გაირკვა ხელბურთის ეროვნული ნაკრების მეტოქეები ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში. 2019 წლის 4-6 ან 11-13 იანვარს ერთ წრედ ვეთამაშებით კვიპროსს, აზერბაიჯანსა და მალტას.
მეორე ჯგუფში არიან ლუქსემბურგი, ბრიტანეთი, ირლანდია და ბულგარეთი. ტურნირის მასპინძლობის პრიორიტეტი აქვს მალტას, შემდეგ - აზერბაიჯანს, საქართველოსა და კვიპროსს. ამ ორი ჯგუფის გამარჯვებული გავა მეორე ეტაპზე, პლეიოფში, დანარჩენები კი ითამაშებენ EHF განვითარებადი ქვეყნების ჩემპიონატში, რომლის მოგებულიც ასევე მიიღებს პლეიოფის საგზურს.
პლეიოფში ეს სამი გუნდი დაუწყვილდება ევრო 2020 მთავარ საკვალიფიკაციო რაუნდში სამი უარესი შედეგის მქონე გუნდს, ითამაშებენ შინ/სტუმრად პრინციპით და 3 გამარჯვებული მიიღებს ევრო 2022 მთავარ საკვალიფიკაციო რაუნდში თამაშის უფლებას, ევროპის ყველა გრანდის მხარდამხარ.
მთავარი საკვალიფიკაციო რაუნდი დაიწყება 2020 წლის ოქტომბერში, გაგრძელდება 2021 წლის იანვარში და დასრულდება ივნისში. ევრო 2020 მასპინძელი ქვეყნებია უნგრეთი და სლოვაკეთი. შეჯიბრება, 24 გუნდის მონაწილეობით, გაიმართება 2022 წლის 14-30 იანვარს.
ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ტურნირი კი დაიწყება 24 ოქტომბერს და დასრულდება 2019 წლის ივნისში. ამის შემდეგ, გაირკვევა ევრო 2020-ის 20 მონაწილე და 3 აუტსაიდერი, რომელიც პლეიოფში, 2020 წლის აპრილში უნდა შეხვდეს პირველი ეტაპის ორ გამარჯვებულსა და EHF განვითარებადი ქვეყნების ჩემპიონს.
სისტემა, როგორც ხედავთ, საკმაოდ რთულია, თუმცა არსი ისაა, რომ მთავარ საკვალიფიკაციო რაუნდში სულ 32 ადგილია და ჩვენი ნაკრების მიზანიც ამ 32 გუნდში მოხვედრაა: ამისათვის უნდა გავიაროთ პირველი ეტაპი, პლეიოფი და გადავიდეთ თვისობრივად ახალ დონეზე - ანუ კვალიფიკაციაში ვეთამაშოთ ევროპის საუკეთესო გუნდებს. მოპოვების შემდეგ ეს ადგილი დასაცავი იქნება, თუმცა, შემდგომი მიზანიც უფრო შთამბეჭდავია: მთავარი კვალიფიკაციის მონაწილე 32 გუნდი ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის 20 საგზურის მოსაპოვებლად იბრძვის!
ხელბურთი. ევრო 2022 (14-30 იანვარი, უნგრეთსა და სლოვაკეთში)
ევრო 2022. პირველი საკვალიფიკაციო რაუნდი (2019 წლის 4-6 ან 11-13 იანვარს)
A ჯგუფი: ლუქსემბურგი, ბრიტანეთი, ირლანდია, ბულგარეთი
B ჯგუფი: კვიპროსი, საქართველო, აზერბაიჯანი, მალტა
თითო გამარჯვებული გადის პლეიოფის რაუნდში. დანარჩენები გადაერთვებიან განვითარებადი ქვეყნების ჩემპიონატში, რომლის გამარჯვებულიც ასევე მიიღებს პლეიოფის საგზურს.
ამ სამი გუნდის მეტოქე გამოვლინდება ევრო 2020-ის მთავარი საკვალიფიკაციო რაუნდიდან.
ევრო 2020. მთავარი საკვალიფიკაციო რაუნდი (ოქტომბერი 2018 - ივნისი 2019)
თავისუფლები არიან სამი მასპინძელი: შვედეთი, ნორვეგია, ავსტრია და ევროპის ჩემპიონი ესპანეთი
1 ჯგუფი: გერმანია, პოლონეთი, ისრაელი, კოსოვო
2 ჯგუფი: ხორვატია, სერბეთი, შვეიცარია, ბელგია
3 ჯგუფი: მაკედონია, ისლანდია, თურქეთი, საბერძნეთი
4 ჯგუფი: სლოვენია, ჰოლანდია, ლატვია, ესტონეთი
5 ჯგუფი: ბელარუსი, ჩეხეთი, ბოსნია, ფინეთი
6 ჯგუფი: საფრანგეთი, პორტუგალია, ლიტვა, რუმინეთი
7 ჯგუფი: უნგრეთი, რუსეთი, სლოვაკეთი, იტალია
8 ჯგუფი: დანია, მონტენეგრო, უკრაინა, ფარერები
ევრო 2020-ის 20 საგზურს იღებს 8 ჯგუფის 2-2 გამარჯვებული და 4 საუკეთესო მესამე ადგილი
მეოთხე ადგილებზე გასულ გუნდებს შორის სამი უარესი შედეგის მქონემ ევრო 2022-ის მთავარ საკვალიფიკაციო რაუნდში თავის ადგილი უნდა მოიპოვოს პლეიოფში
ევრო 2022. მეორე ეტაპი, პლეიოფი (აპრილი, 2020. შინ-სტუმრად)
თამაშობენ: ევრო 2022 პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის 2 გამარჯვებული და განვითარებადი ქვეყნების ჩემპიონი უწყვილდებიან ევრო 2020-ის მთავარი საკვალიფიკაციო რაუნდში უარესი შედეგის მქონე 3 გუნდს. გუნდი. სამი წყვილის 3 გამარჯვებული გადის მთავარ საკვალიფიკაციო რაუნდში, 3 წაგებული კი ევრო 2024-ის კვალიფიკაციას დაიწყებს პირველი საკვალიფიკაციო რაუნდიდან
ევრო 2022. მთავარი საკვალიფიკაციო რაუნდი (ოქტომბერი 2020 - ივნისი 2021)
(თავისუფლები არიან მასპინძლები: უნგრეთი და სლოვაკეთი, ევრო 2020-ის 2 ფინალისტი)
თამაშობს 32 გუნდი, მათ შორის, პლეიოფის 3 გამარჯვებული
ევრო 2022-ის 20 საგზურს მიიღებს 8 ჯგუფის 2-2 გამარჯვებული და 4 საუკეთესო მესამე ადგილი
მეოთხე ადგილებზე გასულ გუნდებს შორის სამი უარესი შედეგის მქონე გადავა ევრო 2024-ის პლეიოფში