ფეხბურთი

1:08 | 29.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნი" დედაქალაქში უქულოდ დარჩა (+VIDEO)

ასეთი რამ ბოლო პერიოდში ხშირად არ ხდება. ბუნდესლიგაში ზედიზედ ორი ტური მიილია და „ბაიერნმა“ თამაში ვერ მოიგო. როგორც ჩანს, ნიკო კოვაჩის მოუწევს ზომების მიღება, რადგან „აუგსბურგთან“ საშინაო ფრეს, ბერლინში „ჰერტასთან“ მარცხი მოჰყვა.

მართალია, დედაქალაქელებმა სეზონი ჩინებულად დაიწყეს, მაგრამ ეს „რეკორდმაისტერის“ წარუმატებელ თამაშს არ ამართლებს. „ჰერტამ“ მეტოქეს პირველ ტაიმში აჯობა და სწორედ მაშინ მიაღწია სოლიდურ უპირატესობას. ჯერ იყო და, ვედად იბიშევიჩის თავური მანუელ ნოიერმა კი მოიგერია, მაგრამ იმავე ეპიზოდს გაგრძელება მოჰყვა, სადაც ჟერომ ბოატენგმა ვერ ივარგა, რომელმაც სალომონ კალუ უწყინარ სიტუაციაში წააქცია. პენალტი გოლად იბიშევიჩმა გარდასახა და პალ დარდაის გუნდი წინ გაიყვანა. მეორე გოლი კი ტაიმის მიწურულს გაიტანეს მასპინძლებმა. ამჯერად ონდრეი დუდამ ახლო მანძილიდან ერთი შეხებით ნოიერს შანსი არ დაუტოვა.

მეორე ნახევარში „ბაიერნმა“ მდგომაორების გამოსწირება სცადა, მაგრამ ეს დღე მიუნხენელების არ იყო. არც არაფერი შეიცვალა და მიმდინარე სეზონში ბავარიელები პირველად დამარცხდნენ. სხვათა შორის, "ჰერტამ" ბერლინში მიუნხენური გიგანტი 2009 წლის შემდეგ პირველად დაამარცხა. ამასობაში, „ბაიერნს“ ქულებით სწორედ „ჰერტა“ გაუთანბრდა, ხოლო „დორტმუნდი“ თუ ამ ტურში მოიგებს, საერთოდ გადაასწრებს.

„ჰერტა“ – „ბაიერნი“ 2:0 (2:0) VIDEO

ბერლინი, „ოლიმპიაშტადიონი“

„ჰერტა“ (4-2-3-1): კრაფტი; ლაზარო, შტარკი, რეკიკი, მიტელშტადტი; სკიელბერგი, მაიერი; კალუ, დუდა, დილროსუნი; იბიშევიჩი

მწვრთნელი: პალ დარდაი

„ბაიერნი“ (4-3-3): ნოიერი; კიმიხი, ბოატენგი, ზულე, ალაბა; ხამესი (სანდრო ვაგნერი 72), რენატო სანჩესი (გნაბრი 63), ტიაგო ალკანტარა; რობენი (მიულერი 52), ლეანდოვსკი, რიბერი

მწვრთნელი: ნიკო კოვაჩი

გოლები: 1:0 იბიშევიჩი (23, პენ), 2:0 დუდა (44)

გაფრთხილება: იბიშევიჩი (40), დილროსუნი (90), დუდა (90) - კიმიხი (48)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 6 (3) – 16 (3) ბურთის ფლობა: 31%-69% კუთხურები: 1:14 თამაშგარე: 2:2

მსაჯი: მარკო ფრიტცი

თეგებიბუნდესლიგა
0.227101