ჭადრაკი

0:33 | 29.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი მოჭადრაკეების წარმატებული დღე და აზერბაიჯანი-სომხეთის მშვიდობიანი მატჩი

დღეს საჭადრაკო ოლიმპიადაზე ყურადღება მიპყრობილი იყო აზერბაიჯანისა და სომხეთის ვაჟთა ნაკრებების შეხვედრისაკენ. ყველასათვის ცნობილია, ამ ორი ქვეყნის კონფლიქტის ამბავი. ისიც ყველამ იცის, რომ სპორტის სხვა გუნდური შეჯიბრებების დროს (მაგალითად, ფეხბურთში, კალათბურთში და ა.შ.) აზერბაიჯანისა და სომხეთის ნაკრებებს ერთ ქვეჯგუფში არასდროს ახვედრებენ, საჭადრაკო ოლიმპიადის დღევანდელ,მეხუთე ტურში ამ ორი ქვეყნის მოჭადრაკეები მიუსხდნენ დაფებს ერთმანეთის პირისპირ. პირველი სვლა სიმბოლურად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა გააკეთა.

შეხვედრა მეტად საინტერესო გამოდგა. პირველ დაფაზე შახრიარ მამედიაროვმა, რომლის რეიტინგი 2820-ია, ლევონ არონიანი დაამარცხა, მეორე დაფაზე თეიმურ რაჯაბოვმა - გაბრიელი სარგისიანი. მესამე დაფაზე პარტია სომხეთის წარმომადგენელმა მოიგო - ჰრანტ მელქუმიანმა არკადი ნაიდიცს აჯობა, ხოლო მეოთხე დაფაზე გამართული შეხვედრა რაუფ მამედოვსა და ჰაიკ მარტიროსიანს შორის ყაიმით დასრულდა. საბოლოოდ აზერბაიჯანელებმა გაიმარჯვეს 2,5:1,5 – ასე დაუფასეს მათ პატივისცემა „სოკარ ენერჯი ჯორჯიის გენერალურ დირექტორს მაი მამედოვს, რომელმაც ორიოდე დღის წინ, აზერბაიჯანის ორ ნაკრებსა და საქართველოს ექვსივე გუნდის წევრებს საუცხოო საჩუქრები გადასცა - აიფონები და apple-ს საათები.

დავუბრუნდეთ ვაჟთა ოლიმპიადას. მოულოდნელი შედეგით დასრულდა ერთი შეხვედრა. ჩინეთის ნაკრები ჩეხეთის გუნდთამ 1:3 დამარცხდა. ფრედ 2:2 დასრულდა ტურნირის მთავარი ფავორიტის - აშშ-ს ნაკრებისა და ისრაელის ნაკრების მატჩი.

საქართველოს ვაჟთა პირველი ნაკრების მეტოქე ბრაზილიის გუნდი იყო. შეხვედრა ქართველებმა 3-1 მოიგეს.

მიხეილ მჭედლიშვილმა (2607) ალექსადრ ფიერი (2558) დაამარცხა, ხოლო ლევან ფანცულაიამ (2589) - ფელიპე ელ დებსი (2542).

დანარჩენ დაფებზე მეტოქეები დაზავდნენ: ბაადურ ჯობავა (26234) და რაფაელ ლეიტაო (2660), ასევე ივან ჩეპარინოვი (2715) და ლუის სუპი (2508).

საქართველოს მეორე ნაკრებმა მონღოლეთის ნაკრებს აჯობა - 2,5:1,5. თორნიკე სანიკიძემ და დავით მაღალაშვილმა იმარჯვეს, ირაკლი ბერაძე ყაიმს დასჯერდა. ლუკა პაიჭაძე კი დამარცხდა.

ასეთივე ანგარიშით, საქართველოს მესამე ნაკრებმა ყირგიზეთის გუნდს მოუგო. ნოე თუთისანმა და გიორგი სიბაშვილმა თავიანთი პარტიები მოიგეს, ნიკოლოზ პეტრიაშვილმა ყაიმით დაასრულა თავისი შეხვედრა მოწინააღმდეგესთან, ნიკოლოზ კაჭარავა კი დამარცხდა.

