საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციაში მსაჯებისთვის სეზონისწინა გამოცდები ჩატარდა. როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ტესტები მსაჯთა კავშირის ორგანიზებით გაიმართა და მას საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მსაჯთა ინსტრუქტორი, სერბეთიდან მოწვეული დრაგან ნესკოვიჩი უძღვებოდა. ევროპაში ცნობილი მსაჯი უკვე ერთი წელია, საქართველოში იმყოფება და მისი ძირითადი საზრუნავი ქართველი მსაჯების კვალიფიკაციის ამაღლება და ამ სფეროში კადრების მოძიებაა.
დრაგან ნეშკოვიჩის ძალისხმევით, ბოლო ერთ წელიწადში ქართველი მსაჯების რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა და მათი უმეტესობა ახალგაზრდა არბიტრია, რომელთა კვალიფიკაციის ამაღლებასაც ემსახურება ზემოთაღნიშნული გამოცდები. ამავდროულად, თეორიული და პრაქტიკული ტესტირება ხელს უწყობს მოქმედი მსაჯების ფორმაში ყოფნას და მათ იმ სიახლეებთან ადაპტირებას, რაც ფიბა-ს მიერ ყოველი ახალი სეზონის წინ ხორციელდება კალათბურთის თამაშის წესებში.
ეგრედ წოდებულ ფიტნეს-ტესტებს კი ფიბა წელიწადში ორჯერ ატარებს და ვინც მათ ვერ ჩააბარებს, მისი ორგანიზებით ჩატარებული ევროტურნირების მატჩების მომსახურება არ შეეძლებათ. ფიტნესისა და საკალათბურთო წესების თეორიული გამოცდები ფიბა-ს ქართველმა არბიტრებმა – მაკა კუპატაძემ და დავით ბერეკაშვილმა წინა კვირაში წარმატებით ჩააბარეს, დღეს კი დრაგან ნეშკოვიჩმა აღნიშნული ტესტები საქართველოს ჩემპიონატებში დაკავებულ და დამწყებ მსაჯებსაც ჩაუტარა.
დრაგან ნეშკოვიჩის განცხადებით, შედეგები დამაკმაყოფილებელია, თუმცა სამუშაოც საკმაოდ ბევრია. მსაჯობის დაწყების მსურველთა ახალი ჯგუფები რამდენიმე დღეში შეიკრიბება, ხოლო შარშანდელი სეზონის დაწყებამდე შექმნილი ჯგუფებიდან არბიტრები საქართველოს ასაკობრივი ჩემპიონატების მატჩებს მოემსახურებიან.
www.gbf.ge