ჭიდაობა

12:47 | 23.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

თურმანიძე ფინალშია, ურთაშვილმა ბრინჯაო მოიპოვა

სლოვაკეთის ქალაქ ტრნავაში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ჭიდაობაში საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი რამაზ თურმანიძე (61 კგ.) ფინალში გავიდა და დღეს, ოქროს მედლისთვის იბრძოლებს.

თურმანიძე ტურნირში მერვედფინალიდან ჩაება და ბულგარელი ჰუსეინ სულეიმან ბეკირი 14:3 დაამარცხა, მეოთხედფინალში სამხრეთკორეელ მინსუ ჩოს 10:2 სძლია, ნახევარფინალში კი ყაზახ სირბაზ ტალგატსაც იოლად აჯობა – 10:0. გადამწყვეტ შერკინებაში თურმანიძის მეტოქე რუსი აბასგაჯი მაგომედოვი იქნება.
კვარცხლბეკზე ასვლა მოახერხა ზურიკო ურთაშვილმა (97 კგ.). მან ბრინჯაოს მედალი თურქ ფეიზულა აკტურკთან ჭიდილში მოიპოვა – 9:3. მანამდე, ზურიკომ ჩინელი ქირუი ბინი (11:0) და თურქმენი ზიამუჰამეტ საპაროვი (10:0) დაამარცხა, მეოთხედფინალში მომავალ ჩემპიონ რუს მაგომედხან მაგომედოვთან 0:11 წააგო, რეპეშაჟში კი ირანელ საჯად აზიზის 8:6 სძლია.
ბრინჯაოს მედლის აღების შანსი აქვს დემურ მეგენეიშვილსაც (86 კგ.), რომელმაც გზიდან ჩეხი ვოიცეხ პისკორი (10:0) და ებრაელი ური კალაშნიკოვი (11:0) ჩამოიცილა, მეოთხედფინალში კი მომავალ ფინალისტ თურქ არიფ ოზენთან 0:11 დამარცხდა. ქართველი ფალავანი რეპეშაჟში რუს ალიკ შებჟუკოვსა და ამერიკელ ლუ ჯონ დეპრეზს შორის უმჯობესს გაეჯიბრება და თუ იმარჯვა, ირანელ სეიედაბოლფაზი ჰაშემიჯოიბარისთან ჭიდილი ელის.
გოგა ძიგუა (57 კგ.) რეპეშაჟში ყირგზი ბეკბოლოტ მირზანაზარ უულუსთან 8:18 დამარცხდა, გიორგი ელბაქიძე ამავე ეტაპზე უკრაინელ ერიკ არუშანიანს ვერ გაუმკლავდა (0:13). უმედლოდ დაასრულეს ასპარეზობა ივერიკო ჯულაყიძემ (70 კგ.), გოგა მამიაურმა (74 კგ.), თორნიკე კვინიკაძემა (79 კგ.), ბექა ნადაშვილმა (92 კგ.) და ალექსი ჟორჟოლიანმაც (125 კგ.).

0.124715