სხვა

16:40 | 2.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის გაცილება ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შტაბ-ბინაში გაიმართა მესამე ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე (ბუენოს აირესი, 6-18 ოქტომბერი) საქართველოს სპორტული დელეგაციის გაცილების ცერემონია.

ამ ტრადიციულ და ემოციურ ღონისძიებას წინ უძღოდა სეოკ-ის აღმასკომის სხდომა, სადაც პირველ რიგში სწორედ ახალგაზრდულ თამაშებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. საოლიმპიადო სამზადისზე მოისმინეს სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტის, საქართველოს ოლიმპიური მისიის ხელმძღვანელის ნინო სალუქვაძის, ცალკეული სპორტული ფედერაციების წარმომადგენლების და მწვრთნელების ინფორმაცია.

აღინიშნა, რომ ჩვენს ახალგაზრდა სპორტსმენებს, ოლიმპიური კომიტეტის, სპორტის სამინისტროს და შესაბამისი ფედერაციების მხარდაჭერით, ყველა პირობა ჰქონდათ შექმნილი სალიცენზიო ტურნირებისთვის და უშუალოდ თამაშებისთვის მზადების პერიოდში. სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა ისაუბრა მომავალი შეჯიბრების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე, წინა თამაშებთან შედარებით ლიცენზიანტთა რიცხვის ზრდაზე, ჩვენი სპორტსმენების კვალიფიკაციაზე და იმედი გამოთქვა, რომ ბუენოს-აირესში აუცილებლად აჟღერდება საქართველოს ჰიმნი.

სეოკ-ის აღმასკომის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის შემადგენლობა.

სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მამუკა ხაბარელმა სხდომას წარუდგინა ინფორმაცია საერთაშორისო ოლიმპიურ დღესთან დაკავშირებით თბილისში ჩატარებული ორი მნიშვნელოვანი ღონისძიების - სრულიად საქართველოს ოლიმპიელთა ფორუმის (რუსთაველის თეატრი) და მასობრივი სპორტული ფესტივალის (კუს ტბა) ჩატარების შესახებ. ითქვა, რომ ორივე ეს ღონისძიება იყო საინტერესო და წარმატებული.

აღმასკომმა დაადგინა, რომ სეოკ-ის წესდების შესაბამისად, სეოკ-ის საანგარიში სესია გაიმართება 2018 წლის 21 დეკემბერს.

სხდომის შემდეგ აღმასკომის წევრებმა და მოწვეულმა სტუმრებმა სეოკ-ის ეზოში გადაინაცვლეს, სადაც გაიმართა დელეგაციის გაცილების ცერემონია, რომელსაც უძღვებოდა სეოკ-ის პირველი ვიცე-პრეზიდნტი ელგუჯა ბერიშვილი.

სპორტსმენებს მიესალმნენ და არგენტინაში წარმატებული გამოსვლა უსურვეს სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ შალვა გოგოლაძემ, საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა კახი კახიაშვილმა, სეოკ-ის პარტნიორის - „საქართველოს ბანკის" საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორმა ხათუნა კაკაბაძემ.

ოლიმპიური მისიის ხელმძღვანელმა ნინო სალუქვაძემ შეკრებილ საზოგადოებას წარუდგინა ლიცენზიანტი სპორტსმენები და მათი მწვრთნელები. ოლიმპიური ფიცის ტექსტი წაიკითხა მხატვრულმა ტანმოვარჯიშემ ქეთევან არბოლიშვილმა.

ბუენოს აირესში, ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე, 12 დღის განმავლობაში მსოფლიოს 178 ქვეყნის 4 ათასამდე სპორტსმენი სპორტის 32 სახეობაში მედლების 241 კომპლექტს გაითამაშებს. მათ შორის იქნება საქართველოს 15 წარმომადგენელი, რომლებმაც ოლიმპიადის ლიცენზიები სპორტის 10 სახეობაში მოიპოვეს.

ბუენოს აირესში გამოვლენ ქეთევან არბოლიშვილი (მხატვრული ტანვარჯიში), ანა მაქაცარია (ჩოგბურთი), ნინო ხუციბერიძე (ტყვიის სროლა - 10 მ, პნევმატური პისტოლეტი), გიორგი გეგელაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა, 48 კგ) გიორგი თოხაძე (ბ/რ ჭიდაობა, 51 კგ), გიორგი ჩხიკვაძე ( ბ/რ ჭიდაობა, 60 კგ), ილია სულამანიძე (ძიუდო, 100 კგ), არჩილ მალაყმაძე (ძალოსნობა, 69 კგ), ზურაბ კინწურაშვილი (ტაეკვონდო, 48 კგ), გიორგი კეკიშვილი (მძლეოსნობა, უროს ტყორცნა), გაგა ხიჯაკაძე (თანამედროვე ხუთჭიდი), 3X3 კალათბურთელთა გუნდი - ლუკა მაზიაშვილი, ლაშა მიქელაძე, ოთარ პერტაია და ზურაბ ჟღენტი.

* * *

2010 წლის სინგაპურის პირველ ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე სპორტის 3 სახეობაში (ძიუდო, თავისუფალი ჭიდაობა, ცურვა) 5 ქართველი სპორტსმენი გამოდიოდა. ერთადერთი ბრინჯაოს მედალი ირაკლი მოსიძემ (თავისუფალი ჭიდაობა) მოიპოვა, გუნდურ ჩათვლაში კი 84-ე ადგილზე გავედით.

მეორე ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე, რომელიც 2014 წელს ჩინეთის ქალაქ ნანძინში გაიმართა, საქართველოს 12-მა სპორტსმენმა იასპარეზა სპორტის 7 სახეობაში (ძიუდო, თავისუფალი ჭიდაობა, მძლეოსნობა, კრივი, ცურვა, ბატუტზე ხტომა და ფარიკაობა). მათ ვერცხლის 2 (თამაზ კირაკოზაშვილი - ძიუდო, მექი სიმონია - თავისუფალი ჭიდაობა,) და ბრინჯაოს 1 (ივერიკო ჯულაყიძე - თავისუფალი ჭიდაობა) მედალი აიღეს, გუნდურ ჩათვლაში კი 58-ე ადგილი დაიკავეს.

www.geonoc.org.ge

0.192025