ხუთი ტურის შემდეგ აბსოლუტური შედეგი - 5-5 მოგება ოთხ გუნდს აქვს - აზერბაიჯანის ჩეხეთის, პოლონეთისა და უკრაინის ნაკრებებს. უკეთესი კოეფიციენტის წყალობით აზერბაიჯანელები პირველზე არიან. 4-4 გამარჯვება და თითო ფრე გააჩნიათ აშშ-ს, ისრაელისა და გერმანიის ნაკრებებს. საქართველოს მესამე ნაკრებს აქტივში 4 გამარჯვება და ერთი მარცხი აქვს და ამ შედეგით (თუ კოეფიციენტსაც გავითვალისწინებთ) 22-ე ადგილზეა. 3-3 მატჩი მოიგეს, თითო ფრედ დაასრულეს და თითოც წააგეს ჩვენმა პირველმა და მეორე გუნდებმა და ისინი სხვა მსგავსი შედეგის მქონე გუნდებთან ერთად 25-ე-41-ე ადგილებს იყოფენ.

მეექვსე ტურში საქართველსო პირველი ნაკრები კანადას ეთამაშება, მეორე გუნდი - ვიეტნამს, ხოლო მესამე გუნდი - ჰოლანდიის ნაკრებს.

ქალთა ოლიმპიადის მეხუთე ტურში, ჩვენს პირველ ნაკრებს დაძაბული ბრძოლა ჰქონდა უკრაინის გუნდთან.

ნანა ძაგნიძე (2509) და ანა მუზიჩუკი (2555) ყაიმზე შეთანხმდნენ, ისევე, როგორც ლელა ჯავახიშვილი (2475) და მარია მუზიჩუკი (2533). ნინო ბაციაშვილი (2482) დამარცხდა ანა უშენინასთან (2451). ყველაფერი დამოკიდებული იყო მეოთხე დაფაზე მოასპარეზეებზე.

ბელა ხოტენაშვილმა (2469) ნატალია ჟუკოვას (2403) მოუგო და საქართველოს ნაკრები დამარცხებას გადაარჩინა. საბოლოო ანგარიშია 2:2.

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა მეორე ნაკრები თურქეთის გუნდს დაუპირისპირდა და მეტოქე 3,5:1,5 დაამარცხა.

სალომე მელიამ, სოფიო გვეტაძემ და სოფიკო ხუხაშვილმა იმარჯვეს, ინგა ჭარხალაშვილმა კი თავისი პარტია ყაიმით დაასრულა.

რაც შეეხება საქართველოს მესამე ნაკრებს, ჩვენმა გოგონებმა ფინეთის გუნდს აჯობეს - 3:1.

სხვა შეხვედრების შესახებ. სომეხმა მოჭადრაკე ქალებმა მნიშვნელოვანი ქულები დააკარგვინეს ტურნირის მთავარ ფავორიტებს - ჩინელებს 2:2, ხოლო რუსეთის ქალთა ნაკრემბა 3,5:0,5 მოუგეს გერმანიის გუნდს.

ქალთა ოლიმპიადას ხუთი ტურის შემდეგ ერთპიროვნული ლიდერი ჰყავს - აშშ-ს ნაკრები, რომელმაც ყველა (5) შეხვედრა მოიგო. 4-4 მოგებითა და თითო ფრედ დასრულებული მატჩით მეორე-მეშვიდე ადგილებს იყოფენ ჩინეთის, უკრაინის, საქართველოს მეორე, სომხეთის, საქართველოს პირველი და ინდოეთის ნაკრებები. საქართველოს მესამე ნაკრების აქტივში 3 გამარჯვება, 1 ფრე, 1 მარცხია და სხვა გუნდებთან ერთად 23-ე - 32-ე ადგილებს იყოფს.

მეექვსე ტურში ქართული მატჩი გველის - ერთმანეთს ჩვენი ქვეყნის პირველი და მეორე ქალთა ნაკრებები ხვდებიან, ხოლო საქართველოს მესამე ნაკრები უნგრეთის გუნდს დაუპირისპირდება.

29 სექტენბერი ოლიმპიადაზე დასვენების დღედ არის გამოცხადებული, მეექვსე ტური 30 სექტემბერს 15 საათზე დაიწყება.

თენგიზ ჩობანიძე, სპეციალურად worldsport.ge-ისთვის ბათუმიდან

0.158102