ფეხბურთი

1:20 | 30.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგა: სტარიჯის ბრწყინვალე გოლმა „ლივერპული“ პირველი მარცხისგან იხსნა

პრემიერლიგის მეშვიდე ტურის ცენტრალური დაპირისპირება „სტემფორდ ბრიჯზე“ შედგა, სადაც „ჩელსი“ „ლივერპულს“ დაუხვდა და 3 ქულა ბოლო წუთებზე გაუშვა ხელიდან.

ლონდონელები თამაშს 89-ე წუთამდე იგებდნენ და გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყვნენ, მაგრამ შეცვლაზე შემოსული დანიელ სტარიჯის ბწყინვალე შორეულმა გასროლამ მასპინძელთა გეგმები არია, „ლივერპული“ კი პირველ მარცხს გადაურჩა, მაგრამ უდანაკარგო აღარაა.

„არისტოკრატებმა“ ტაიმი ედენ აზარის გოლით მოიგეს, რომელიც მატეო კოვაჩიჩმა მშვენიერი გადაცემით დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა და ბელგიელმა ოდნავ მახვილი კუთხიდან, ზუსტი დარტყმით 25-ე წუთზე ანგარიში გახსნა.

მოჰამედ სალაჰს შეეძლო, რომ წონასწორობა პირველივე ტაიმში აღედგინა, მან მეკარეც ჩამოიშორა და ზუსტადაც დაარტყა, მაგრამ რუდიგერმა ბურთი ცარიელი კარიდან გაიტანა.

მეორე ნახევარში სადიო მანეს კეპა არიზაბალაგამ ურთულესი ბურთი აუღო, ხოლო ხერდან შაქირიმ ახლო მანძილიდან ააცილა და 100%-იანი მომენტი გაატანა ქარს. ანგარიშის გაზრდა შეეძლო „ჩელსისაც“, მაგრამ მეკარესთან პირისპირ გასულმა აზარმა ალისონს ვერ აჯობა და დუბლის გაფორმების მშვენიერი შანსი გაანიავა.

მერსისაიდელები მარცხისგან 86-ე წუთზე შემოსულმა სტარიჯმა იხსნა, რომელმაც სამ წუთში შორიდან უძლიერესად დაარტყა და შესანიშნავი გოლით „სტემფორდ ბრიჯი“ დაადუმა - 1:1.

მორიგი კრახი განიცადა „მანჩესტერ იუნაიტედმა“, რომელიც გასვლაზე „ვესტ ჰემთან“ დამარცხდა. „ჩაქუჩებმა“ ტაიმი ფელიპე ანდერსონის გოლით და ლენდელოფის ავტოგოლით მოიგეს. 71-ე წუთზე რეშფორდმა ლამაზი დარტყმით სხვაობაა შეამცირა, მაგრამ სამ წუთში სტუმართა დაცვა მთლიანად ჩავარდა და მეკარესთან პირისპირ გასულმა არნაუტოვიჩმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:1.

„მანჩესტერ სიტიმ“ შინ „ბრაიტონი“ უპრობლემოდ დაამარცხა და ქულებით „ლივერპულს“ გაუთანაბრდა. რაჰიმ სტერლინგმა 29-ე წუთზე ლეროი სანეს პასის შემდეგ, კუთხე ჩაკეტა და ცარიელ კარში შეაგდო, ხოლო 65-ე წუთზე სტერლინგის და აგუეროს მშვენიერი კომბინაცია, არგენტინელის გოლით დასრულდა - 2:0.

ასეთივე ანგარიშით მოუგო „არსენალმა“ „უოტფორდს“. „ემირეითს სთედიუმზე“ 80 წუთის შემდეგ 0:0 იყო, თუმცა ორწუთიან მონაკვეთში ყველაფერი ლონდონელთათვის სასარგებლოდ გადაწყდა: 81-ე წუთზე კატკარტმა ავტოგოლი გაიტანა, რასაც ორ წუთში მესუთ ოზილის გოლი მოჰყვა - 2:0.

„ტოტენჰემმა“ გასვლაზე „ჰადერსფილდი“ ჰარი კეინის დუბლით დაამარცხა, „ევერტონმა“ „ფულჰემის“ წინააღმდეგობა 55-ე წუთიდან დაძლია და დარჩენილ დროში სამი უპასუხო ბურთი გაუტანა, „ლესტერმა“ „სენტ ჯეიმს პარკზე“ „ნიუკასლს“ სძლია, ხოლო „ვულვზმა“ საკუთარ მოედანზე „საუთჰემპტონს“ მოუგო.

ვესტ ჰემი - მანჩესტერ იუნაიტედი 3:1 (2:0)

გოლები: 1:0 ანდერსონი (5), 2:0 ლინდელოფი (43 ს.კ.), 2:1 რეშფორდი (71), 3:1 არნაუტოვიჩი (74)

არსენალი - უოტფორდი 2:0 (0:0)

გოლები: 1:0 კეტკარტი (81 ს.კ.), 2:0 ოზილი (83)

ევერტონი - ფულჰემი 3:0 (0:0)

გოლები: 1:0, 3:0 სიგურდსონი (56; 89), 2:0 ტოსუნი (66)

ჰადერსფილდი - ტოტენჰემი 0:2 (0:2)

გოლები: კეინი (25; 34 პენ.)

მანჩესტერ სიტი - ბრაიტონი 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 სტერლინგი (29), 2:0 აგუერო (65)

ნიუკასლი - ლესტერი 0:2 (0:1)

გოლები: 0:1 ვარდი (30 პენ.), 0:2 მაგუაირი (73)

ვულვზი - საუთჰემპტონი 2:0 (0:0)

გოლები: 1:0 კავალეირო (79), 2:0 კასტრო (87)

ჩელსი - ლივერპული 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 აზარი (25), 1:1 სტარიჯი (89)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111413