ჭადრაკი

0:06 | 26.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს მესამე ნაკრების მარცხი და ქალთა მთავარი გუნდის გამარჯვება

ბათუმში მიმდინარე საჭადრაკო ოლიმპიადის მეორე ტურში საქართველოს ვაჟთა მესამე ნაკრები, რომელსაც პირველი ტურის შემდეგ ქულათა მაქსიმუმი ჰქონდა, შეჯიბრების მთავარ ფავორიტს - აშშ-ს ნაკრებს შეხვდა. პირველ დაფაზე ნოე თუთისანს (რეიტინგი - 2471) მსოფლიოს ნომერ მეორე მოჭადრაკე, 2827 რეიტინგის მქონე ფაბიანო კარუანა დაუპირისპირდა. ქართველმა მოჭადრაკემ ღირსეულად იბრძოლა ძლიერ მეტოქესთან, უპირატესობაც ჰქონდა ერთ მომენტში, მაგრამ საბოლოოდ ყაიმზე შეუთანხმდა. თუთისანის ეს შედეგი მართლაც რომ დადებითია. ასევე თავგანწირვით იბრძოლეს ნიკოლოზ პეტრიაშვილმა და ნიკოლოზ კაჭარავამ - მათაც ყაიმით დაასრულეს შეხვედრები შესაბამისად სამუელ შანკლანდთან (2722) და რეი რობსონთან (2682). ლუკა ობოლაძემ დათმო შეხვედრა უესლი სოუსთან (2776). საქართველოს მესამე ნაკრები დამარცხდა 1,5:2,5, თუმცა ქულანახევრის ართმევა ისეთი ფავორიტისათვის, როგორიც აშშ-ს გუნდია, მართლაც რომ კარგი შედეგია.

საქართველოს პირველ ნაკრებს რაც შეეხება, ის შეცვლილი შემადგენლობით გამოვიდა ნორვეგიის ნაკრების წინააღმდეგ. ბაადურ ჯობავა საქართველოს მოქალაქის სტატუსის მქონე ბულგარელმა დიდოსტატმა ივან ჩეპარინოვმა შეცვალა, რომლის რეიტინგი 2715-ია. მეორე ტურის დაწყებამდე საქართველოს პირველი ნაკრების კაპიტანმა ქალბატონმა ნინო გურიელმა worldsport.ge-სთან საუბარში აღნიშნა, რომ ივან ჩეპარინოვი მნიშვნელოვნად გააძლიერებს გუნდს და ეს შედეგებშიც აისახება. „ათეულში მოხვედრა დიდი წარმატება იქნება, ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ, რათა მაქსიმალური შედეგი მივიღოთ.“

მიხეილ მჭედლიშვილი (2607) პირველ დაფაზე არუან ტერის (2618) შეხვდა და სამწუხაროდ დამარცხდა, ხოლო მეორე დაფაზე ჩეპარინოვი ოლსენ ურკედალს (2535) დაუპირისპირდა. გაქართველებული ბულგარელის დებიუტი ჩვენი ქვეყნის პირველ გუნდში წარმატებული გამოდგა -მან პირველი ქულა მოუტანა საქართველოს. ლევან ფანცულაია და დავით ჯოჯუა შესაბამისად იოჰან კრისტიანსენსა (2525) და იოჰან სალომონს (2477) დაუზავდნენ. საბოლოოდ, შეხვედრაში ფრე 2-2 დაფიქსირდა.

ჩვენი ქვეყნის მეორე გუნდმა დანიის ნაკრები დაამარცხა - 2,5:1,5. გიგა ყუფარაძის გამარჯვება იონას ბიერთან გადამწყვეტი აღმოჩნდა. ლუკა პაიჭაძე, დავით მაღალაშვილი და თორნიკე სანიკიძე დაუზავდნენ მეტოქეებს თავ-თავიანთ პარტიებში.

ერთ-ერთმა ფავორიტმა - რუსეთის ნაკრებმა (სერგეი კარიაკინი, იან ნეპომნიაშჩი, ნიკიტა ვიტიუგოვი, დმიტრი იაკოვენკო) 3:1 მოუგო ირლანდიის ნაკრებს. ყველა შეხვედრის შედეგების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანდა, რადგან ვაჟთა ტურნირში 183 გუნდი მონაწილეობს.

