ფეხბურთი

10:21 | 4.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

გრიზმანმა ჩემპიონთა ლიგის მე-8000-ე გოლი გაიტანა

მადრიდის „ატლეტიკოს“ ფრანგი შემტევის, ანტუან გრიზმანის მიერ „ბრიუგეს“ კარში გატანილი მეორე გოლი ჩემპიონთა ლიგაში მე-8000-ე აღმოჩნდა - გვამცნობს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი.

წლევანდელი ჩემპიონთა ლიგის დასაწყისისათვის ფეხბურთელებს ტურნირში სულ 7912 ბურთი გაეტანათ. 45 გოლი ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში გავიდა. 20 მეორე ტურის პირველ სათამაშო დღეს. ოთხშაბათს გატანილი მე-20 გოლი კი ჯამში მე-8000-ე აღმოჩნდა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში. ის გრიზმანმა გაიტანა 67-ე წუთზე და თავისი „ატლეტიკო“ „ბრიუგესთან“ 2:1 დააწინაურა (ჯამში „ატლეტიკომ“ 3:1 გაიმარჯვა, გრიზმანმა კი დუბლი მიითვალა).

საინტერესოა, რომ სულ პირველი გოლი ჩემპიონთა ლიგაში 26 წლის წინათ გავიდა. 1992 წლის 25 ნოემბერს, ნიგერიელი დანიელ ამოკაჩის ზუსტმა დარტყმამ „ბრიუგეს“ მოსკოვის ცსკა-სთან მინიმალური ანგარიშით გაამარჯვებინა.

მაშინ ლიგაში გაცილებით ნაკლები მატჩები იმართებოდა და მე-1000-ე გოლი მხოლოდ ექვსი წლის შემდეგ გავიდა. კიდევ სამი წლის თავზე მე-2000-ე. მე-7000-ე კი ანხელ დი მარიამ შეაგდო 2015-ში.

0.113977