საქართველოს ეროვნული ლიგის მე-19 ტურის გადადებული მატჩი „ტორპედოსა“ და გორის „დილას“ შორის დღეს გაიმართა. მოგეხსენებათ, საქართველოს ჩემპიონმა, როდესაც ევროსარბიელზე ასპარეზობდა, ეროვნული ლიგის სამი შეხვედრა გამოტოვა.
ორივე გუნდისთვის მატჩს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან „დილა“ ევროზონაშია და რა თქმა უნდა, მიზნად ევროპა ლიგაზე გასვლა აქვს დასახული, ხოლო ჩემპიონი „ტორპედო“ უფრო რთულ ვითარებაში ხვდებოდა ამ თამაშს - მეხუთე პოზიციაზე იყო.
კახა ჩხეტიანის გუნდი უფრო კარგად გამოიყურებოდა და შეიძლება ითქვას, დამსახურებულადაც მოიგო. ყველაფერი პირველ ტაიმში გაირკვა. ჯერ იყო და, გიორგი ქიმაძის კარგი გადაცემის შედეგად მილოშ ლაჩნიმ გაიტანა. სლოვაკმა მეკარეს დაასწრო და ახლო მანძილიდან ადვილად შეაგდო. ქუთათურებმა მეორე გოლი ტაიმის ბოლოს გაიტანეს. ამჯერად, მათე ცინცაძის სტანდარტს ლევან კუტალია გამოეხმაურა და მოხდენილი გოლი გამოუვიდა - 2:0.
მეორე ნახევარში სტუმართა მცდელობის მიუხედვად, არაფერი შეცვლილა და „ტორპედომ“ სატურნირო მდგომარეობა გამოიკეთა: გაუთანაბრდა „ჩიხურას“ და ოთხეულში შევიდა, ხოლო „დილას“ სულ რაღაც 4 ქულით ჩამორჩება. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ კონკურენტებთან შედარებით 2 თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული, გამოდის, მოქმედი ჩემპიონის შანსი უფრო ფასობს.
საინტერესოა, რომ მომდევნო შეხვედრას „ტორპედო“ და „დილა“ ისევ ერთმანეთის წინააღმდეგ ჩაატარებენ. ამჯერად, გორში, 7 ოქტომბერს, 28-ე ტურის ეგიდით.
„ტორპედო“ – „დილა“ 2:0 (2:0)
გოლები: 1:0 ლაჩნი (6), 2:0 კუტალია (44)