ჭადრაკი

0:25 | 5.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

თეორიული შანსის იმედად...

ბოლოსწინა, მეათე ტურში საქართველოს მოჭადრაკე ქალთა პირველი ნაკრები ჩეხეთის გუნდს დაუპირისპირდა და ფრედ 2:2 დაასრულა შეხვედრა, არადა, ჩვენს გუნდს აუცილებლად უნდა მოეგო შეხვედრა, რათა ჩემპიონობის თუნდაც თეორიული შანსი შეენარჩუნებინათ. ამ შედეგით, რაც დღეს დაფიქსირდა ჩეხ მოჭადრაკე ქალებთან მატჩში, ჩემპიონობის შანსი გამოირიცხა. რჩემა საპრიზო ადგილზე გასვლის შანსი... ამაზე მოგვიანებით.

ნანა ძაგნიძემ ჩეხი კაროლინა ოლსაროვა დაამარცხა, მესამე დაფაზე ბელა ხოტენაშვილმა - კრისტინა პეტროვა. მეოთხე დაფაზე მერი არაბიძემ კრისტინა ნოვოსადოვასთან დათმო პარტია. ამ მომენტისათვის ქართველები იგებდნენ 2:1 და მესამე დაფაზე ნინო ბაციაშვილს ყაიმით რომ დაესრულებინა შეხვედრა, გუნდური ორი ქულა უკვე გაფორმებული იქნებოდა, მაგრამ ნინომ ვერაფერი გააწყო იოანა ვორეკთან პარტიაში და დამარცხდა.

ჩვენმა მეორე ნაკრებმა იტალიის გუნდს სძლია 2,5:1,5.

ინგა ჭარხალაშვილი დაუზავდა ოლღა ზიმინას. სოფო გვეტაძემ დესირა ბენედეტოს აჯობა.

სოფიკო ხუხაშვილი მარინა ბრუნელოსთან დამარცხდა. მირანდა მიქაძე კი დანიელა მოვილეანუსთან პარტიის მოგებით 2 ქულა მოუტანა თავის გუნდს. ასეთივე ანგარიშით, ქალთა მესამე გუნდმა ესტონელებს აჯობა.

ლიდერთა ჯგუფში ფრედ (2:2) დასრულდა ჩინეთი-აშშ-ს, უკრაინა-რუსეთის, აზერბაიჯანი-სომხეთის მატჩები. საინტერესოა, რომ ზემოთ ჩამოთვლილ წყვილების ყველა დაფაზე ყაიმი დაფიქსირდა.

ბოლო ტურის წინ სატურნირო ცხრილში 17 ქულით პირველ ადგილზე ჩინეთის ქალთა გუნდია, რომელმაც 7 გამარჯვება იზეიმა და 3 ფრედ დაასრულა (შეგახსენებთ, რომ გამარჯვების შემთხვევაში გუნდს 2 ქულა ეწერება, ხოლო მატჩის ფრედ დასრულების შემთვევაში 1 ქულა)

16-16 ქულა აქვთ და მეორე-მეოთხე ადგილებს იყოფენ უკრაინის, აშშ-სა და სომხეთის ნაკრებებს. ასევე სამ გუნდს - რუსეთს, საქართველოს პირველ ნაკრებსა და აზერბაიჯანს აქვთ - 15-15 ქულა და შესაბამისად მეხუთე-მეშვიდე ადგილებზე კოეფიციენტის გათვალისწინებით, სწორედ ასეთი თანმიმდევრობით არიან განლაგებულნი. შემდეგ 14-14 ქულით 13 გუნდი მოდის და მათ შორისაა საქართველოს მოჭადრაკე ქალთა მეორე ნაკრები, რომელსაც აქტივში 6 მოგება, 2 ფრე და 2 წაგება გააჩნია.

ჩვენს მესამე ნაკრებს 13 ქულა აქვს და კოეფიციენტის გათვალისწინებით 29-ე ადგილზეა.

ბოლო, მეთერთმეტე ტურში საქართველოს პირველი ნაკრები სომხეთის გუნდს დაუპირისპირდება.

