ჩოგბურთი

16:40 | 4.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი პეკინის ტურნირის მეოთხედფინალშია!
ქართველმა ჩოგბურთელმა ვერდასკოს სძლია და რეიტინგში სარეკორდო 29-ე ადგილს უწია

26 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინეთის დედაქალაქ პეკინში მიმდინარე პრესტიჟული ტურნირის (საპრიზო ფონდი 4 658 510 დოლარი) მეოთხედფინალში გავიდა.

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილმა საწყის რაუნდში მე-6 ნომრად განთესილ ამერიკელ ჯეკ სოკს 6:7 (6:8), 7:5, 6:2 სძლია, დღეს კი, მერვედფინალში, მსოფლიოს ყოფილ მე-7 ჩოგან, აწ კი, რეიტინგში 28-ე ადგილზე მყოფი ესპანელი ფერნანდო ვერდასკო 7:6 (7:3), 6:4 დაამარცხა.

34 წლის ესპანელთან მატჩის პირველი სეტში ნიკა 4:2-ს იგებდა, თუმცა, უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და ყველაფერი ტაი-ბრეიკზე გადაწყდა. იქ ქართველი ჩოგბურთელი 2:0 დაწინაურდა, შემდეგ 2:3 ჩამორჩა, რასაც ზედიზედ მოგებული 5 გათამაშება მიაყოლა.

მსგავსი გამოდგა მე-2 სეტიც, რომლის სტარტზეც ბასილაშვილი 3:0 დაწინაურდა, თუმცა, ფერნანდომ უკუ-ბრეიკი ამჯერადაც შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა. საბედნიეროდ, 5:4-ზე ნიკოლოზმა მეტოქის მოწოდება კიდევ ერთხელ აიღო და მატჩი, რომელიც საათსა და 32 წუთს გაგრძელდა, სათავისოდ დაასრულა.

ამ წარმატების წყალობით, საქართველოს პირველმა ჩოგანმა 90 სარეიტინგო ქულა და 92 ათასი დოლარი გამოიმუშავა და ე.წ. “ლაივ-რეიტინგში” 29-ე ადგილზე გადაინაცვლა, რაც მის კარიერაში საუკეთესო მაჩვენებელია.

თუ ვინ იქნება ბასილაშვილის მეტოქე მეოთხედფინალში, მოგვიანებით გაირკვევა, როდესაც მე-2 ნომრად განთესილი გერმანელი ალექსანდერ ზვერევი ტუნისელ მალეკ ჯაზირის ეთამაშება.

0.12196