154 მატჩი, 120 გოლი, ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი - ეს, კრიშტიანუ რონალდუს მონაგარია ამ წუთისთვის ჩემპიონთა ლიგაზე. ზუსტად 15 წლის წინ, ამ დღეს, 2003 წლის 1 ოქტომბერს, ითამაშა პორტუგალიელმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე პირველად. იმხანად რონალდუ 18 წლისა და 238 დღის გახლდათ.
„გოტლიბ დაიმლერ შტადიონზე“, ფელიქს მაგათის „შტუტგარტი“ ალექს ფერგიუსონის „მანჩესტერ იუნაიტედს“ მასპინძლობდა. მაშინ, ლეგენდარულმა შოტლანდიელმა მომავალი ლეგენდა ძირითად შემადგენლობაში გაამწესა და ვინ წარმოიდგენდა, რომ რონალდუ ყველა რეკორდს დაამყარებდა ევროპის უპრესტიჟულეს ტურნირზე...
მართალია, იქამდე, კრიშტიანუს ლისაბონის „სპორტინგის“ რიგებში მილანის „ინტერის“ წინააღმდეგ ჰქონდა ნათამაშები, მაგრამ ეს საკვალიფიკაციო ეტაპზე მოხდა, ხოლო ჯგუფური ეტაპი მაინც სხვა სიმაღლეა.
სხვათა შორის, იმ დღეს, კიდევ ერთი 18 წლის დებიუტანტი და მომავალი ლეგენდა იყო მინდორზე სადებიუტო თამაშს ატარებდა: „ბაიერნიდან“ „შტუტგარტში“ იჯარით მოთამაშე ფილიპ ლამი.