მეორე ნაკრების მეტოქე ჩეხეთის გუნდია, ხოლო ჩვენი მესამე გუნდი ირანის ქალთა ნაკრებს ეთამაშება.

ცენტრალური შეხვედრა გაიმართება რუსეთისა და ჩინეთის ნაკრებებს შორის. ასევე მნიშვნელოვანია აშშ-უკრაინის მატჩი.

რა შანსი აქვს საქართველოს მოჭადრაკე ქალთა პირველ ნაკრებს? ჩვენმა გუნდმა აუცილებლად უნდა მოიგოს ბოლო ტურში, ამასთან, რუსებმა არ უნდა მოუგონ ჩინელებს და აშშ-უკრაინის შეხვედრა ფრედ არ უნდა დასრულდეს. რას შეეხება 15 ქულის მქონე აზერბაიჯანის ნაკრებს, ამ უკანასკნელმა ვიეტნამის გუნდს რომც მოუგოს, კოეფიციენტით ქართველები გაუსწრებენ.

სწორედ, ასეთ შემთხვევაში გავლენ ჩვენი მოჭადრაკე ქალები მესამე საპრიზო ადგილზე.

მეათე ტურში საქართველოს ვაჟთა პირველმა ნაკრებმა ფრედ - 2:2 ითამაშა ეგვიპტის გუნდთან. ბაადურ ჯობავა (2634) დამარცხდა ბასიმ ამინთან (2686). მიხეილ მჭედლიშვილი (2607) დაუზავდა ახმედ ადლის (1620), ივან ჩეპარინოვი (2715) - ადამ ფავზის (2431). დავით ჯოჯუამ (2590) კი სამეჰ სადეკი (2331) დაამარცხა.

ასეთივე შედეგი დააფიქსირა ჩვენმა მეორე ნაკრებმა არგენტინის გუნდთან.

ლუკა პაიჭაძემ (2564) სანდრო მარეკოს (2649) მოუგო. დავით მაღალაშვილიმა (2508) ყაიმით დაასრულა შეხვედრა დიეგო ფლორესთან (2621), ისევე როგორც გიგა ყუფარაძემ (2497) - პონსა პერესთან (2548). თორნიკე სანიკიძე (2497) კი დამარცხდა ფერნანდო პერალტასთან (2569).

საქართველოს ვაჟთა მესამე ნაკრებმა ირანთან წააგო 1,5:2,5.

ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ჩინეთის ნაკრებმა 3:1 სძლია პოლონეთის გუნდს, აშშ-ს ნაკრებმა 2,5:1,5 მოუგო სომხეთის ნაკრებს. ასეთივე ანგარიშით, რუსებმა ინგლისელებს სძლიეს, ხოლო უკრაინელებმა - აზერბაიჯანელებს.

ბოლო ტურის წინ, ვაჟთა ოლიმპიადაზე კვლავ ორხელისუფლიანობაა - 17-17 ქულა აქვთ აშშ-სა და ჩინეთის გუნდებს. უკეთესი კოეფიციენტი ოკეანისგაღმელებს აქვთ. 16-16 ქულა აქვთ და მესამე-მეხუთე ადგილებს იყოფენ პოლონეთის, საფრანგეთისა და რუსეთის გუნდები.

საქართველოს პირველ და მეორე ნაკრებებს 13-13 ქულა აქვთ და სხვა გუნდებთან ერთად 20-ე - 38-ე ადგილებზე არიან. მესამე ნაკრები კი 11 ქულით და კოეფიციენტის გათვალისწინებით 61-ე ადგილზეა.

ბოლო ტურში საქართველოს ვაჟთა პირველი ნაკრები ესპანეთის გუნდს ხვდება, მეორე - ირანის ნაკრებს, ხოლო მესამე - სინგაპურის გუნდს.

ჩემპიონის ბედი აშშ-სა და ჩინეთის ნაკრებთა შეხვედრაში გადაწყდება. მნიშვნელოვანია აგრეთვე საფრანგეთი - რუსეთისა და ინდოეთი-პოლონეთის მატჩები.

თენგიზ ჩობანიძე, სპეციალურად worldsport.ge-ისთვის ბათუმიდან

0.212321