მადრიდის „რეალისა“ და „ბარსელონას“ ანტირეკორდები. ესპანური ფეხბურთის გრანდები ლა ლიგაში ბოლო ორი ტურია გამარჯვებას ერთდროულად ვერ ახერხებენ. მიუხედავად ამისა, 7 ტურის შემდეგ 14-14 ქულით ლიდერები არიან. პირველი პოზიცია მაინც „ბარსას“ უკავია ბურთების უკეთესი შეფარდების გამო.
საინტერესოა, რომ 1993-1994 წლების სეზონიდან მოყოლებული 7 ტურის შემდეგ ლიდერი ასეთი დაბალი მაჩვენებლით არცერთი გუნდი არ ყოფილა. ამასთან, „ბლაუგრანას“ უკვე სამი ტურია არ მოუგია („ჟირონა“ 2:2, „ლეგანესი“ 1:2, „ბილბაო“ 1:1) და ერნესტო ვალვერდეს მწვრთნელობის პერიოდში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სამი მოუგებელი თამაში ჩაატარა.
რაც შეეხება „რეალს“, „სამეფო კლუბმა“ ჯერ „სევილიასთან“ (0:3) წააგო, ხოლო შემდეგ „ატლეტიკოს“ დაუზავდა. 2011 წლის სექტემბრის შემდეგ კი პირველად მოხდა, რომ „ბლანკოსმა“ ლა ლიგის ზედიზედ ორ თამაშში გოლი ვერ გაიტანა.
ბოლოს მადრიდულ გრანდს ასეთი სერია ჟოზე მოურინიოს თავკაცობის პერიოდში ჰქონდა, როდესაც „ლევანტესთან“ (0:1) და „რასინგთან“ (0:0) ჩაატარა უგოლო მატჩები.