ჭადრაკი

17:50 | 26.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ოქროს ჭადრაკი, ციმბირული კარავი და „გაჩხრეკილი“ ფიდეს ხელმძღვანელი

საჭადრაკო ოლიმპიადა ბათუმის სპორტულ კომპლექსში მიმდინარეობს. მოთამაშეებისათვის ორი დიდი დარბაზია გამოყოფილი, მესამე დარბაზში კი საინტერესო ამბები ხდება. აქ ერთგვარი გამოფენა-გაყიდვაა. სხვადასხვა ქვეყნებს თავიანთი კუთხე აქვთ მოწყობილი. ასე მაგალითად, რუსეთის წარმომადგენლებს ირმის ტყავბეწვეულის ისეთი კარავი აქვთ მოწყობილი, როგორიც ჩრდილოეთ ციმბირში იციან, თან იმხელაა რომ თავისუფლად შეგიძლია შეხვიდე, რბილ ბეწვეულში მოიკალათო და კარგად გამოიძინო, ასე რომ ერთ ნაბიჯში ბათუმის სპორტკომლექსიდან „ციმბირში“ ხარ. თან თბილ, ციმბირულ ტანსაცმელში გამოწყობილი რუსები მოღიმარი სახეებით გჩუქნიან ე.წ. ჩამოსაკიდებელ სუვენირებს, რომლის წარწერები გვაუწყებენ, რომ მომდევნო, 2020 წლის საჭადრაკო ოლიმპიადას რუსეთი, კერძოდ ხანტი-მანსიისკი მასპინძლობს.

რუსების ამ ციმბირული სასახლის გვერდით, ფიდეს პრეზიდენტობის კანდიდატის. არკადი დვორკოვიჩის კუთხეა მოწყობილი, სადაც სარეკლამო პლაკატებს და სამკლაურებს გვთავაზობენ. იქვეა მთავარი კანდიდატის, ფიდეს ამჟამინდელი ხელმძღვანელის გეორგიუს მაკროპულოსის, კუთხეს, სადაც მიგიპატიჟებენ და ჭიქა ღვინოს და კონიაკს მოგართმევენ...

დღეს ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტმა ზურაბ აზმაიფარაშვილმა თავის კუთხეში მიიპატიჟა სტუმრები და ქართული სამზარეულოთი და ღვინით გულუხვად გაუმასპინძლდა. მოგეხსენებათ 3 ოქტომბერს ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტის არჩევნებიცაა და ბატონი ზურაბი ერთადერთი კანდიდატია. ბატონ ზურაბთან ინტერვიუს ხვალ შემოგთავაზებთ.

დარბაზში გავესაუბრეთ ფიდეს პრეზიდენტობის კიდევ ერთ კანდიდატს, წარსულში ცნობილ ინგლისელ დიდოსტატს ნაიჯელ შორტს, რომელმაც ბათუმში მიმდინარე საჭადრაკო ოლიმპიადის დონით აღტაცება ვერ დამალა.

ნაიჯელ შორტი: ბრწყინვალე გახსნითი ცერემონია იყო, აღტაცებული დავრჩი ქართული ცეკვებით. ეს გასაოცარი რამ იყო. ძალიან მომეწონა ბათუმი, ქართული სამზარეულოც. მოხარული ვარ, რომ ჭადრაკი ასეთი პოპულარულია საქართველოში. ქალბატონებმა ნონა გაფრინდაშვილმა და მაია ჩიბურდანიძემ თითქმის 30 წელი ატარეს მსოფლიო ჩემპიონის ტიტული.

- რამდენიმე დღეში ჩატარდება ფიდეს პრეზიდენტის არჩევნები. ამ პოსტზე გეორგიოს მაკროპულოსთან და არკადი დვორკოვიჩთან ერთად თქვენც აცხადებთ პრეტენზიას.

- ფიდეს საპრეზიდენტო არჩევნები 3 ოქტომბერს შედგება. მჯერა, სამართლიანი არჩევნები ჩატარდება. ვიმედოვნებ, რომ გავიმარჯვებ, - ჩემს გუნდში ნამდვილად პატიოსანი ადამიანები არიან და ყველაფერს გავაკეთებთ ჭადრაკის კიდევ უფრო მეტი პოპულარიზაციისათვის...

კვლავ გამოფენას დავუბრუნდეთ. აქ შეგიძლიათ შეიძინოთ ჭადრაკის კომპლექტები და საათები, სამახსოვრო სუვენირები, ატრიბუტიკა, ჩაი „გურიელი“, ქართული ღვინო, და სხვა.

დამთვალიერებელთა ყურადღება მიიპყრო ქართული ზარაფხანის წარმოდგენილმა პროდუქციამ და მათ შორის, მოოქროვილი ფიგურებით დაკომპლექტებულმა ჭადრაკმა, რომლის ღირებულება 12744 ლარია. გარდა ამისა, მოქანდაკე ტარიელ ყურაშვილმა წარმოადგინა ჭადრაკი, რომლის თეთრი ფიგურები ბზისგანაა დამზადებული, ხოლო მოწინააღმდეგე ფიგურები - ათასწლოვანი ურთმელისგან.

საჭადრაკო ციებცხელება სპორტული კომპლექსის მიდებარე ტერიტორიაზეც ვრცელდება, სადაც გაძლიერებულია უსაფრთხოების ნორმები, შენობაში შესვლის დროს, მაგიდაზე ჯერ შენს მეტალისშემცველ ავლა-დიდებას ალაგებ, შემდეგ კი სპეციალურ კაბინას გაივლი... ასე მაგალითად, ფიდეს ხელმძღვანელი გეორგიუს მაკროპულოსი შენობიდან სიგარეტის მოსაწევად გავიდა, შემოსვლის დროს კი ჩხრეკის ელექტრონული პროცესი გაიარა. ისე ამბობენ, პირველ ტურზე მოსულ ჩვენს სახელოვან სპორტსმენებს ლაშა ტალახაძესა და გიორგი ასანიძეს ჯერ ტაში დაუკრეს, შემდეგ საბუთები მოსთხოვესო... რას იზამ, კანონი, კანონია...

თენგიზ ჩობანიძე, სპეციალურად worldsport.ge-ისთვის ბათუმიდან

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117335