საჭადრაკო ოლიმპიადის მეცხრე ტურში საქართველოს ქალთა პირველი ნაკრები მონღოლეთის გუნდს შეხვდა . წინა ტურში წარუმატებლობის შემდეგ, ჩვენს გუნდს ჰაერივით ესაჭიროებოდა გამარჯვება, რათა საპრიზო ადგილებზე გასვლის შანსი შეენარჩუნებინა. ჩვენს მოჭადრაკე ქალებს ნამდვილად არ გასჭირვებიათ მეტოქის დამარცხება - 3:1. პირველ დაფაზე ნანა ძაგნიძემ მოიგო თავისი პარტია, მეოთხე დაფაზე - ბელა ხოტენაშვილმა, მეორე-მესამე დაფებზე ლელა ჯავახიშვილი და ნინო ბაციაშვილი მეტოქეებს დაუზავდნენ. ლელას ერთ მომენტში ცუდი პოზიცია ჰქონდა, მაგრამ მაინც მოახერხა ნახევარი ქულის აღება.
მეორე ნაკრებმა სერბ მოჭადრაკეებთან ფრედ ითამაშა - 2:2. სალომე მელია და ინგა ჭარხალაშვილი მეტოქეებს დაუზავდნენ, მირანდა მიქაძემ წააგო, სამაგიეროდ, სოფიკო ხუხაშვილმა იმარჯვა.
ჩვენი მესამე ნაკრები ვიეტნამის გუნდს დაუპირისპირდა და 0,5:3,5 დამარცხდა.
ამავე ტურში ჩინელებმა 3:1 სძლიეს ყაზახეთის გუნდს. ასეთივე ანგარიშით, სომხეთის ნაკრებმა ირანის გუნდს მოუგო, ხოლო რუსებმა რუმინელებს სძლიეს. უკრაინელმა ქალებმა ფრედ 2:2 ითამაშეს აზერბაიჯანელებთან, აშშ-ს გუნდმა კი 2,5:1,5 აჯობა უნგრეთის გუნდს.
9 ტურის შემდეგ 16 ქულით ჩინეთის გუნდი ერთპიროვნული ლიდერია, რომელსაც აქტივში 7 მოგება და 2 ფრე აქვს (შეგახსენებთ, რომ ფიდეს წესების თანახმად, გამარჯვების შემთხვევაში გუნდს 2 ქულა, ხოლო ფრეს შემთხვევაში - ერთი ქულა ეწერება).
15-15 ქულით და კოეფიციენტის გათვაისწინებით მეორე-მეოთხე ადგილებს იყოფენ უკრაინის, სომხეთისა და აშშ-ს ნაკრებები. 14-14 ქულა აქვს სამ გუნდს - რუსეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს პირველ ნაკრებს. ჩვენმა გოგონებმა 6 შეხვედრა მოიგეს, 2 ფრედ დაასრულეს და მხოლოდ ერთი წააგეს.
საქართველოს მეორე ნაკრებს 12 ქულა აქვს, ისევე როგორც სხვა 19 გუნდს - კოეფიციენტის გათვალისწინებით მე-15-ეა.
რაც შეეხება საქართველოს ქალთა მესამე გუნდს, ეს უკანასკნელი 11 ქულით 37-ე ადგილზეა.
ბოლოსწინა, მეათე ტურში საქართველოს მოჭადრაკე ქალთა პირველი ნაკრები ჩეხეთის გუნდს ხვდება, ჩვენი მეორე ნაკრები - იტალიისას, ხოლო მესამე ნაკრები - ესტონეთის გუნდს.
ძალზე საინტერესო იქნება უკრაინა-რუსეთის დაპირისპირება, გარდა ამისა ჩინეთის ნაკრები აშშ-ს გუნდს დაუპირისპირდება. ასევე ხვდებიან პოლიტიკურად კონფლიქტში მყოფი მეზობლები - აზერბაიჯანისა და სომხეთის გუნდები.
რაც შეეხება ვაჟებს, საქართველოს პირველმა ნაკრებმა 2,5:1,5 სძლია ბელარუსის გუნდს და ათეულში მოხვედრის შანსი შეინარჩუნა. ყაიმით დაასრულეს თავიანთი პარტიები მიხეილ მჭედლიშვილმა, ლევან ფანცულაიამ და დავით ჯოჯუამ. გამარჯვება ჩვენს გუნდს ივან ჩეპარინოვმა მოუტანა, რომელიც რომელიც მეორე დაფაზე ასპარეზობდა.
