ფეხბურთი

2:10 | 30.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

რომი "რომასია", იტალია - "იუვენტუსის" (+VIDEO)

იტალიის სერია A-ს მეშვიდე ტურმა სტარტი ორი სუპერშეხვედრით აიღო. ძალიან რთულია, მათ შორის, რომელიმე გამოარჩიო, რადგან თავისი უპირატესობები ორივეს გააჩნია. თუმცა, ვინაიდან, პირველი რომაული დერბი შედგა, ჩვენც ამით დავიწყოთ.

„რომას“ მთავარ მწვრთნელ ეუსებიო დი ფრანჩესკოს ძალიან ბევრი კრიტიკა შეხვდა სეზონის სტარტზე და მავანნი იმასაც ამბობდნენ, რომ დერბიში ფეხის დაცდენას არავინ აპატიებდა. თავის მხრივ, „ლაციომ“ ორი მარცხის შემდეგ მიჯრით 4 თამაში მოიგო და „დერბი დელა კაპიტალეს“ მშვენიერ ხასიათზე შეხვდა. თუმცა, როგორც 90 წუთმა გამოაჩინა, სიმონე ინძაგის გუნდი უმნიშვნელოვანეს დაპირისპირების მოუმზადებელი შეხვდა. ყოველშემთხვევაში, „რომამ“ მეტოქე აშკარად დაჯაბნა და დამსახურებულადაც მოიგო.

საწყისი წუთები უფრო დაზვერვის ხასიათს ატარებდა, ხოლო ტაიმის შუაწელიდან გუნდებმა სახიფათო მომენტების შექმნაც დაიწყეს. პირველ ნახევარში ბედმა მხოლოდ ლორენცო პელეგრინის გაუღიმა. თანაც, ორჯერ. ჯერ იყო და ხავიერ პასტორე დაშავდა და მის ნაცვლად შევიდა მოედანზე, ხოლო ტაიმის ბოლო წუთზე ჩინებული გოლი შეაგდო. მეკარისა და მცველის შეუთანხმებელი მოქმედებით კარგად ისარგებლა 22 წლის იტალიელმა და ქუსლით გადაგზავნა ბურთი კარში. როგორია, რომაულ დერბში გოლს რომ ასეთ სტილში იტან? ალბათ გადასარევი და ეს პელეგრინიმ ძალიან კარგად იცის. მეორე ნახევარში „ლაციოს“ მდგომარეობა გამოსასწორებელი ჰქონდა, მაგრამ „არწივების“ დღე უბრალოდ არ იყო. ჩირო იმმობილემ კი გაათანაბრა, მაგრამ ეს დიდწილად ფაციოს შეცდომის შედეგი გახლდათ, ვიდრე „ლაციოს“ გააზრებული თამაშის. თუმცა, თავად შემტევიც კარგად გაისარჯა და გოლის მომენტში. საერთოდ, ნომინალური სტუმრების რიგებში ოდენ ჩირო აქტიურობდა და სხვები უფრო ხელს უშლიდნენ.

„რომამ“ მეორედ დაწინაურება 4 წუთში მოახერხა. პელეგრინიმ ისევ იაქტიურა და ზედ საჯარიმო ხაზზე სტანდარტი გამოიმუშავა, რომელიც ყოფილმა „ლაციალემ“, ალექსანდრ კოლაროვმა გადასარევად შეასრულა და გოლიც ემოციურად აღნიშნა. შეხვედრას წერტილი ფაციომ დაუსვა, რომელმაც შეცდომა გამოისყიდა და თავით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:1. მოკლედ, დი ფრანჩესკომ პოსტი ნამდვილად შეინარჩუნა და ვინძლო, ეს გამარჯვება „რომასთვის“ გარდამტეხიც აღმოჩნდეს. ამას სხვათა შორის, ხაზი თავად „ჯალოროსის“ თავკაცმაც გაუსვა. სიმონე ინძაგიმ აღიარა, რომ მის გუნდს მეტოქემ აჯობა და ქომაგებს მოუბოდიშა. მთლიანობაში კი რომაულმა დერბიმ მოლოდინი გაამართლა და საკმაოდ მაღალი ხარისხის თამაშიც ვიხილეთ.

