კალათბურთი

11:55 | 2.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ევროლიგის MVP-ს ტიტულის 10 მაძიებელი: რჩეულთა შორის თორნიკე შენგელიაცაა (+VIDEO)

საკალათბურთო ევროლიგის ახალი სეზონი სტარტს 11 ოქტომბერს აიღებს, მანამდე კი, ტურნირის ოფიციალურ ვებგვერდზე შეჯიბრის MVP-ს ტიტულის 10 უმთავრესი კანდიდატის სია გამოქვეყნდა. სასიხარულოა, რომ მათ შორის ესპანური “ბასკონიას” ქართველი ლეგიონერი თორნიკე შენგელიაც მოხვდა, რომელსაც მე-5 პოზიცია მიუჩინეს.

ცნობისთვის, აქამდე, ხსენებული ტიტული 7 კლუბის 13 წარმომადგენელს აქვს მოგებული, თელ ავივის “მაკაბის” ამერიკელი კალათბურთელი ენტონი პარკერია კი ერთადერთია, ვინც ჯილდო 2-ჯერ (2005, 2006) დაიმსახურა.
რჩეულთა სიაში უკვე პენსიაში გასული ვარსკვლავები – ტეო პაპალუკასი, რამუნას შიშკაუსკასი და ხუან კარლოს ნავაროც არიან, ასევე ისინიც, ვინც მომავალი სეზონის MVP-ს ტიტულის მაძიებლებში ვხედავთ: ვასილისი სპანულისი (ჯილდო 2013 წელს ერგო), სერხიო როდრიგესი (2014), ნანდო დე კოლო (2016) და სერხიო ლული (2017).
ახლა კი, ისევ შენგელიას დავუბრუნდეთ, რომელსაც ევროლიგის საიტი ასე ახასიათებს: “თორნიკე შენგელია ერთ-ერთი კალათბურთელია, რომელსაც გამორჩეული სეზონი ჰქონდა და ტურნირის ყველაზე პროდუქტიულ და შედეგიან “ბიგ მენად” იქცა. თორნიკეს მე-3 საშუალო მაჩვენებლები ჰქონდა სარგებლიანობის კოეფიციენტებში (18.2), ქულებსა (13.7) და მოხსნებში (6.2).
ამ შედეგის წყალობით, შენგელია ევროლიგის პირველ სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა და რაც მთავარია, ის “ბასკონიას” უდავო ლიდერად ჩამოყალიბდა, გუნდისა, რომელიც მომავალ წელს ევროლიგის “ოთხთა ფინალის” მასპინძელი იქნება. თუკი თორნიკემ მომავალ სეზონშიც გაიბრწყინა, მას შანსი ექნება პირველი კალათბურთელი გახდეს, ვინც MVP-ს ტიტულს ევროლიგის ჩემპიონის რანგში მიიღებს”.
აქვე პრეტენდენტთა ათეულის სრულ შემადგენლობასაც გაგაცნობთ: 10. სკოტი ვილბეკინი (“მაკაბი”), 9. ვასილის სპანულისი (“ოლიმპიაკოსი”), 8. სერხიო როდრიგესი (“ცსკა”), 7. მაიკ ჯეიმსი (“მილანი”), 6. იან ვესელი (“ფენერბაჰჩე”), 5. თორნიკე შენგელია (“ბასკონია”), 4. ალექსეი შვედი (“ხიმკი”), 3. სერხიო ლული (“რეალი”), 2. ნანდო დე კოლო (ცსკა), 1. ნიკ კალატესი (“პანათინაიკოსი”).
და ერთიც. შენგელიას “ბასკონიას” ევროლიგის ახალი სეზონის სასტარტო მატჩი 12 ოქტომბერს ელის, როდესაც ლიტვაში კაუნასის “ჟალგირისს” ეთამაშება.

0.130991