საქართველოს ეროვნული ლიგის 26-ე ტურში დღეს სამი მატჩი გაიმართა და სამივე მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა.
თბილისის „დინამომ“ ფოთის „კოლხეთი“ დაამარცხა და მინიმუმ იქამდე, სანამ „საბურთალო“ ამ ტურის შეხვედრას ჩაატარებს, სხვაობა ერთ ქულამდე შეამცირა. არადა, კახა კაჭარავას გუნდს გაუჭირდა ბოლო ადგილოზე მყოფ ფოთელთა ძლევა და მხსნელად ამჯერადაც ლევან შენგელია მოევლინა. ბელგიიდან საქართველოში დაბრუნებული ახალგაზრდა შემტევი ჩინებულ ფორმაშია და დღევანდელი „დინამოს“ ლიდერად ყალიბდება. ლევანმა „კოლხეთი“ ორჯერ დაამწუხრა, ხოლო შუაში იყო აშორტიას გოლი, რომლის წყალობით სტუმრებმა ერთი ხანიბა გაათანაბრეს. თუმცა, როგორც უკვე ვთქვით, ლევან შენგელიას გამჩერებელი ეროვნულ ლიგაში ამ ეტაპზე არავინ არ ჩანს.
ანალოგიური ანგარიშით მოიგო მეორე თბილისურმა გუნდმა, „ლოკომოტივმა“, ოღონდ კიდევ უფრო დრამატულ შეხვედრაში და გმირი აქაც ერთი ფეხბურთელი იყო - ზურიკო დავითაშვილი. ახალგაზრდა შემტევმა გორის „დილა“ ორჯერ დაამწუხრა და მათ შორის, მეორე, გამარჯვების გოლი მსაჯის კომპენსირებულ დროში გაიტანა. არადა, „დილამ“ ბევრი იბრძოლა, რომ არ წაეგო დედაქალაქში და 81-ე წუთზე საუკეთესო ბომბარდირის, მიკო კოვტალიუკის ძალისხმევით ანგარიშიც გაათანაბრა, მაგრამ მაინც უქულოდ დარჩა.
ევროტურნირების შემდეგ ჩინებულ ფორმაშია ქუთაისის „ტორპედო“. ყოველშემთხვევაში, საქართველოს ჩემპიონი საქართველოს ჩემპიონატში ქვას ქვაზე არ ტოვებს და გამარჯვებას გამარჯვებას უმატებს. თანაც, ეჭვგარეშე, დამაჯერებლად. ქუთათურებმა ამჯერზე ბოლნისის „სიონს“ აჯობეს ადვილად და მიუხედავად იმისა, რომ მეხუთე ადგილს ჯერ თავს ვერ აღწევს, მაინც ახლოსაა ევროზონასთან.
ეროვნული ლიგის 26-ე ტური პარასკევს ორი შეხვედრით დასრულდება: „ჩიხურა“ ლიდერ „საბურთალოს“, ხოლო „სამტრედია“ „რუსთავს“ უმასპინძლებს.
„ტორპედო“ – „სიონი“ 3:0 (1:0)
გოლები: 1:0 დოლიძე (34), 2:0 კუტალია (58), 3:0 კაპანაძე (63)
„დინამო“ – „კოლხეთი“ 2:1 (1:1)
გოლები: 1:0 შენგელია (17), 1:1 აშორტია (24), 2:1 შენგელია (54)
„ლოკომოტივი“ – „დილა“ 2:1 (0:0)
გოლები: 1:0 დავითაშვილი (46), 1:1 კოვტალიუკი (81), 2:1 დავითაშვილი (90)