ფეხბურთი

4:15 | 1.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლევან მჭედლიძე: "ყველაფერს ვაკეთებ, რომ 100%-ით მზად ვიყო"
"როდესაც ასეთი თამაშის მიუხედავად მარცხდები, საშინელებაა"

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ლევან მჭედლიძე ნელ-ნელა უფრო მეტ დროს ატარებს მოედანზე. „ემპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა აურელიო ანდრეაცოლიმ ჩვენებური „პარმასთან“ შეხვედრაში 30 წუთი დატვირთა და ეს უკვე მეორე თამაში იყო ლევანისთვის ბოლო სამ დღეში.

„ენიო ტარდინიზე“ სტუმრებმა უფრო კარგად ითამაშეს, მაგრამ საგოლე მომენტები ვერ გამოიყენეს და დამარცხდნენ. მჭედლიძემ კი, „მილანთან“ მატჩისგან განსხვავებით, ამჯერად ვერ მოახერხა გუნდის მარცხისგან ხსნა.

ნამატჩევს, ქართველ ფორვარდს Radio Lady-სთან ისაუბრა:

„ეს არ ყოფილა განსხვავებული თამაში, უბრალოდ არ გაგვიმართლა. სანახაობრივი ფეხბურთი ვითამაშეთ და გვჭირდება ცოტა იღბალი, რომელიც ადრე თუ გვიან მოვა. თუმცა, უნდა გავაგრძელოთ მუშაობა, როგორც აქამდე ვაკეთებდით.

- ფიზიკურად როგორ ხართ?

- ხუთშაბათს, „მილანთან“ ასეთი დაბრუნება დიდებული იყო. ვცდილობ, რომ უფრო მოვუმატო და პროგრესი განვაგრძო. ყველაფერს ვაკეთებ, რომ სასურველ ფიზიკურ კონდიციებში ვიყო და იმედია, ადრე თუ გვიან, 100%-ით მზად ვიქნები.

- ბევრი საგოლე მომენტი, ცოტა გოლი...

- როდესაც იღბალი ვახსენე, ეს ვიგულისხმე, რაღაც გვაკლია. უფრო მეტად თავდაჯერებულები უნდა გავხდეთ და ამ ასპექტში უნდა გავიზარდოთ. ჩემი აზრით, ამ გუნდს სხვა არაფერი აკლია. როდესაც ასე თამაშობ და მარცხდები, საშინელებაა, იმედგაცრუებაა. მაგრამ, ამაზე ბევრი არ უნდა ვიფიქროთ და წინ ვიყურებით. ეს უკვე წარსულია და ახლა მხოლოდ „რომასთან“ შეხვედრაზე ვფიქრობთ“.

0.120657