ამ თამაშის შემდეგ ტურინში კიდევ ერთი შოუ დაიდგა. „იუვენტუსი“ უშუალო კონკურენტ „ნაპოლის“ მასპინძლობდა და ბევრ კითხვას პასუხი უნდა გასცემოდა. გაეცა კიდეც - „იუვე“ უკონკურენტოა სამშობლოში. არადა, ნეაპოლიტანელებმა თამაში აგრესიულად დაიწყეს და მეტოქეს მისსავე ნახევარზე აპრესინგებდნენ. ამან შედეგიც გამოიღო. ლეონარდო ბონუჩი გადაცემის დროს შეცდა და ალანს ჩააბარა ბურთი. ბრაზილიელმა ხოსე კალეხონი მოძებნა, ესპანელმა დრის მერტენსი და ბელგიელმა ცარიელ კარში გაიტანა. იქამდე კი იყო პოიტრ ჟიელინსკის ძელიც. მოკლედ, საწყის წუთებში „ნაპოლიმ“ „იუვენტუსს“ აჯობა.

თუმცა, გაშვებულმა გოლმა მასიმილიანო ალეგრის გუნდი აშკარად გამოაფხიზლა. კრიშტიანუ რონალდუმ მართალია ვერ გაიტანა, მაგრამ ალბათ საუკეთესო თამაში ჩაატარა ახალ გუნდში. ეს ალეგრიმაც აღნიშნა ნამატჩევს. პორტუგალიელმა 26-ე წუთზე მარიო მანჯუკიჩს საჯარიმოში ისეთი პასი გაუკეთა, ხორვატს უბრალოდ თავის დახვედრება დასჭირდა ბურთისთვის და მარიოს ასეთები არც ეშლება. მერე თავად რონალდუ იყო ახლოს გოლთან, მაგრამ დავიდ ოსპინამ საჯარიმო დარტყმიდან არ გაატანინა.

მეორე ტაიმის სტარტზე მასპინძლები წინ გავიდნენ. კრიშტიანუმ შორიდან გაისროლა, ოსპინამ ბურთს თითები წაარტყა და ძელიც დაეხმარა კარის გადარჩენაში, მაგრამ ბურთი პირდაპირ მანჯუკიჩს მიუვიდა და ხორვატმა დუბლი გაიფორმა. შემდეგ იყო მარიო რუის წითელი ბარათი. პორტუგალიელს ერთი გაფრთხილება უკვე მიღებული ჰქონდა, პაულო დიბალას ლამის ფეხი რომ წააცალა და ბუნებრივია, გასახდელის გზას გაუდგა. მიუხედავად რიცხობრივი უმცირესობისა, „ნაპოლი“ არ დანებდა. ხოსე კალეხონს ძალიან მაგარი შანსიც მიეცა, მაგრამ ვოიცეხ შჩესნის ვერ აჯობა. ვერ გაიტან, გაგიტანენო და ასეც მოხდა. რონალდუმ კი მეორე საგოლე პასი მიითვალა. ამჯერად კუთხურის შემდეგ თავით ითამაშა და შორეული ძელი ლეონარდო ბონუჩიმ ჩაკეტა, რომელმაც „ბიანკონერიში“ დაბრუნების შემდეგ პირველად გაიტანა. ამის მერე ანგარიში აღარ შეცვლილა, მიუხედავად იმისა, რომ კრიშტიანუს ორჯერ რეალური საგოლე შანსი ჰქონდა, ვერ შეაგდო. „იუვენტუსი“ 7 ტურის შემდეგ უდანაკარგოდ ასპარეზობს და „ნაპოლის“ უკვე 6 ქულით გაასწრო. ეს კი, ასეთ ვითარებაში საკმაოდ სოლიდური ფორმა უნდა გამოდგეს. აღსანიშნავია, რომ „იუვეს“ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით 8 თამაში აქვს ჩატარებული და ყველა მოიგო. ასეთი რამ კი, თავის ისტორიაში მეორედ მოახერხა. პირველად შორეულ 1930-1931 წლების სეზონში...

მეშვიდე ტურის პირველი სათამაშო დღე კი, მილანში დასრულდა, სადაც „ინტერმა“ „კალიარი“ მიიღო. ბუნებრივია, ზემოხსენებული ორი თამაშის ფონზე ეს შეხვედრა ჩრდილში მოექცა. „ნერაძურიმ“ კი წარმატებული სერია გააგრძელა და ოთხეულში მოკალათდა. მილანელებმა ლაუტარო მარტინესისა და მატეო პოლიტანოს გოლებით მოიგეს და ახლა ჩემპიონთა ლიგაზე მოუწევთ გადართვა, სადაც პსვ ეინდჰოვენთან მნიშვნელოვანი მატჩი ელოდებათ.

