ჩოგბურთი

14:14 | 2.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილმა სოკი დაამარცხა და ვერდასკოსთან მატჩი ელის

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინეთის დედაქალაქ პეკინში დაწყებულ პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 4 658 510 დოლარი) ჩაერთო და საწყის წრეში, ორსაათნახევარში, ამერიკელ ჯეკ სოკს 6:7 (6:8), 7:5, 6:2 სძლია.

აღსანიშნავია, რომ პირველ სეტში ნიკოლოზმა 5 ბრეიკ-პოინტი ვერ გამოიყენა და ტაი-ბრეიკზე წააგო, მე-2 სეტში 5:5-ზე, ქართველი ჩოგბურთელი მიჯრით ორ გეიმში 0:40 მარცხდებოდა, თუმცა, ორივე შემთხვევაში იმარჯვა, მე-3 სეტში კი 2:2-დან მიჯრით 4 გეიმი მოიგო.
ცნობისთვის, ბასილაშვილმა მსოფლიო რეიტინგში მე-17 ადგილზე მყოფ სოკს წლეულს უკვე მეორედ მოუგო. 2018 წლის აშშ-ს ღია პირველობაზე ნიკოლოზმა ჯეკთან პირველი სეტი ასევე დათმო, საბოლოოდ კი, 4:6, 6:3, 6:2, 7:6 (7:3) სძლია.
ამ წარმატების წყალობით, ბასილაშვილმა ჩინეთში 45 სარეიტინგო გამოიმუშავა და 1302 ქულით ე.წ. “ლაივ-რეიტინგში” მისთვის სარეკორდო 30-ე ადგილზე გადაინაცვლა.
უკვე ცნობილია, რომ პეკინის ტურნირის მერვედფინალში ბასილაშვილის მეტოქე ესპანელი ფერნანდო ვერდასკო იქნება, რომელმაც დღესვე ფრანგ გაელ მონფილსს 2:6, 7:6 (7:3), 7:6 (7:5) სძლია. თუკი ნიკოლოზმა პირენეელსაც აჯობა, 90 ქულას მიიღებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113118