ავტოსპორტი

23:39 | 30.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჰამილტონს 70-ე გამარჯვება ბოტასმა აჩუქა

თამამად შეიძლება ითქვას, ეს ის გამარჯვებაა, რომლის გახსენებასაც ლუის ჰამილტონი არასდროს ისურვებს. მაგრამ ფაქტია, დღეს მან გამარჯვება თანაგუნდელ ვალტერი ბოტასის მიერ გზის დათმობის წყალობით მოიპოვა.

რა თქმა უნდა, ასეთი შემთხვევები, ფორმულა 1-ს ავტორიტეტს ულახავს, მაგრამ „მერსედესის“ პრაგმატული გადაწყვეტილება სწორედ ასეთი იყო - სამქიმიანებს სურთ, რომ „ფერარის“ სებასტიან ფეტელთან სატიტულო ბრძოლაში, ჰამილტონმა რაც შეიძლება, დიდი უპირატესობა მიიღოს. სხვა საკითხია, რეალურად სჭირდებოდა თუ არა ბრიტანელ პილოტს ასეთი გამარჯვება.

რბოლის შემდგომ სახელდახელო ინტერვიუს და დაჯილდოების ცერემონიის დროსაც, ჰამილტონს სახეზე ბოდიში ეწერა, ბოტასს - გაწბილება, ფეტელი კი ღიმილით ულოცავდა/უსამძიმრებდა თავის მეტოქეებს ასეთ გამარჯვებას. ასეთი სამძიმრის ფონზე კი თავის ადგილზე ჩანდა რუსეთის პრეზიდენტი, რომელმაც რბოლის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე ინება საკუთარი ლოჟის დაკავება.

რბოლა კი ნამდვილად არ გამოდგა ისეთი უინტერესო, როგორსაც ბევრი პროგნოზირებდა. არა იმიტომ, რომ მის დასაწყისში, ფეტელმა ჰამილტონთან გაბრძოლება სცადა, შუა რბოლაში კი მასვე ოდნავ სახიფათოდ ჩაუკეტა გზა, რაც სტიუარდების განხილვის საგანი გახდა. არამედ იმიტომ, რომ თავისი ოსტატობა კიდევ ერთხელ გვიჩვენა მაქს ფერსტაპენმა, ვისაც რბოლის დღეს 21 წელი შეუსრულდა. მან სტარტის ბოლო რიგიდან სწრაფად გაიკაფა გზა მოწინავე პოზიციამდე და რბოლის დიდი ნაწილი ლიდერის როლში გაატარა.

ფერსტაპენის მსგავსად, შესანიშნავად იასპარეზა „ფერარის“ მომავალმა პილოტმა შარლ ლეკლერმა, ვინც „დანარჩენებში“ პირველი, ანუ მეშვიდე ადგილი დაიკავა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მისი სახით, ფეტელს მალე ძალიან კერკეტი თანაგუნდელი ეყოლება. და რა თქმა უნდა, აღნიშვნას იმსახურებს დანიელ რიკარდო, ვინც ფერსტაპენივით ბოლო რიგიდან დაიწყო და ფინიშს მეექვსემ მიაღწია. ოღონდ, თანაგუნდელთან შედარებით, პრაქტიკულად „არ ჩანდა“.

მოკლედ, ჰამილტონმა კარიერაში 70-ე გამარჯვება მოიპოვა და ფეტელთან უპირატესობა 50 ქულამდე გაზარდა. სეზონის დასრულებამდე დარჩენილ 5 ეტაპზე, ასეთი ჩამორჩენის აღმოფხვრა გერმანელს ძალიან გაუჭირდება.

რუსეთის დიდი პრიზი

სოჭი, ოლიმპიური ტრეკი, დისტანცია 309,745 კმ (5.848 კმ, 53 წრე)

  1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:27.25.181
  2. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 2.545
  3. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 7.487
  4. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 16.543
  5. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 31.016
  6. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული) 1:20.451
  7. შარლ ლეკლერი (მონაკო, ზაუბერი) 1:38.390
  8. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 1 წრე
  9. ესტებან ოკონი (საფრანგეთი,ფორს ინდია) 1 წრე
  10. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 1 წრე
  11. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 1 წრე
  12. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, რენო) 1 წრე
  13. მარკუს ერიკსონი (შვედეთი, ზაუბერი) 1 წრე
  14. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 1 წრე
  15. ლანს სტროლი (კანადა, უილიამსი) 1 წრე
  16. სტოფელ ვანდოორნი (ბელგია, მაკლარენი) 2 წრე
  17. კარლოს საინსი (ესპანეთი, რენო) 2 წრე
  18. სერგეი სიროტკინი (რუსეთი, უილიამსი) 2 წრე
  19. პიერ გასლი (საფრანგეთი, ტორო როსო) 49 წრე
  20. ბრენდონ ჰარტლი (ახ.ზელანდია, ტორო როსო) 49 წრე

მრბოლთა კლასიფიკაცია

1. ლუის ჰამილტონი - 306 ქულა; 2. სებასტიან ფეტელი - 256; 3. ვალტერი ბოტასი - 189; 4. კიმი რაიკონენი - 186; 5. მაქს ფერსტაპენი - 158; 6. დანიელ რიკარდო - 134; 7-8. კევინ მაგნუსენი და ნიკო ჰულკენბერგი - 53; 9. ფერნანდო ალონსო - 50; 10-11. სერხიო პერესი და ესტებან ოკონი - 47; 12. კარლოს საინსი - 38; 13. პიერ გასლი - 28; 14. რომენ გროჟანი - 27; 15. შარლ ლეკლერი - 21; 16. სტოფელ ვანდოორნი - 8; 17-18. ლანს სტროლი და მარკუს ერიკსონი - 6; 19. ბრენდონ ჰარტლი - 2; 20. სერგეი სიროტკინი - 1

გუნდების ჩემპიონატი

1. მერსედესი - 495 ქულა; 2. ფერარი - 442; 3. რედ ბული - 292; 4. ფორს ინდია - 94; 5. რენო - 91; 6. ჰაასი - 80; 7. მაკლარენი - 58; 8. ტორო როსო - 30; 9. ზაუბერი - 27; 10. უილიამსი - 7

0.334224