ორი ტურის შემდეგ 8-8 ქულა აქვთ საფრანგეთის, პოლონეთის, ჰოლანდიის, პერუს, სლოვენიის, ბრაზილიისა და ბანგლადეშის გუნდებს. საქართველოს მეორე ნაკრები 6 ქულით 31-ე ადგილზეა, პირველ ნაკრებს 5,5 ქულით 45-ე ადგილი უკავია, მესამე ნაკრებსაც ამდენივე ქულა აქვს და 58-ეა. სატურნირო ცხრილში ადგილები ქულებითა და კოეფიციენტებით ნაწილდება.

მესამე ტურში საქართველოს პირველი ნაკრების მეტოქე მონღოლეთის სუსტი გუნდია და აბსოლუტურ შედეგს უნდა ველოდოთ, ასევე სუსტი მეტოქე ჰყავს აშშ-ს გუნდთან ბრძოლაგადატანილ მესამე ნაკრებსაც -ნიკარაგუა, რაც მეორე ნაკრებს, ის ერთ-ერთ ფავორიტს - რუსეთის გუნდს დაუპირისპირდება.

ახლა რაც შეეხება ქალებს, საქართველოს პირველმა ნაკრებმა ნორვეგიის გუნდი გაანადგურა - 4:0. ეს არც იყო გასაკვირი, რადგან ნორვეგიელებს ჩვენს მოჭადრაკეებზე დაბალი რეიტინგები ჰქონდათ. დღეს პარტიები მოიგეს ლელა ჯავახიშვილმა, ნინო ბაციაშვილმა, ბელა ხოტენაშვილმა და მერი არაბიძემ.

ჩვენმა მეორე გუნდმა შვედეთინ ნაკრებს 3,5:0,5 მოუგო. მხოლოდ სალომე მელიამ პირველ დაფაზე ყაიმით დაასრულა პარტია ინა აგრესტთან. ინგა ჭარხალაშვილმა, სოფიო გვეტაძემ და მირანდა მიქაძემ გაიმარჯვეს.

საქართველოს მესამე ნაკრებმა კი გერმანიის გუნდთან ფრეს დაასრულა შეხვედრა - 2:2. პირველ დაფაზე ნინო ხომერიკმა თავისზე მაღალი რეიტინგის მქონე ელიზაბეტ პაენცს მოუგო. მარიამ ჯანიაშვილმა მარცხი იწვნია ფაილიზ ოსმანოდიასთან. ლილე ქორიძემ და თამარ ესაძემ ყაიმებს მიაღწიეს თავიანთზე ძლიერ მეტოქეებთან - შესაბამისად სარა ჰოოლტთან და იუდიტ ფუშთან.

ერთ-ერთ ფავორიტ გუნდს - უკრაინას გაუჭირდა თურქნენეთის ნაკრების დამარცხება. 2555 რეიტინგის მქონე ანა მუზიჩუკი ყაიმს დასჯერდა მარი გელდიევასთან (2139). იგივე შედეგი აჩვენეს ანა უშენინამ და იულია ოსმაკმა. მხოლოდ ნატალია ჟუკოვამ მოუტანა გამარჯვების ქულა უკრაინას.

ამ ტურში სენსაცია მოახდინეს უზბეკმა მოჭადრაკე ქალებმა, რომლებმაც ერთ-ერთი ფავორიტი რუსეთის ნაკრები დაამარცხეს 2,5:1,5. ალექსანდრა კოსტენიუკი, ალექსანდრა გორიაჩკინი და ვალენტინა გუნინა თავ-თავიანთ დაფებზე ყაიმებს დასჯერდნენ, ხოლო ნატალია პოგონინამ (2469) სულაც წააგო ნოდირა ნადირიანოვასთან (2167).

ორი ტურის შემდეგ 2-2 მოგებითა და 8-8 ქულით 8 გუნდი დაწინაურდა - ინდოეთი, აზერბაიჯანი, ვიეტნამი, რუმინეთი,კუბა, თურქეთი, საბერძნეთი და არგენტინა.

7,5 ქულით საქართველოს მეორე ნაკრები მე-9-11 ადგილებს იყოფს ჩეხეთისა და ირანის გუნდებთან. პირველ ნაკრებს 7 ქულა აქვს, ხოლო ჩვენს მესამე გუნდს - 6 ქულა.

მესამე ტურში საქართველოს პირველი ნაკრების მეტოქე საფრანგეთის გუნდია, მეორე ნაკრები - ესპანეთს ეთამაშება, ხოლო მესამე - ბრაზილიის გუნდს.

თენგიზ ჩობანიძე, სპეციალურად worldsport.ge-ისთვის ბათუმიდან

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.171519