მეორე ნაკრები ლატვიის ნაკრებს დაუპირისპირდა და მეტოქე 2,5:1,5 დაამარცხა. თავიანთ დაფებზე თორნიკე სანიკიძე, ირაკლი ბერაძე და გიგა ყუფარაძე მეტოქეებს დაუზავდნენ, ხოლო ლევან ფანცულაიამ იმარჯვა.
ჩვენი მესამე გუნდმა კი ალჟირის სუსტ გუნდს 2,5:1,5 მოუგო.
ამავე ტურში პოლონეთის ნაკრებმა მთავარი ფავორიტი აშშ-ს გუნდი დაამარცხა 2,5:1,5. იან დუდამ (რეიტინგი - 2739) ყაიმით დაასრულა პარტია მსოფლიოს ნომერ მეორე მოჭადრაკესთან ფაბიანო კარუანასთან (2827), ასევე დაზავდნენ რადოსლავ ვოიტაჩეკი (2727) და უესლი სოუ (2776), იაცეკ ტომჩაკი (2614) და სამუელ შანკლანდი (2722). მესამე დაფაზე კი კასპერ პიორუნმა (2612) ოკეანისგაღმელი ჰიკარუ ნაკამურას მოუგო.
ასეთივე ანგარიშით აზერბაიჯანელებმა დათმეს შეხვედრა ჩინელ მოჭადრაკეებთან, სომხეთის ნაკრებმა კი ინდოეთის ნაკრებს აჯობა. ლევონ არონიანმა (2780) ყაიმით დაამთავრა პარტია ვიშვანათან ანანდთან (2771). ასეთივე შედეგით დასრულდა გაბრიელ სარგისიანი (2691) - პენტალა ჰარიკრიშნას (2743), ჰრანტ მელქუმიანი (2660) - აბჰიბანი (2668) პარტიები. მეოთხე დაფაზე კი ჰაიკ მარტიროსიანმა (2597) შეძლო კრიშნან სასიკირანის დამარცხება და ამით უზრუნველყო თავისი გუნდისათვის მნიშველოვანი 2 ქული მოტანა.
რუსეთის ნაკრებმა 3:1 მოუგო იტალიის გუნდს.
ცხრა ტურის შემდეგ 16 ქულით პირველ ადგილზე პოლონეთის ნაკრებია (7 მოგება, 2 ფრე). 15-15 ქულა აქვთ აშშ-ს, ჩინეთის, სომხეთისა და ინგლისის ნაკრებებს და კოეფიციენტის გათვალისწინებით, ისინი სწორედ ასეთი თანმიმდევრობით არიან განლაგებულნი მეორე-მეხუთე ადგილებზე.
საქართველოს ვაჟთა პირველი და მეორე ნაკრები 12-12 ქულით (5 მოგება, 2 ფრე, 2წაგება) სხვა ქვეყნების გუნდებთან ერთად მე-20 – 33-ე ადგილებს იყოფენ, კოეფიციენტს თუ გავითვალისწინებთ, პირველი გუნდი მე-20 ადგილზეა, ხოლო მეორე - 25-ე.
რაც შეეხება მესამე ნაკრებს, მას 11 ქულა აქვს და 52-ე საფეხურზე იმყოფება.
მეათე ტურში საქართველოს ვაჟთა პირველი ნაკრების მეტოქე ეგვიპტის გუნდია, მეორე ნაკრები არგენტინის ნაკრებს ხვდება, ხოლო ჩვენი მესამე ნაკრები ირანის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს.
ამავე ტურში ჩინეთის ნაკრები პოლონეთის გუნდის წინააღმდეგ ითამაშებს, სომხეთის გუნდდ კი დაძაბული მატჩი ელის აშშ-ს ნაკრებთან. ლიდერთა ჯგუფში სხვა საინტერესო მატჩები შედგება: რუსეთი - ინგლისი, აზერბაიჯანი - უკრაინა, ჰოლანდია - ინდოეთი...
შეგახსენებთ, რომ ოლიმპიადის დასრულებამდე ორი ტური რჩება.
თენგიზ ჩობანიძე, სპეციალურად worldsport.ge-ისთვის ბათუმიდან