„რომა“ – „ლაციო“ 3:1 (1:0) VIDEO

რომი, „სტადიო ოლიმპიკო“

„რომა“ (4-2-3-1): ოლსენი; სანტონი, ფაციო, მანოლასი, კოლაროვი; დე როსი (კრისტანტე 74), ნზონზი; ფლორენცი (ჟუან ჟესუსი 83), პასტორე (პელეგრინი 37), ელ შაარავი; ჯეკო

მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო

„ლაციო“ (3-5-2): სტრაკოშა; კასერესი, აჩერბი, ლუის ფელიპე; მარუშიჩი, პაროლო (ბადელი 54), ლუკას ლეივა, მილინკოვიჩ-სავიჩი, ლულიჩი (კაისედო 82); ლუის ალბერტო (კორეა 53), იმმობილე

მწვრთნელი: სიმონე ინძაგი

გოლები: 1:0 პელეგრინი (45), 1:1 იმმობილე (67), 2:1 კოლაროვი (71), 3:1 ფაციო (86)

გაფრთხილება: ოლსენი (55), ჯეკო (62), პელეგრინი (66) - ბადელი (70)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 10 (7) – 11 (5) ბურთის ფლობა: 43%-57% კუთხურები: 8:9 თამაშგარე: 0:5

მსაჯი: ჯანლუკა როკი

„იუვენტუსი“ – „ნაპოლი“ 3:1 (1:1) VIDEO

ტურინი, „ალიანც სთედიუმი“

„იუვენტუსი“ (4-3-3): შჩესნი; კანსელუ, ბონუჩი, კიელინი, ალექს სანდრო; ემრე ჯანი (ბენტანკური 61), პიანიჩი, მატუიდი; დიბალა (ბერნარდესკი 64), მანჯუკიჩი (კუადრადო 84), რონალდუ

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

„ნაპოლი“ (4-3-3): ოსპინა; ჰისაი, ლაბიოლი, კულიბალი, მარიო რუი; კალეხონი, ალანი, ჰამშიკი (ფაბიან რუისი 70), ზიელინსკი (მალკუიტი 61); მერტენსი (მილიკი 61), ინსინიე

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

გოლები: 0:1 მერტენსი (10), 1:1 მანჯუკიჩი (26), 2:1 მანჯუკიჩი (49), 3:1 ბონუჩი (76)

გაფრთხილება: ბონუჩი (60), კანსელუ (69), ალექს სანდრო (85) - მარიო რუი (24, 58), კულიბალი (40), ჰისაი (55), ინსინიე (60)

გაძევება: მარიო რუი (58)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 14 (9) – 9 (6) ბურთის ფლობა: 55%-45% კუთხურები: 7:4 თამაშგარე: 3:0

მსაჯი: ლუკა ბანტი

„ინტერი“ – „კალიარი“ 2:0 (1:0) VIDEO

მილანი, „ჯუზეპე მეაცა“

„ინტერი“ (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი; დ’ამბროზიო, დე ვრეი, მირანდა, დალბერტი; გალიარდინი (ბროჟოვიჩი 57), ბორხა ვალერო (ვესინო 83); კანდრევა (პერიშიჩი 70), ნაინგოლანი, პოლიტანო; ლაუტარო მარტინესი

მწვრთნელი: ლუჩანო სპალეტი

„კალიარი“ (4-3-1-2): კრანიო; სრნა, ანდრეოლი, კლავანი (პისაჩენე 46), ფარაგო; დესენა, ბრადარიჩი (ჟოაო პედრო 60), ბარელა; იონიტა; საუ (ფარიასი 71), პავოლეტი

მწვრთნელი: როლანდო მარანი

გოლები: 1:0 ლაუტარო მარტინესი (12), 20 პოლიტანო (89)

გაფრთხილება: დალბერტი (86) - ანდრეოლი (44), ბრადარიჩი (49), პისაჩენე (56), დესენა (73)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 12 (8) – 4 (1) ბურთის ფლობა: 53%-47% კუთხურები: 9:4 თამაშგარე: 1:2

მსაჯი: დავიდე მასა

თეგებისერია A
0.24202