საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) განცხადებით, კრივის საერთაშორისო ასოციაციაში (AIBA) შექმნილი პრობლემების გამო, ოლიმპიური თამაშების პროგრამაში სპორტის ამ სახეობის არსებობა საფრთხეშია.
„IOC-ის აღმასრულებელი საბჭო AIBA-ში შექმნილი ვითარებით და ორგანიზაციის ხელმძღვანელობით მეტად შეფიქრიანებულია. IOC კვლავაც ხაზს უსვამს საკუთარ მკაფიო დამოკიდებულებას. თუ AIBA-ს კონგრესზე მმართველობის საკითხები სათანადოდ არ დააკმაყოფილებს IOC-ს, მაშინ ოლიმპიურ პროგრამაში კრივის არსებობა სათუო გახდება. ამასთან, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ აღიარებული AIBA-ს, როგორც საერთაშორისო ფედერაციის არსებობა, ეჭქვეშ დადგება."
ამგვარი განცხადების მიუხედავად, IOC-ში იმედი აქვთ, რომ მდგომარეობა არ გამწვავდება და კრივი კვლავაც იქნება ოლიმპიური პროგრამის ნაწილი.
შარშან, ნოემბერში კრივის მმართველ ორგანოში შექმნილი ფინანსური პრობლემებისა და დისციპლინარული საკითხების გამო, AIBA-ს პრეზიდენტის პოსტს ჩამოაშორეს ტაივანელი ჩინგ-კუო ვუ (მას ორი დღის წინ სამუდამო დისკვალიფიკაცია მიესაჯა). ასოციაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელად AIBA-ს ვიცე-პრეზიდენტი და ევროპის კრივის კონფედერაციის (EUBC) იტალიელი პრეზიდენტი ფრანკო ფალჩინელი გამოცხადდა.
2018 წლის იანვარში AIBA-ს აღმასრულებელმა საბჭომ ასოციაციის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელად უზბეკი გაფურ რახიმოვი დანიშნა.
კრივის საერთაშორისო ასოციაციის საპრეზიდენტო არჩევნები წლეულს ნოემბერში, მოსკოვის კონგრესზე ჩატარდება. პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი კი სწორედ რახიმოვია, რომელიც არცთუ სანდო რეპუტაციით სარგებლობს.
www.geonoc.org.ge