნევდა. ყველაფერი ვცადე, მაგრამ ლუჩესკუს სპალეტისგან განსხვავებით ეს არც კი აინტერესებდა. იტალიელს ახალგაზრდები აინტერესებდა, ლუჩესკუს - არა. გუნდში ძალიან ბევრი ბრაზილიელი იყო, რომლებიც მჯობნიდნენ და შესაბამისად, შანსის მოცემა არ უნდოდა“, - იტყვის მოგვიანებით ოქრიაშვილი.
საბოლოდო, „შახტარისა“ და ოქრიაშვილის ურთიერთობა დასრულდა და დასავლეთს მიაშურა. 2014 წელს, ქართველი ბელგიურმა „გენკმა“ შეიძინა. თუმცა, ურთიერთობა თავიდანვე საშინლად განვითარდა. „კორტრაიკთან“ საშინაო მატჩის შემდეგ თორნიკე ისე დათვრა, რომ სახლამდე მისვლა დაავიწყდა. აქ ბედმა გაუღიმა და კაპე ვერდელმა თანაგუნდელმა ანელე ნკონგიმ საკუთარ სახლში გაათევინა ღამე. თუმცა, ქართველს მასთან კანის ფერის გამო ჩხუბი მოუვიდა, რის გამოც კლუბმა ორივე ფეხბურთელი 10 ათასი ევროს ოდენობით დააჯარიმა. მერე კი, ბელგიის პოლიციამ ბენზინ გასამართ სადგურზე საჭესთან ნასვამ მდგომარეობაში აღმოაჩინა.
მეორე დღეს კლუბის არხზე ვიდეო განთავსდა, რომელშიც ოქრი ამბობდა: „მე და ანელე კარგი მეგობრები ვართ. შემდეგ შეხვედრაში 100%-ით დავიხარჯებით“.
„ვიცით, რომ შეცდომა დავუშვით. მე და ოქრიმ ამის შესახებ უკვე ვისაუბრეთ, ის ძალიან კარგი ბიჭია და გვინდა ბოდიში მოვიხადოთ, ეს ინცინდენტი დავივიწყოთ“, - დაამატა აფრიკელმა.
თუმცა, საქმეები არც მერე წასულა უკეთესობისკენ. შვილის ავადმყოფობის გამო კლუბმა საქართველოში გაუშვა, სადაც რამდენიმე დღე დარჩა. და, როდესაც ბელგიაში ბრუნდებოდა, აღმოჩნდა, რომ ვიზა გაუვიდა. 10 საათი ელოდებოდა სტამბოლოს საბაჟოზე „გენკის“ ხელმძღვანელების ზარს, მაგრამ არ დაურეკავთ. გაბრაზებული ოქრიაშვილი სახლში დაბრუნდა, მოგვიანებით კი კლუბში მაინც დაბრუნდა.
თორნიკემ დაიწყო თამაში, შანსი მიეცა, მაგრამ ენები არ იცოდა და სათადარიგო სკამზე დაბრუნება მოუწია. საქმე იქამდეც მივიდა, რომ კლუბმა ფრანგულისა და ინგლისურის მასწავლებელი აუყვანა, საქართველოდან ოჯახიც ჩამოუყვანეს, მაგრამა არაფერმა გაჭრა. შოტლანდიელი ალექს მაკლიში, რომელსაც შოთა არველაძესთან და ზურაბ ხიზანიშვილთან ჰქონდა ნამუშევარი, გაოცებული ამბობდა: „ამ ბიჭს თუ ფეხბურთის თამაში უნდა, მაშინ სახლის ნოსტალგია უნდა დაივიწყოს!“. შემდეგ მოვიდა ახალი მწვრთნელი პიტერ მასი, მაგრამ არაფერი შეცვლილა.
2016 წელს კონტრაქტი შეწყდა და ოქრიაშვილმა „გენკი“ დატოვა (ბელგიის ჩემპიონატში 34 თამაში ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა). პრობლემები თურქულ „ესკიშეჰირსფორშიც“ გაგრძელდა. ხელფასი იქ თითქმის არ ერიცხებოდა: „სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღე იყო და თურქეთიც ბოლო ვარიანტი, კლუბის ფინანსური ვითარების შესახებ არაფერი ვიცოდი. ხუთი თვის განმავლობაში ფული არ მინახავს. კლუბი გაღარიბებული იყო და ფული არ ჰქონდა. ხშირად ფეხბურთელები ვხუმრობდით, რომ საჭმლისთვის ვთამაშობდით, რომელიც კლუბის ბაზაზე უფასოდ იყო. მთლიანობაში თურქეთის ჩემპიონატი ძალიან მაღალი დონისაა“, - ამბობს ქართველი შემტევი.
2016 წლის ზაფხულში ოქრიაშვილი თითქმის „მარსელის“ ფეხბურთელი იყო. კონტრაქტი შეთანხმებული გახლდათ, მაგრამ ბოლო მომენტში კლუბს პრეზიდენტი შეეცვალა და ტრანსფერი ჩაიშალა. როგორც თორნიკე ამბობს, ახალმა პრეზიდენტმა გუნდში თავისი სახეები მიიყვანა. თუმცა, ოქრიაშვილი უკლუბოდ არ დარჩენილა და შემოდგომაზე თავისუფალი აგენტის სტატუსით „კრასნოდარში“ გადავიდა.
არც აქ ყოფილა ყველაფერი წესრიგში. ორ წელიწადში მხოლოდ 600 წუთი ითამაშა და ჯვარედინი მყესები ორჯერ გაიწყვიტა. თუმცა, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ როდესაც მოედანზეა, მისგან ყველა შოუს ელოდება. ახლა თორნიკე იმ ასაკშია, როდესაც მისი დროა - 26 წელი, ეს შესაბამისი დროა.
„ჩემს ცხოვრებაში ბევრი შეცდომა დავუშვი, რომლებსაც ძალიან ვნანობ“, - ამბობდა ოქრიაშვილი ორი წლის წინ - „ამ შეცდომებმა ხელი შეუშალა ჩემს კარიერას და პიროვნულ ჩამოყალიბებას. ეს ჩემი შავი ლაქაა და გახსენება აღარც კი მინდა. გულახდილად ვიტყვი, რომ ფეხბურთის თამაში ახლა ყველაზე მეტად მსურს“, - ამბობდა ქართველი.
რუსეთში ყველა ხედავს, რომ ოქრიაშვილი ძლიერი და მაღალი ხარისხის ფეხბურთელია", - წერს Sports.ru.