ძიუდო

17:57 | 27.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

თუშიშვილი მსოფლიოს სათავეშია!

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში დასრულებული მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის დასრულების კვალად, განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც ქართველთათვის საინტერესო სიახლეებია.

თავიდანვე ვთქვათ, რომ ყველა წონით კატეგორიაში აღებული მაჩვენებლების მიხედვით, საუკეთესო შედეგი ახლადგამომცხვარ მსოფლიო ჩემპიონ გურამ თუშიშვილს აქვს. მძიმე წონითი კატეგორიის (+100 კგ.) ტრიუმფატორს 7202 ქულა მოუგროვდა და სოლიდური სხვაობით უსწრებს ირანელ საეიდ მოლაეისა (81 კგ.) და იაპონელ სოიჩი ჰაშიმოტოს (73 კგ.).
უშუალოდ მძიმე წონაში გურამს უახლოეს კონკურენტ – ჩეხ ლუკაშ კრპალეკთან (3671) კიდევ უფრო დიდი უპირატესობა აქვს, შემდეგ კი, მონღოლი დუურენბაიარ ულზიიბაიარი (3628), ბრაზილიელი დავიდ მოურა (3621) და პოლონელი მაჩიეი სარნაცკი (2804) მოდიან.
+100 კგ-მდე წონით კატეგორიაშივე ადამ ოქრუაშვილი (1218) 35-ეა, ლევან მატიაშვილი (1085) – 39-ე, ონისე ბუღაძე (750) – 54-ე, ხოლო გიორგი ქავთარაძე (294) – 87-ე.
6386 ქულით თავის წონაში (100 კგ.) ლიდერობა შეინარჩუნა ვარლამ ლიპარტელიანმაც, რომელმაც მსოფლიო პირველობის ფინალში გუჰამ ჩოსთან წააგო. სამხრეთკორეელი 4896 ქულით მესამეა, მე-2 ადგილზე ჰოლანდიელი მიხაელ კორელი (5566) გახლავთ, შემდეგ კი, რუსი ნიიაზ ილიასოვსა (4017) და ბელგიელ ტომა ნიკიფოროვს (3700) ვხედავთ.
ამავე წონაში ლაშა ტაველურს 690 ქულით 54-ე პოზიცია უკავია, ონისე სანებლიძე (606) მესამოცეა, ხოლო იასონ ნემსაძე (324) – 84-ე.
გასული მსოფლიო ჩემპიონატის კიდევ ერთი ქართველი პრიზიორი – ბრინჯაოს მედალოსანი ამირან პაპინაშვილი (4378 ქულა) 60 კგ-მდე წონით კატეგორიაში 1 პოზიციით დაქვეითდა და მე-4 ადგილზეა.
პაპინაშვილს იაპონელები რიუჯუ ნაგაიამა (5970) და ნაოჰისა ტაკატო (5700) და რუსი რობერტ მშვიდობაძე (5350) უსწრებენ, ჩვენებურს კი კვალში ესპანელი ფრანსისკო გარიგოსი (3897) უდგას.
იგივე წონაში მსოფლიო ჩემპიონატის კიდევ ერთი მონაწილე ლუხუმ ჩხვიმიანი 1 ადგილით აღზევდა და 2647 ქულით მეთორმეტეა, ამირანის უმცროს ძმა ჯაბა პაპინაშვილს (506) 65-ე საფეხური უკავია.
66 კგ-მდე წონით კატეგორიაში მესამედან მეოთხე საფეხურამდე დაქვეითდა ვაჟა მარგველაშვილი (3866). მას იაპონელი მსოფლიო ჩემპიონი ჰიფუმი აბე (6100), ებრაელი ტალ ფლიკერი (4888) და სამხრეთკორეელი ბაულ ანი (4250) უსწრებენ, მე-5 ადგილზე კი მონღოლი ხერლენ განბოლდი (3855) გახლავთ.
ამავე წონაში უკრაინის სახელით მოასპარეზე გიორგი ზანთარაია (3680), რომელმაც ბაქოში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, მე-6 პოზიციამდე აღზევდა, ბაგრატ ნინიაშვილი (1196) 34-ეა, ლაშა გიუნაშვილი (883) კი – 50-ე.
73 კგ-ში 4107 ქულით მე-6 საფეხურზე დარჩა ლაშა შავდათუაშვილი, მოწინავე ხუთეული კი ასე გამოიყურება: სოიჩი ჰაშიმოტო (იაპონია, 6440), ჩანგრიმ ანი (სამხრეთ კორეა, 5380), ჰიდაიატ ჰეიდაროვი (აზერბაიჯანი, 4815), ოდბაიარ განბაატარი (მონღოლეთი, 4585), რუსტამ ორუჯოვი (აზერბაიჯანი, 4255). ამავე წონაში მოწინავე ასეულში კიდევ 1 ქართველია: ფრიდონ გიგანი (524) 70-ე პოზიციაზე გახლავთ.
ყველაზე ცუდი ვითარება 81 კგ-მდე წონით კატეგორიაში გვაქვს, სადაც ქართველთაგან საუკეთესო ზებედა რეხვიაშვილი (2340) მხოლოდ მე-14 ადგილზეა, თამაზ კირაკოზაშვილი (1401) 35-ეა, ნუგზარ ტატალაშვილი (1011) – 45-ე, ტატო გრიგალაშვილი (362) – 87-ე, კობა მჭედლიშვილი (344) კი – 91-ე.
90 კგ-მდე წონით კატეგორიაში მეორედან მესამე ადგილზე გადაინაცვლა ბექა ღვინიაშვილმა (4227), წონის ლიდერი კი მსოფლიო პირველობაზე ესპანეთის სახელით გაჩემპიონებული ნიკოლოზ შერაზადიშვილი (5889) გახდა, რომელმაც სერბი ალეკსანდარ კუკოლი (4748) ჩამოაქვეითა.
ხუთეულში სამხრეთკორეელი დონგჰან გვაკი (4161) და იაპონელი კენტა ნაგასავაც (3940) შედიან, მსოფლიო ჩემპიონატის კიდევ ერთი ქართველი მონაწილე უშანგი მარგიანი (2555) კი მეთორმეტედან მეთოხმეტე საფეხურამდე დაქვეითდა. ამავე წონაში ავთანდილ ჭრიკიშვილი (714) 53-ეა, ხოლო გიორგი პაპუნაშვილი (644) – მესამოცე.
ქალთა რეიტინგში მარიამ ჯანაშვილი 52 კგ-ში 218 ქულით 97-ეა, ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ.) 280 ქულით – 83-ე, მარიამ ჭანტურია (70 კგ.) 376 ქულით – 64-ე, სოფიო სომხიშვილი (+78 კგ.) 224 ქულით – 69-ე, ელენე ქებაძე (+78 კგ.) კი 158 ქულით – 78-ე.

0.1164