საქართველოს ეროვნული ლიგის 25-ე ტური ერთობ წარუმატებელი გამოდგა ლიდერებისთვის. „საბურთალომ“ და „დინამო“ გამარჯვება ვერ მოახერხეს, მაგრამ ოდნავ კმაყოფილი მაინც ეს უკანასკნელი უნდა იყოს, რადგან ავად თუ კარგად, ქულათა ჩამორჩენა შეამცირა.
კახა კაჭარავას გუნდი ბოლნისის „სიონს“ დაუპირისპირდა და მიუხედავად იმისა, რომ 3 ქულა ჰაერივით სჭირდებოდა, ვერაფერი გააწყო. საბოლოოდ უგოლო ფრე, რამაც „საბურთალოს“ იმედი ჩაუსახა, რომ ქულათა სხვაობას გაზრდიდა, თუმცა ყველაფერი პირიქით მოხდა.
ტურის ცენტრალური მატჩი „მიხეილ მესხზე“ შედგა. ლიდერი „საბურთალო“ მოქმედ ჩემპიონ „ტორპედოს“ დაუპირისპირდა და სეზონში პირველად, ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა. მოგეხსენებათ, წინა ტურში გიორგი ჭიაბრიშვილის შეგირდები უშუალო კონკურენტ „დინამოსთან“ დამარცხდნენ და საჩემპიონო რბოლაში სიტუაცია დაიძაბა. ამჯერად, უკვე „ტორპედოსთან“ ვერას გახდნენ.
ქუთათურებმა ალბათ მიმდინარე სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარეს და სრულიად დამსახურებულად იმარჯვეს დამაჯერებლად. დასაწყისში გიორგი ქიმაძემ ივარგა და გახსნა ანგარიში, ხოლო თამაშის მიწურულს თორნიკე კაპანაძემ და არფანგ დაფემ ანგარიშს გამანადგურებელი სახე მისცეს - 0:3.
შედეგად, საჩემპიონო რბოლაში ასეთი მდგომარეობა მივიღეთ: „საბურთალო“ 56 ქულა, „დინამო“ – 52. თუმცა, საქართველოს ყველაზე ტიტულოვან გუნდს ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული და გადადებულ შეხვედრას თუ მოიგებს („ტორპედოსთან“), სხვაობა ოდენ კინკილა ქულა იქნება. წინ კი 11 ტურია, რაც იმას ნიშნავს, რომ გადაწყვეტილი არაფერია.
„სიონი“ – „დინამო“ 0:0 (0:0)
„საბურთალო“ – „ტორპედო“ 0:3 (0:1)
გოლები: 0:1 ქიმაძე (14), 0:2 კაპანაძე (75), 0:3 დაფე (84)