ფეხბურთი

3:00 | 23.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგა: მადრიდული გრანდების დაგეგმილი 3 ქულა

ლა ლიგის მეხუთე ტურის მეორე სათამაშო დღეს ხუთი შეხვედრა გაიმართა. დაგეგმილი გამარჯვებები მოიპოვეს მადრიდულმა გრანდებმა, „რეალმა“ და „ატლეტიკომ“.

„რეალი“ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ „ესპანიოლს“ დაუხვდა და მინიმალური სხვაობით იმარჯვა. ერთადერთი გოლი 41-ე წუთზე გავიდა: მოდრიჩისგან ბურთი ასენსიოს მიუვიდა, რომელმაც მახვილი კუთხიდან დიეგო ლოპესს შანსი არ დაუტოვა და ყოფილ გუნდს გაუტანა. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად მატეუ ლაოსმა თამაშგარის გამო გოლი არ ჩათვალა, თუმცა ვიდეორეფერთან გადამოწმების შემდეგ, ესპანელმა მსაჯმა ხელი მოედნის ცენტრისკენ გაიშვირა.

მეორე ნახევარში ანგარიშის შეცვლა ორივე გუნდს შეეძლო. ლუკა მოდრიჩს და სერხიო რამოსს დიეგო ლოპესმა რთული ბურთები აუღო, ხოლო 65-ე წუთზე სტუმართა ფორვარდს ბორხა იგლესიასს ძალიან არ გაუმართლა: მან რამოსის შეცდომით ისარგებლა, ბურთი აართვა და მეკარესთან პირისპირ გავიდა, რომელსაც დიდოსტატურად გადაუგდო თავზე, მაგრამ ბურთი ხარიხამ მოიგერია - 1:0.

„ატლეტიკო“ გასვლაზე „ხეტაფეს“ დაუპირისპირდა და კასტილიურ დერბიში დამაჯერებლად იმარჯვა. „როხიბლანკომ“ ტომას ლემარის მშვენიერი თამაშის წყალობით იმარჯვა. ფრანგმა შემტევმა მე-14 წუთზე შორიდან უძლიერესად გაისროლა, ბურთი ხარიხამ უკუაგდო, ნახტომის შემდეგ მიწაზე მყოფ დავიდ სორიას მოხვდა და ისე შევარდა, ხოლო მე-60 წუთზე ტომასმა მცველის შეცდომა შეირგო, მეკარეც ჩამოიშორა და მახვილი კუთხიდან „ატლეტიკოს“ მაისურით პირველი გოლი გაიტანა - 0:2.

„ალავესი“ მადრიდში „რაიო ვალეკანოს“ ეწვია და მოულოდენლად, ოთხბურთიანი სხვაობით გაანადგურა. მასპინძლებს 35-ე წუთზე, როდესაც 1:2 იყო ბა გაუძევეს და მეორე ტაიმში ბასკებმა სამი უპასუხო ბურთი გაიტანეს.

„ეიბარმა“ კიკეს გოლით შინ „ლეგანესი“ დაამარცხა, ხოლო „ესტადიო ბალაიდოსზე“ გამართული „სელტას“ და „ვალიადოლიდის“ დაპირისპირება ექვსგოლა ფრედ დასრულდა: მასპინძლები მთელი თამაშის განმავლობაში იგებდნენ, თუმცა 94-ე წუთზე ლეონარდო სუარესმა კასტილიელებს ქულა გადაურჩინა.

ეიბარი - ლეგანესი 1:0 (0:0)

გოლი: კიკე (52)

სელტა - ვალიადოლიდი 3:3 (2:1)

გოლები: 1:0, 3:1 ასპასი (5; 54), 2:0 მ.გომესი (9), 2:1 პლანო (39), 3:2 უნალი (65), 3:3 ლ.სუარესი (94)

რაიო ვალეკანო - ალავესი 1:5 (1:2)

გოლები: 0:1 ხ.ნავარო (8), 1:1 დე ტომასი (30), 1:2, 1:4 იბაი (34; 77), 1:3 კალერი (56), 1:5 ბურგუი (95)
გაძევება: ბა (35 რ.)

ხეტაფე - ატლეტიკო 0:2 (0:1)

გოლები: 0:1 სორია (14 ს.კ.), 0:2 ლემარი (60)
გაძევება: ალეხო (67 ხ.)

რეალი - ესპანიოლი 1:0 (1:0)

გოლი: ასენსიო (41)

თეგებილა ლიგა
სტატისტიკა
0.260325