ფეხბურთი

20:15 | 25.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ანალიტიკური პროგრამა WyScout-ის რიგით მეორე სემინარი

25 სექტემბერს, სასტუმრო „მოხალისეში“ ანალიტიკური პროგრამა WyScout-ის რიგით მეორე სემინარი გაიმართა, რომელსაც ეროვნული ლიგის, ეროვნული ლიგა 2-ის კლუბების წარმომადგენლებთან ერთად, ამავე ლიგების მსაჯები და საქართველოს ნაკრები გუნდების ანალიტიკოსები ესწრებოდნენ. სემინარზე WyScout-ის წარმომადგენლებმა ანალიტიკური პროგრამის განახლებული ვერსია წარმოადგინეს და დამსწრე საზოგადოებას დეტალურად აუხსნეს მისი გამოყენების წესები. ამას გარდა, ჩვენმა სტუმრებმა ყველა შეკითხვას უპასუხეს და დაინტერესებულ პირებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს. სემინარის დასრულების შემდეგ მონაწილეებმა და WyScout-ის წარმომდგენელმა მცირე კომენტარი გააკეთეს.

ირაკლი ბალაძე, ბათუმის "დინამო": „WyScout ძალიან კარგი და გამოსადეგი პროგრამაა, რომელიც ყველა გუნდსა და ფეხბურთელზე დეტალურ ინფორმაციას გვაწვდის. ის ძალიან დიდ ინფორმაციას გვაწვდის როგორც მოწინააღმდეგე ისე ჩვენი საკუთარი გუნდის შეასხებ. ყველა სემინარიდან გარკვეულ ინფორმაციას ვიღებთ და გამონაკლისი არც დღევანდელი შემთხვევა ყოფილა. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ასეთი ღონისძიებები რაც შეიძლება ხშირად უნდა ტარდებოდეს. რაც არ უნდა სიღრმისეულად იცნობდე საკითხს, მისი სიახლეების გასაცნობად დღევანდელი შეხვედრის მსაგვსი სემინარები აუცილებელია. დღესაც უამრავი სიახლე შევიტყვეთ, რომელზეც ვიმუშავებთ და ეს მომავალში საშუალებას მოგვცემს WyScout უფრო ნაყოფიერად გამოვიყენოთ.“

ირაკლი ჩიტაური, ეროვნული ნაკრების ანალიტიკოსი: „დღევანდელი სემინარი სამ ნაწილად ჩატარდა. პირველი ეხებოდა იმ სიახლეებს, რომელიც WyScout-მა ფეხბურთის ფედერაციასთან არსებული კონტრაქტის საფუძველზე დაამატა სამუშაო პლატფორმას. აღნიშნული სიახლეები, როგორც ნაკრები გუნდების მწვრთნელებისთვის, ისე ეროვნული ჩემპიონატის მონაწილე გუნდების მწვრთნელებისთვის საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა. მეორე ნაწილი ძირითადად შეკითხვებს დაეთმო, თუ რა პრობლემას წააწყდნენ მუშაობისას ან ხომ არ სურდათ მწვრთნელებს რაიმე სერვისის დამატება. მესამე თემა კი, რაზეც დღეს მსჯელობა შედგა Polar-ისა და WyScout-ის სისტემების გაერთიანებას ეხებოდა. ამაზე მუშაობა უკვე დაწყებულია და იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი კარგად დასრულდება.“

ვიტალი სალავიოვი, WyScout-ის წარმომადგენელი: „ჩვენთვის საქართველოში მეორედ ჩამოსვლა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ძალიან გვაინტერესებდა, როგორ შეაფასებდნენ მწვრთნელები ჩვენს პროგრამას- რა იყო მათთვის მოსახერხებელი და რა მოუხერხებელი. ამას გარდა, გვსურდა მათთვის გაგვეცნო ის სიახლეები, რომელსაც ჩვენ ვგეგმავთ. წარმოვადგინეთ სტატისტიკის ახალი გვერდი და ვუჩვენეთ, თუ როგორ უნდა გამოიყენონ ის. ახალ ვერსიაში უამრავი საინტერესო დეტალია, რომელიც ვფიქრობთ, რომ კლუბების მუშაობას უფრო გაამარტივებს.“

www.gff.ge

0.135908