ფეხბურთი

3:00 | 30.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

"დორტმუნდმა" "ბაიერნი" უკან მოიტოვა

გერმანიის ბუნდესლიგის მეექვსე ტურში მიუნხენის „ბაიერნის“ მარცხით ჩინებულად ისარგებლა დორტმუნდის „ბორუსიამ“ და გალიდერდა. გელზენკირხენის „შალკემ“ კი, ესოდენ ნანატრი გამარჯვება მოიპოვა.

„ბაიერნმა“ პარასკევს წააგო და შესაბამისად, „დორტმუნდმა“ იცოდა, რომ ლევერკუზენში მოგების შემთხვევაში გალიდერდებოდა. მიუხედავად ამისა, ლუსიენ ფავრის გუნდისთვის „ბაი არენაზე“ ძალზე მძიმედ დაიწყო ყველაფერი. ვეიზერისა და ჯონათან ტაჰის გოლებით „ფარმაცევტებმა“ ტაიმი 2:0 მოიგეს და თითქოს, „ყვითლების“ სურვილსა და ოცნებას ცივი წყალიც უნდა გადავლებოდა. თუმცა, ყველაფერი წინ იყო.

მეორე ნახევარში „დორტმუნდმა“ სრულიად სხვა ფეხბურთი ითამაშა და მეტოქეს შანსი არ დაუტოვა. ლარსენმა და მარკო როისმა ოთწუთიანი ინტერვალით გაათანბრეს. ხოლო მატჩის გმირი პაკო ალკასერი გახდა. ესპანელი ნელ-ნელა გერმანულ ფეხბურთს ალღოს უღებს და ეს ამჯერადაც დადასტურდა. 85-ე და 90-ე წუთებზე პაკომ დუბლი გაიფორმა და თავისი გუნდი გაალიდერა!

ზედიზედ 5 წაგებისა და ბოლო ადგილზე უქულოდ ყოფნის შემდეგ, როგორც იქნა, მოიგო „შალკემ“. ვიცე-ჩემპიონისთვის სეზონი კატასტროფულად დაიწყო და ამიტომ, „მაინცთან“ შინ წაფორხილების უფლება არ ჰქონდა. „ხუმარებს“ რა თქმა უნდა, გაუჭირდათ, მაგრამ საწადელს მაინც მიაღწიეს და პირველი ქულები მიითვალეს.

4 დღის წინ, დორტმუნდში გაცამტვერების შემდეგ „ნიურნბერგმა“ საკუთარი გულშემატკივრის თვალწინ რეაბილიტაცია მოახერხა. ბავარიელებმა „დიუსელდორფს“ შანსი არ დაუტოვეს და 3:0 დაამარცხეს. მნიშვნელოვანი სამი ქულა მიითვალა „ლაიფციგმა“, რომელსაც ასევე არ ჰქონია კარგი სტარტი. რალფ რანგნკისი გუნდმა იქ მოიგო, სადაც მოგება ზოგადად ძნელია - ზინსჰეიმში, „ჰოფენჰაიმთან“.

ბრემენის „ვერდერის“ წარმატებული სერია შტუტგარტში შეწყდა, სადაც ადგილობრივ გუნდთან 1:2 დამარცხდა, ხოლო „ვოლფსბურგმა“ და „გლადბახმა“ ერთმანეთს 2-2 გოლი გაუტანეს და შესაბამისად ქულებიც გაიყვეს.

„ნიურნბერგი“ – „დიუსელდორფი“ 3:0 (1:0)

გოლები: 1:0 ბერენსი (28, პენ), 2:0 იშაკი (64), 3:0 პალასიოსი (78)

„ჰოფენჰაიმი“ – „ლაიფციგი“ 1:2 (0:0)

გოლები: 0:1 პოულსენი (53), 0:2 პოულსენი (73), 1:2 კრამარიჩი (90, პენ)

„შალკე“ – „მაინცი“ 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 შოპფი (11)

„შტუტგარტი“ – „ვერდერი“ 2:1 (1:0)

გოლები: 1:0 დონისი (19), 1:1 ცილერი (68, ა.გ), 2:1 კასტრო (75)

„ვოლფსბურგი“ – „გლადბახი“ 2:2 (1:1)

გოლები: 0:1 პლეა (7), 1:1 სტეფენი (12), 1:2 აზარი (48), 2:2 ვერგორსტი (59)

„ლევერკუზენი“ – „დორტმუნდი“ 2:4 (2:0)

გოლები: 1:0 ვეიზერი (9), 2:0 ტაჰი (39), 2:1 ლარსენი (65), 2:2 როისი (69), 2:3 პაკო ალკასერი (85), 2:4 პაკო ალკასერი (90)

თეგებიბუნდესლიგა
0.26357