ავტოსპორტი

0:25 | 30.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბოტასმა სოჭის რბოლისთვის პოული მოიპოვა

„მერსედესის“ ვალტერი ბოტასმა, სოჭის რბოლისთვის პოულის მოსაპოვებლად, დაძაბულ პაექრობაში აჯობა საკუთარ თანაგუნდელსა და ჩემპიონატის ლიდერ ლუის ჰამილტონს. „ფერარის“ პილოტებმა მხოლოდ მეორე რიგში დადგომის უფლების მოპოვება მოახერხეს. მათგან მესამეზეა სებასტიან ფეტელი, რომელიც ჩემპიონატის დასრულებამდე 6 რბოლით ადრე, ჰამილტონს 40 ქულით ჩამორჩება.

„თავს კარგად ვგრძნობ. საერთოდ, ეს ტრასა ჩემთვის საკმაოდ კარგია და ისევ მოვახერხე რამდენიმე კარგი წრის გავლა. მანქანაც შესანიშნავად მუშაობდა“, - განაცხადა ნარბოლევს ბოტასმა, ვისთვისაც ეს ამ სეზონში მეორე პოულია. ფინელმა კვალიფიკაცია ტრასის რეკორდული დროით (წუთი და 31.387 წამი) მოიგო. საინტერესოა, რომ ბოტასს ფ1-ის კარიერაში პირველი გამარჯვება სწორედ სოჭში აქვს მოპოვებული.

„მერსედესის“ შეფმა ტოტო ვოლფმა განაცხადა, ბოტასი ისეთი დამუხტული იყო, რომ ადრენალინი ყურებიდან გადმოსდიოდაო. მანვე ღიად დატოვა კითხვა იმაზე, აპირებს თუ არა გუნდი ჰამილტონის სასარგებლოდ, ბოტასისთვის გზის დათმობის მითითებას.

ფეტელმა სოჭის შარშანდელ კვალიფიკაციაში გაიმარჯვა, ბოტასი კი მესამე დროს დასჯერდა. გერმანელი იმედოვნებს, რომ მესამე პოზიციიდან გამარჯვებას მოახერხებს, როგორც ეს ბოტასმა შარშან შეძლო. „ვალტერის შარანდელი რბოლა გავახსენე. ისინი ძალიან სწრაფები არიან. ჩვენ მიახლოება ვცადეთ, მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა“, - განაცხადა ფეტელმა.

კვალიფიკაციის მეორე ნაწილი ერთობ უცნაური გამოდგა - ხუთმა პილოტმა ტრეკზე გამოსვლაც არ ისურვა, რასაც მიზეზი ჰქონდა. „რედ ბულის“ და „რენოს“ ორ-ორ პილოტს, ასევე „ტორო როსოს“ პიერ გასლის, სხვადასხვა მიზეზით, სასტარტო რიგში უკან დაწევა უწევდათ და ამიტომ, მათგან დროის დაფიქსირებას აზრი არ ჰქონდა.

რუსეთის დიდი პრიზი

კვალიფიკაცია

  1. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 1:31.387
  2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:31.532
  3. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1:31.943
  4. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:32.237
  5. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 1:33.181
  6. ესტებან ოკონი (საფრანგეთი,ფორს ინდია) 1:33.413
  7. 7. შარლ ლეკლერი (მონაკო, ზაუბერი) 1:419
  8. 8. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 1:563
  9. 9. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 1:704
  10. 10. მარკუს ერიკსონი (შვედეთი, ზაუბერი) 1:196
  11. კარლოს საინსი (ესპანეთი, რენო) დროის გარეშე
  12. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, რენო) დროის გარეშე
  13. სერგეი სიროტკინი (რუსეთი, უილიამსი) 1:35.612
  14. სტოფელ ვანდოორნი (ბელგია, მაკლარენი) 1:35.977
  15. ლანს სტროლი (კანადა, უილიამსი) 1:36.437
  16. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 1:35.504 (ჯარიმა)
  17. პიერ გასლი (საფრანგეთი, ტორო როსო) დროის გარეშე
  18. ბრენდონ ჰარტლი (ახ.ზელანდია, ტორო როსო) 1:35.037 (ჯარიმა)
  19. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული) 1:33.247 (ჯარიმა)
  20. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 1:33.048 (ჯარიმა)
0.136725